როგორ უმკლავდებიან ნაცროვან სოკოს გამოცდილი მებაღეები

0
4088
ფოტო: Mariluna on wikipedia

როგორც აღმოჩნდა, იოდი არა მხოლოდ მტკივნეულ მუხლებს შველის, არამედ მოსავალს მავნებლებისგან იცავს! მას შეუძლია მცენარეს ფიტოფტოროზი და ნაცროვანი სოკო მოაშოროს,  ფესვების და ნაყოფის ლპობისგან დაიცვას, ნერგი გამოკვებოს და მოსავალი გაზარდოს.

„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რით არის სასარგებლო იოდი მცენარეებისთვის და გთავაზობთ, ყველაზე პოპულარულ ხალხურ მეთოდებს აგარაკზე იოდის გამოსაყენებლად.

იოდი მცენარეებისთვის

იოდი მცენარეების ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურ მიმდინარეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ცალკეული ამინომჟავების და ცილების (მის შემადგენლობაში შედის) სინთეზში მონაწილეობს. ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც სუნთქვაში, ფოტოსინთეზსსა და აზოტურ ცვლაში მონაწილეობს.

ეს მიკროელემენტი უამრავი სოკოს, ვირუსის და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ აქტიურია. განსაკუთრებით ეფექტურია ფიტოფტოროზის, სხვადასხვა ლპობის და ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ. იოდი მცენარეს ნორმალური განვითარების, კვირტობის და ნაყოფის მიღებისთვის სჭირდება.

მისმა დეფიციტმა შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიმართ მცენარის გამძლეობის უნარი შეამციროს. იოდის დეფიციტის მიზეზი შეიძლება ნიადაგში ამ ელემენტის არასაკმარისი რაოდენობა იყოს. განსაკუთრებით ეს ეხება ტორფის და ეწერიან ნიადაგს, მსუბუქ ქვიშნარს, ასევე ორგანული დეფიციტის სუბსტრატს.

იოდისთვის არახელსაყრელია ზედმეტად მჟავე ნიადაგი – მასში იოდი დაუყონებლივ ქვედა ფენებში გადადის და მცენარისთვის ხელმიუწვდომელი რჩება. ბუნებრივი იოდი დიდი რაოდენობით გვხვდება შავ, ნაყოფიერ მიწაში, დაბალ და განსაკუთრებით სანაპირო რეგიონებში.

ვიზუალურად, მცენარეში ამ მიკროელემენტის დეფიციტის გამოვლენა რთულია, რადგან მისი დეფიციტის ნიშნები პირობითია. ზოგიერთი ნიშანი კი სხვადასხვა დაავადებას, მავნებლის მოქმედებას და მცენარის გაყინვას ემთხვევა.

სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია პროფილაქტიკური გამოკვება იოდით – ეს ზედმეტი არ იქნება და მცენარეს ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს.

ნერგების გამოკვება იოდის ხსნარით

ნერგების იოდით მორწყვა მათ სწრაფ და მეგობრულ გაზრდას, ასევე ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს. განვითარების ნაადრევ სტადიაზე ამ მიკროელემენტის გამოყენება არახელსაყრელი გარემოს და სხვადასხვა დაავადებების მიმართ მაღალ გამძლეობას უზრუნველყოფს.

იოდის ხსნარით გამოკვება კარგია პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, ბადრიჯნის და კომბოსტოს ნერგებისთვის. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად 1 წვეთი იოდი 3 ლ წყალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ხსნარით მცენარე ფესვებთან მორწყეთ. ნერგების იოდით გასამდიდრებლად ასეთი ერთჯერადი მორწყვა საკმარისი იქნება.

რედაქციის რჩევა

მცირე რაოდენობით იოდის სპირტიანმა ხსნარმა შეიძლება მცენარე დაწვას, განსაკუთრებით ახალგაზრდა. სწორედ ამიტომ, იოდით ყოველგვარი მანიპულაციის დროს ყურადღებით იყავით, რომ ხსნარი მცენარის ღეროსა და ფოთლებზე არ მოხვდეს. დანამვის დროს დოზირება ზუსტად დაიცავით.

იოდი ფიტოფტოროზის საწინააღმდეგოდ

ფიტოფტოროზი ძაღლყურძენთა კულტურისთვის სახიფათო დაავადებაა. დაავადების გამომწვევი სოკო მცენარეში ნიადაგიდან, სარეველებიდან და სამუშაო ინსტრუმენტებიდან ხვდება.

განსაკუთრებით ხშირად ავადდება პომიდორი და კარტოფილი გრილ, ნესტიან ამინდში. მცენარის შეფუთვა ფიტოფტოროზისგან ვერ დაგიცავთ. არა მხოლოდ ფოთლები, არამედ ნაყოფი და ძირნაყოფიც ზიანდება.

