ვირისტერფა: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

0
3638
ფოტო: Andreas Trepte on wikimedia

ვირისტერფა სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცენარედ ხველისა და მკერდის არის დაავადებების სამკურნალოდ. მისი მოკრეფა და მომზადება ძალიან მარტივია. ძირს დაიხედეთ – ფეხქვეშ ნამდვილ საგანძურს იპოვით.

ვირისტერფას ლათინური დასახელება სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც “ხველის მდევნელი”. ეს შემთხვევითი არაა. მცენარე გვეხმარება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების (ზედა სასუნთქი გზების ანთების, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ასთმის, ფილტვების ანთების) სამკურნალოდ. ვირისტერფა შესანიშნავად ათხელებს სისველეს და ამსუბუქებს “ჩამოფხრეწილი” ყელის მდგომარეობას მშრალი ხველის დროს, რაც მას პოპულარულ ხალხურ საშუალებად აქცევს ხალხურ სამკურნალო საშუალებებს შორის. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანგრძლივი გაციების დროს, რამდენადაც შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტი აქვს.

გარდა ამისა, ხმელი ფოთლების ჩაი ასტიმულირებს მადას და საერთოგამაძლიერებელ საშუალებად ითვლება. ხოლო ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას (ალოეს მსგავსად). ნედლი ფოთლების კომპრესი რეკომენდებულია ფურუნკულებსა და ნაკაწრებზე, ხოლო მარლაში გადაწურული ფოთლების ფაფა – ჭრილობებსა და კოჟრებზე.

თუ თითო ნესტოში თითო წვეთ წვენს ჩაიწვეთებთ, ხანგრძლივი სურდოსა და ქრონიკული რინიტის დროს ცხვირის შეგუბებას შეამსუბუქებს. ახლა ხშირია სამკურნალო სიგარეტები, რომლებშიც, თამბაქოს ნაცვლად, სამკურნალო მცენარეების ფოთლებს იყენებენ. მათი მოწევა გვეხმარება ქოშინისა და სუნთქვის გართულებების დროს.

ვირისტერფას სამკურნალო რეცეპტები

სამკურნალო მიზნებით, ივნისში-მაისის დასაწყისში ხელით აგროვებენ ფესვთან ახლომდებარე ფოთლებს, ძირითად ღეროსთან ერთად. ისინი უნდა იყოს გარეგნულად ჯანმრთელი და გლუვი გარე მხრიდან. ახალგაზრდა და ორი მხრიდან დახრილი ფოთლები უვარგისია.

ფოთლები დაალაგეთ მარლაზე 1 ფენად (პერგამენტზეც შეიძლება) და გამოაშრეთ სხვენში. მშრალ ამინდში შეგიძლიათ გარეთაც გაიტანოთ – ფანჩატურის ქვეშ, ნახევარჩრდილში. მზაობა ასე უნდა შემოწმდეს: ფოთლები უნდა იყოს მყიფე, მარტივად უნდა იფშვნებოდეს და ჰქონდეს გამხმარი თივის სასიამოვნო არომატი.

როცა ვირისტერფას ფოთლები გამოშრება, დააქუცმაცეთ ისინი და გადაანაწილეთ ჰერმეტულ ქილებში. ფოთლები ასე 3 წელი ინახება, ბნელ კარადაში, სამზარეულოს ქურისგან შორს.

ვირისტერფა შეგიძლიათ მიირთვათ:

ნედლი ფოთლები მდიდარია ასკორბინის მჟავით. მათი გამოყენება შეგიძლიათ მსუბუქი წვნიანის მოსამზადებლად, ჭინჭართან ერთად.

გარდა ამისა, ვირისტერფასგან გამოდის არაჩვეულებრივი ვიტამინებით სავსე სალათები, ხელმისაწვდომ ბოსტნეულთან ერთად: კიტრი, სტაფილო, პომიდორი…

ეცადეთ, პესტოს სოუსის მომზადებისას რეჰანი ვირისტერფათი ჩაანაცვლოთ. უბრალოდ, მომზადებამდე სასურველია ფოთლების ბლანშირება, ზედმეტი სიმწარის მოსაშორებლად. ასე მიიღებთ საყვარელ სოუსს ტყის ვიტამინებით.

ხველის სამკურნალო კანფეტები

2 ს.კ. ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. გადაწურეთ და გამოიყენეთ ნახარში კანფეტების მოსამზადებლად.

ამისთვის პატარა ქვაბი დაგჭირდებათ. ჩაყარეთ მასში 1 ჭიქა შაქარი და გააცხელეთ ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ. როცა შაქარი გაოქროსფერდება, დაუმატეთ ნახარში ისე, რომ შაქარი ოდნავ გადაფაროს. მუდმივად ურიეთ, გააჩერეთ სიროფი ცეცხლზე გასქელებამდე, სანამ წელვადი არ გახდება. გადაასხით პატარა ფორმებში და გააგრილეთ.

ვირისტერფა შეგიძლიათ დალიოთ:

სპაზმოლიტიკური ნაყენი ვირისტერფათი

1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 30 წუთით. მიირთვით 1 ს.კ. დღეში 4-6-ჯერ, ჭამის წინ.

ბრონქიტის სამკურნალო ნაყენი

1 ს.კ. ვირისტერფას ფოთლები, 1 ს.კ. გვირილას, 2 ს.კ. ორფერი, 1/2 ს.კ. თავშავას ფოთლები და ყვავილები შეურიეთ. გადადეთ თერმოსში 2 ს.კ. საერთო ნაკრები. დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით თბილი, 50 მლ ოდენობით ჭამის წინ, არანაკლებ ექვსჯერ დღეში. ღამით მოამზადეთ ახალი ულუფა და დალიეთ უკვე 150 მლ, საღამოს ჩაის ნაცვლად (შეგიძლიათ, თაფლი დაუმატოთ).

ამოსახველებელი ნაყენი

აიღეთ 2 ს.კ. თავშავა, 4 ს.კ. ტუხრის ფესვი (დაფქული), 4 ს.კ. ვირისტერფას ფოთლები და მოურიეთ. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 20 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

თმის გამაძლიერებელი ნახარში

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭრის, ვირისტერფას ფოთლები და კოთხოჯის ფესვი. ერთ გავლებაზე დაგჭირდებათ 6 ს.კ. მასა, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. გადაასხით თერმოსში და დააყენეთ 1 საათით. გადაწურეთ და გამოიყენეთ დაბანილი თმის გასავლებად, კვირაში სამჯერ, 1 თვის მანძილზე.

ვირისტერფას უკუჩვენებები

ვირისტერფას მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის, ლაქტაციის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების, ღვიძლის დაავადებების დროს. მისი წვენი ბავშვებში კანის უმნიშვნელო გაღიზიანებას იწვევს.

ფოთლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც, თეორიულად, დიდი დოზით შეიძლება ტოქსიკური იყოს და შეცვალოს გულისცემის რიტმი. ამიტომ, მკურნალობის კურსი 3 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი