სურნელოვანი მცენარეების სია ბინისთვის

765

სახლში ოთახის მცენარე თითქმის ყველას გვაქვს. ითვლება, რომ ისინი შენობის ატმოსფეროზე დადებით გავლენას ახდენენ, კერძოდ ჰაერს წმენდენ. ჩვენ მცენარეს ვირჩევთ მიმზიდველი ფოთლების, კვირტების და ყვავილობის, ასევე ამტანობის და უპრეტენზიობის მიხედვით. ვამოწმებთ, მცენარე სახლის პირობებს შეეფერება თუ არა.

აი, იმის შესახებ, რომ ბევრმა მცენარემ სასიამოვნო ან არც თუ ისე კარგი არომატით შეიძლება გაგვაოცოს, ხშირად გვავიწყდება. არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნაზი, დახვეწილი ან, პირიქით, მძიმე და დამთრგუნველი, ზოგჯერ ძალიან უსიამოვნო არომატი სახლში ატმოსფეროს კარდინალურად ცვლის.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი ოთახის მცენარეების ქონა ღირს, თუ აჟურულ ფოთლებთან ან ლამაზ ყვავილებთან ერთად კარგი სურნელის მიღებაც გსურთ. თითოეულ მათგანს თავისი, განუმეორებელი სურნელი აქვს!

არომატული მცენარეები

1. ყავა

დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ყავა. საქმე სასმელს არ ეხება! შინაურული ყავა უხვად მოყვავილე ახალი კომპაქტური ჯიშების გამოყვანით კვლავ მოდაში შემოდის. აყვავილებული ყავის არომატი ძილიანობას აფრთხობს, დაღლილობას აქრობს, შემოქმედებით შესაძლებლობას ზრდის, სამუშაო განწყობას ქმნის, მეხსიერებას და აზროვნებას ააქტიურებს.

ერთ-ერთი საუკეთესო „დილის“ არომატია. საძინებელ ან სასტუმრო ოთახში ყავის ხის დადება გონივრული არაა. აი, სამზარეულოში ან სამუშაო კუთხეში, ფანჯრის რაფაზე ყავის პატარა ქოთანი ერთ ჭიქა საყვარელ, სურნელოვენ სასმელზე არანაკლებ სასწაულს მოახდენს.

2. ნემსიწვერა

ნემსიწვერას ბევრი სახეობა ნაზი და მსუბუქი არომატით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერ შენობას სიჯანსაღეს შემატებს. მისი სურნელი გაძლიერდება, თუ სამხრეთ მხარეს გაზრდით ან კარგი განათებით უზრუნველყოფთ. ყველაზე ძლიერი სურნელი მუქი, კერძოდ შინდისფერი ან მუქი წითელი ფერის ყვავილების მქონე ნემსიწვერას აქვს.

3. ციტრუსი

ლიმონი, ფორთოხალი, თურინჯი, მანდარინი – მათ სახლის პირობებში ხშირად ზრდიან. მცენარის ყველა ნაწილს (ფოთოლი, ყვავილი, ყლორტი) სასიამოვნო არომატი აქვს. განსაკუთრებით ტკბილი და ზღაპრული სურნელით აყვავებული მანდარინი გამოირჩევა, მაგრამ ციტრუსის ოჯახის სხვა წარმომადგენლები გაჯერებული, სიცოცხლით აღსავსე და დადებითად მოქმედი არომატის კომბინაციით გვაოცებენ.

ერთადერთი მინუსი – ასეთი მცენარის ყვავილობის მიღწევა საკმაოდ რთულია. სუბტროპიკულ მცენარეებს მზე და სითბო უყვართ, ხოლო სიბნელეს და ორპირ ქარს ვერ იტანენ.

4. მირტი

მირტი ჰაერში გამოყოფს ეთერზეთს, რომელსაც ძლიერი ბაქტერიოციდული და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. როგორც ოლეანდრი, მირტი ერთ-ერთ საუკეთესო სედატიურ არომატს ფლობს. უფრო აგრესიული კოლეგისგან განსხვავებით მირტი ნაზად მოქმედებს და პრაქტიკულად ყველას უხდება.

მცენარე სურდოს დაავადების პროფილაქტიკას ხელს უწყობს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს, ასევე მოდუნებას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევას იწვევს, დაღლილობას და სტრესის შედეგებს თავიდან აგაცილებთ.

5. ვარდი

ოთახის სახეობის ვარდის აღმაფრთოვანებელი არომატი არა ნაკლებ იგრძნობა. უფრო მეტიც, უხვი ყვავილობის, კომპაქტური ზომის ბუჩქის და შენობაში შეზღუდული ჰაერის გამო ეთერზეთები უფრო ძლიერ იგრძნობა და არომატი მეტად გამოხატულია.

აყვავებული ვარდის სურნელი დაძაბულობას, დაღლილობას და ნერვიულობას აქრობს, საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას ზრდის. მუდმივი ზემოქმედებით ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას ხელს უწყობს, მადას ამცირებს, სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

6. ჟასმინი

მომხიბლავი ჟასმინი როგორც ბაღში, ასევე ოთახის პირობებში შეგიძლიათ გაზარდოთ. სხვადასხვა სახეობის არომატი განსხვავდება: მსუბუქი ყვავილოვანიდან ძლიერ სურნელამდე. ზოგიერთ სახეობას მომაბეზრებელი სურნელი აქვს, ასეთი ჟასმინი სჯობს ღია სივრცეში ან ყვავილების გალერეაში დარგოთ.

სახლისთვის ყველაზე უკეთ გამოგადგებათ მსხვილ ყვავილოვანი ჟასმინი. ზრდასრული მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომაზე მსხვილი, თეთრი ყვავილებით ყვავის და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. სწორედ ამ ყვავილებს უმატებენ მწვანე ჩაის ჟასმინის ამ სახეობის სამრეწველო გაშენების დროს.

7. მურაია

მურაია სახლებში იშვიათად გვხვდება. პატარა ბუჩქს მარტივად შეგიძლიათ პატარა ხის ფორმა მისცეთ. ძალიან არომატული, თეთრი ფერის და თითქოს ცვილით დაფარული ყვავილები აქვს. ყვავილობა მთელი შეიძლება გაგრძელდეს.

ყვავილს ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟასმინის სურნელი აქვს. არომატი მდგრადი და საინტერესოა. თუ ბევრი ყვავილი აქვს, სჯობს ქოთანი ისეთ ოთახში გაიტანოთ, არ იძინებთ და ბევრ დროს არ ატარებთ.

ასეთი ქოთნები ერთ-ერთი საუკეთესო არომატიზატორებია. მათ შეუძლიათ სახლი ტკბილი ღრუბლებით დაფარონ. ნამდვილად იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწორ შერჩევას, რადგან ჩვენს განწყობაზე და შრომისუნარიანობაზე გავლენას ახდენენ.

ცალკე აღსანიშნია, რომ არომატული მცენარის შეძენისას აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, თუ რომელი მცენარე სად მოათავსოთ. სურნელოვანი ყვავილები საძინებელში სჯობს არ გააჩეროთ. არომატული მცენარეები სხვა ოთახებისთვის სწორად უნდა შეარჩიოთ.

სუნები განწყობაზე გავლენას ახდენენ. ზოგი ამშვიდებს, ზოგი, პირიქით, მხნეობას და ენერგიას გვმატებს. რომელი ოთახისთვის გამოიყენოთ მცენარე, ამას საკუთარი შეგრძნება გიკარნახებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს