ასკილის ყვავილები ვარდს ჰგავს და არამხოლოდ ლამაზი და არომატული, არამედ სასარგებლოცაა, თანაც, თავად ასკილის ნაყოფის მსგავსად. რისი მომზადება შეიძლება ასკილის ყვავილებისგან? მაგალითად, ვარდის წყლის.
ვარდის წყლის მომზადება საკმაოდ მარტივია, ამიტომ, კლეოპატრის დროიდან, ესაა მოთხოვნადი და პოპულარული კოსმეტიკური საშუალება – ბუნებრივი და ნაზი ტონიკი და ანტისეპტიკი ერთ ფლაკონში. ქარხნული ვარდის წყალი ვარდის ზეთის წარმოების ნარჩენი პროდუქტია. ბულგარეთში ამბობენ, რომ ვარდის ზეთი ოქროზე უფრო ძვირია. გასაკვირი არცაა – 1 კგ ვარდის ეთერზეთის მისაღებად, ხელით უნდა შეგროვდეს 1 ტონა ყვავილის ფურცლები. ამისთვის იყენებენ ძველი სახეობის ვარდებს: r. damascena, r. sempervirens, r. moschata, r. centifolia.
ფურცლები მაშინვე გროვდება, როგორც კი ვარდი გაიშლება – მზის ამოსვლისას. ამ დროისთვის ისინი ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. შეგროვებისთანავე, მათ ათავსებენ სახდელ კუბებში, რათა არომატი არ დაიკარგოს და დუღილის პროცესი არ დაიწყოს. შემდეგ წყალდასხმული ფურცლებისგან ხდიან დისტილიატს, რომელიც ყოფს ვარდის წყალსა და ზეთს ერთმანეთისგან, ეს უკანასკნელი კი ძალიან მცირე რაოდენობით ამოდის ზედაპირზე. თუმცა, მოხერხებულ ქალბატონებს ვარდის ფურცლების ნაყენის მომზადება დამოუკიდებლად შეუძლიათ.
საბაზისო რეცეპტი
2 ს.კ. წვრილად დაჭრილ ასკილის ფურცლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეახვიეთ ჭურჭელი ხაოიან პირსახოცში, დააყენეთ 20-30 წუთით, გადაწურეთ და ჩაასხით ფლაკონებში (300 მლ ნაყენი 1 კვირას გეყოფათ). ერთკვირიანი მარაგი შეგიძლიათ მაცივრის კარზე შეინახოთ, შემდეგ კი ახალი უნდა მოამზადოთ. ხანგრძლივი შენახვისთვის შეგიძლიათ ყინულის ფორმებში ჩაასხათ და გაყინოთ.
ვარდის ყინული
ასკილის ფურცლებს 1 დღით დაასხით ცივი მინერალური წყალი, გადაანაწილეთ ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ამ ჯადოსნური კუბებით დილით გაიწმინდეთ სახე, დაბანის შემდეგ. წყლის შერჩევის დროს, იხელმძღვანელეთ კანის ტიპით: ციმიანი და პრობლემური კანისთვის შეარჩიეთ მარილებით გაჯერებული წყალი, ნორმალური და მშრალი კანისთვის კი შემადგენლობით ნეიტრალური წყალი იქნება შესაბამისი. ბოთლში წყალი კარგად შეანჯღრიეთ, გადაღვარეთ ქვებში და გააჩერეთ 30-40 წუთით, ნახშირორჟანგის შემცველობის შესამცირებლად.
სპირტიანი ლოსიონი
1 ჭიქა ფურცლებს დაასხით 1 ჭიქა არაყი გაუმჭვირვალე ბოთლში, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ ადგილას ორი კვირით. შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ფლაკონებში. შეინახეთ ლოსიონი მაცივრის კარზე.
ძველ დროს ვარდის წყლით აბაზანებს იღებდნენ: ეს კანს სიმკვრივეს, ელასტიურობას, სიგლუვეს ანიჭებს. აგრეთვე, ასეთი აბაზანა ატენიანებს თავის კანს, ხსნის ანთებით პროცესებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას.
თუმცა, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვარდის წყალი ძველი დროიდან არამხოლოდ კოსმეტიკური, არამედ გასტრონომიული მიზნებითაც გამოიყენება, რაც აღმოსავლურ ტკბილეულს განსაკუთრებულ დახვეწილობას ანიჭებს. მაგალითად, ინდური ტკბილი ბურთულები “გულაბჯამუნები” სწორედ ვარდის წყლით დამზადებული სიროფიტ ირწყვება. ასეთი სიროფის მომზადება კი საკმაოდ მარტივია.
ვარდის სიროფი
სიროფისთვის ასკილის ან ვარდის ფურცლებიც დილით უნდა დაკრიფოთ. მცენარის სახეობას აქ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ იყოს მწარე. ამის განსაზღვრა მარტივია – უბრალოდ ჩაკბიჩეთ ყვავილის ფურცელი. ყვავილის სიმწარეზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: სახეობა, ნიადაგი, კლიმატური პირობები. ხანდახან, საკმარისია ფურცლებიდან ქვედა ნაწილების ჩამოჭრა, მწარე გემოს მოსაშორებლად.
შესაფერისი ფურცლების შეგროვების შემდეგ, ჩაყარეთ ისინი შუშის ჭურჭელში, სწორ ფენებად, თითოეულ ფენას მოაყარეთ შაქარი და ოდნავ დატკეპნეთ. შემდეგ შეინახეთ ბნელ გრილ ადგილას. ცოტა ხნის შემდეგ, ფურცლები გამოყოფს წვენს და თქვენ მიიღებთ სურნელოვან და გემრიელ სიროფს, რომლითაც შეგიძლიათ შერბეთის, კომპოტის, კენკრის სოუსების დატკბობა. და, რა თქმა უნდა, ნაყინთან ერთადაც ძალიან გემრიელია.