პომიდორზე ფიტოფტოროზის პირველი ნიშნებია ყავისფერი ლაქები ფოთლების შიდა მხარეს. პათოგენის ზემოქმედებით ფოთოლი თანდათანობით შეიძლება გაყვითლდეს და გახმეს. ფიტოფტოროზისგან პომიდვრის დასაცავად იოდის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აღმონაცენების გამოჩენიდან ზუსტად 3 კვირის შემდეგ ახალგაზრდა მცენარე 15 წვეთი იოდის, 10 ლ წყლის და 1 ლ უცხიმო რძის ნარევით დანამეთ. ასე 2 კვირიანი ინტერვალით შეგიძლიათ 2-3-ჯერ დაამუშაოთ.

იოდი ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ

ნაცროვანი სოკო მებაღეებისთვის ნამდვილი უბედურებაა. ის ხშირად აზიანებს მოცხარს, ხურტკმელს და კოწახურს, ასევე კიტრს, პომიდორს და გოგრას. თავს ესხმის ნაზ ვარდს, ფლოქსს, იორდასალამს და ქრიზანთემას.

ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ გამოგადგებათ 1 მლ იოდის და 1 ლ უცხიმო რძის ან შრატის ნარევი 9 ლ წყალზე (ხსნარს შეგიძლიათ 1 ს/კ თხევადი საპონი დაუმატოთ). დაავადების გაქრობამდე ყოველ 2 კვირაში შეგიძლიათ ამ ხსნარით დანამოთ.

იოდის ხსნარით დამუშავების „გვერდითი“ ეფექტი შეიძლება იყოს უხვი ნაყოფიერება. ნაცროვანი სოკოს გარეშეც კიტრის და ყაბაყის იოდის ხსნარით დამუშავება ურიგო არ იქნება.

იოდი მავნებლების საწინააღმდეგოდ

ისეთ მავნებლებს, როგორიცაა მაისის ხოჭოს ჭიები, იოდით დამუშავება აშინებთ. მათთან საბრძოლველად გამოიყენეთ ასეთი ხსნარი: 20 მლ იოდი 10 ლ წყალზე. თითოეული ბუჩქი 1 ლ ხსნარით მორწყეთ.

თუ ჭიები მოცხარის ახალგაზრდა ბუჩქებს აზიანებენ, მსგავსი ხსნარი გამოიყენეთ: 5 ლ ხსნარი თითოეულ ბუჩქზე, 2-ჯერ გაზაფხულის და შემოდგომის სეზონზე.

თუ ხედავთ, რომ მცენარე ჭკნება, კვდება, 5 დღიანი ინტერვალით 3-ჯერ ასეთი იოდის ხსნარით მორწყეთ: 20 მლ იოდი 10 ლ წყალზე. საღამო ხანს მორწყეთ და ეცადეთ, რომ ფოთლებზე ხსნარი არ მოხვდეს.

პროფილაქტიკა ცხვირგრძელას გაჩენის საწინააღმდეგოდ – მარწყვი ნაადრევ გაზაფხულზე (როცა ნიადაგი ჯერ კიდევ თოვლით დაფარულია) 1 ჩ/კ იოდის და 10 ლ წყლის ნარევით დაამუშავეთ.

იოდი როგორც მცენარეების სასუქი

მცენარეებისთვის იოდი არა მხოლოდ ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული საშუალება, არამედ დამატებითი უნივერსალური საკვებია. ასეთი გამოკვება უხდება კომბოსტოს, კიტრს, პომიდორს, წიწაკას და ბაღის მარწყვს.

პომიდვრის, კიტრის და წიწაკის გამოსაკვებად 40 წვეთი იოდი 10 ლ წყალს აურიეთ. 0,5 ლ ხსნარი თითოეულ მცენარეს პირველი ყვავილების გამოჩენის შემდეგ დაუმატეთ. იოდით გამოკვება 3-4 კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ამავე ხსნარით, თითოეულ მცენარეზე 1 ლ, შეგიძლიათ კომბოსტო თავების ფორმირების დასაწყისში მორწყათ (გამოკვებეთ უხვი მორწყვის შემდეგ).

იოდი ოთახის მცენარეებისთვის

შეიძლება თუ არა იოდის გამოყენება არა მხოლოდ ბოსტნეულისა და მწვანილისთვის, არამედ ოთახის მცენარეებისთვის? რა თქმა უნდა, ასეთი გამოკვება განსაკუთრებით გაახარებს სუსტ მცენარეებს, რომელთაც ყვავილობისთვის ძალა არ ყოფნით. იოდით მორწყვა მხოლოდ სველ ნიადაგზე ხდება, სასურველია, ქოთნის კედლებთან ახლოს მორწყათ, რომ მცენარის ფესვები არ დაწვათ.

როგორც ხედავთ, გონივრული დოზით იოდი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ოთახის და ბოსტნის მცენარეებსაც გამოადგება. სამედიცინო პრეპარატი სასუქის და სამკურნალო საშუალების სახით რეკომენდებულია. მთავარია, დოზირება და გამოყენების წესები დაიცვათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი