საკვები პროდუქტები თავის ტკივილების წინააღმდეგ

284
ფოტო: Andrea Piacquadio: Pexels

თავის ტკივილი შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, იქნება ეს ძილის უკმარისობა, კუნთების გადატვირთვა, კისრის ოსტეოქონდროზი, ძლირი სტრესი, ვირუსული ინფექცია თუ სხვა… შემთხვევათა მესამედში, ტკივილების მიზეზი სერიოზულია (სწორედ ამიტომ, თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს). თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში არაა საჭირო ტკივილგამაყუჩებელი აბების ყლაპვა. ზოგიერთ საკვებ პროდუქტს თავის ტკივილის სწრაფად და უვნებლად გაყუჩება შეუძლია.

მინერალური წყალი

პირველი, რაც თავის ტკივილის დროს უნდა გააკეტოთ – დალიოთ 1 ჭიქა უგაზო მინერალური წყალი, რადგან ხშირად, სპაზმური ტკივილები თავში იმიტომ ჩნდება, რომ ორგანიზმი გაუწყლოებულია. ეს კი არამხოლოდ სიცხეში, არამედ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგაც შეიძლება გაჩნდეს, აგრეთვე, იმიტომაც, რომ გვავიწყდება ორგანიზმში სითხის მარაგის რეგულარული შევსება.

წვნიანი

არ აქვს მნიშვნელობა, ცივი იქნება იგი თუ თბილი. ხანდახან, თავის ტკივილი შიმშილისა და ამის გამო სისხლში გლუკოზის დონის მერყეობის ნიშანია. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია რამე თბილისა და თხევადის მირთმევა, ორგანიზმმა სწრაფად რომ აითვისოს. თუ წვნიანი არ გაქვთ, მიირთვით თხევადი ფაფა.

ლიმონი

თბილი ლიმონიანი წყალი ამსუბუქებს თავის ტკივილებს, განსაკუთრებით, თუ იგი საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული. აგრეთვე, შგიძლიათ თეთრფენაგაცლილი ლიმონის ქერქის დადება შუბლსა და საფეთქლებზე.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის ფესვი გვეხმარება ე.წ. დაძაბულობის თავის ტკივილის დროს. ნივთიერება, რომელიც ამ პროდუქტის შემადგენლობაშია, ადუნებს თავისა და კისრის სისხლძარღვების სპაზმირებულ კედლებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე “ირთვება” დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული თავის ტკივილის მოხსნის მექანიზმები. საუკეთესო საშუალება ჯანჯაფილის ჩაია: ფესვის პატარა ნაჭერი დააქუცმაცეთ თხელ ფირფიტებად და დაასხით მდუღარე წყალი, შეაგრილეთ და მიირთვით დღეში რამდენჯერმე.

ვაშლი

თუ თავის ტკივილით გაგეღვიძათ (მაგრამ ეს ნაბახუსევს არ უკავშირდება), ჩამოჭერით ვაშლი, მოაყარეთ მარილი, მიირთვით და დააყოლეთ თბილი წყალი. ტკივილი უკან დაიხევს. ამ დროს დაგეხმარებათ ვაშლის ძმარიც: სულ რამდენიმე წვეთი სითხე გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და მიირთვით 2-3 ულუფად.

ნუში

ნუშის გულს კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. ამიტომ, 1 მუჭა თხილი მოგიხსნით თავის ტკივილს 10-15 წუთში. E ვიტამინი, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, იცავს სისხლძარღვებს – სწორედ მათთანაა დაკავშირებული თავის ტკივილების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი.

ცხარე წიწაკა

მაგალითად, ჩილი ან ხალაპენიო. რეალურად, ეს ცეცხლთან ცეცხლითვე ბრძოლას ჰგავს, თუმცა, წიწაკა არანაკლებ ეფექტურია. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კაპსაიცინი, რომელსაც ცხარე წიწაკა შეიცავს, ტკივილზე პასუხისმგებელ ნეირომედიატორებს აიძულებს, თავიდან სხვა ზონებზე გადაერთონ: თავის ტკივილი ჩანაცვლდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვით, თუმცა, მასთან გამკლავება გაცილებით მარტივია. რა თქმა უნდა, ეს “ცხარე” მეთოდი აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის პრობლემები აქვს. ამ შემთხვევებისთვის არსებობს გამახურებელი კრემები ცხარე წიწაკით, რომლებიც შუბლსა და საფეთქლებზე უნდა დაიტანოთ.

პიტნა

პიტნის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით გამოირჩევა. დააყენეთ პიტნის ჩაი, გააგრილეთ 10 წუთით, შეურიეთ 1 ფინჯანს 1 ჩ.კ. თაფლი და მიირთვით ყლუპებად. პიტნის ზეთსაც ანალოგიური ეფექტი აქვს: დაიზილეთ ცხიმით საფეთქლები და კისრის უკანა ნაწილის დაჭიმული კუნთები – ტკივილი თითქმის დაუყოვნებლივ გაქრება.

თაფლი

იგი დიდი რაოდენობით კალიუმსა და მაგნიუმს შეიცავს, რომლებიც ადუნებს არტერიების კედლებს, შესაბამისად, აუმჯობესებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას. აგრეთვე, თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემითაც: ამ შემთხვევაში, თაფლი პრობლემას დაატკბობს.

დარიჩინი

მისი არომატი ყველა პრობლემას დაგავიწყდებთ! თუმცა, დარიჩინის ჩხირები შეიცავს ისეთ ნივთიერებასაც, რომელიც შაკიკის დროს გვეხმარება. მოამზადეთ დაფქული დარიჩინისგან სქელი პასტა, წყლის დამატებით. წაისვით 30 წუთით შუბლსა და საფეთქლებზე, შემდეგ წამოწექით. გამახურებელი არომატული პასტა განდევნის თავის ტკივილს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილს იწვევს სიცივის ალერგია ან სისხლძარღვოვანი სპაზმი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო.

კომბსოტო

ჩვენი ბებიები კი შუბლზე კომბოსტოს იდებდნენ – იგი ტკივილს “იწოვს”. აჭარაში, კომბოსტოს ნაცვლად, იყენებენ შავ ფხალს, რომელიც არანაკლებ ეფექტურია თავის ტკივილების დროს. ფოთოლი 1 წუთით უნდა მოათავსოთ მდუღარე წყალში, შემდეგ გააგრილოთ და მიიდოთ შუბლზე, კეფაზე ან საფეთქლებზე – გააჩნია, სად გტკივათ. შეგიძლიათ კომბოსტოს წვენის გამოყენებაც: მასში უნდა ჩაალბოთ ხელსახოცი, მიიდოთ შუბლზე, საფეთქლებზე, წაისვათ ყურებს უკან და მაჯებზე (პულსის ადგილას). ამის შემდეგ, წამოწექით 15-20 წუთით.

კარტოფილი

კომბოსტოს შესანიშნავი ალტერნატივაა კანიანად მოხარშული კარტოფილი. დაჭყლიტეთ იგი კანიანად და მიიდეთ შუბლსა და საფეთქლებზე ჯერ კიდევ თბილი მასა.

რძე

რძე შეიცავს რიბოფლავინს, იმავე ვიტამინ B2-ს, რომლის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ თავის ტკივილი გახლავთ. ჩვენს ორგანიზმში ეს ვიტამინი არ გროვდება, იგი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ საკვები პროდუქტით, 1.3 მგ ოდენობით. მიირთვით 1 ჭიქა თბილი, ოღონდ აუდუღებელი რძე ყლუპებად, რადგან თერმული დამუშავება რიბოფლავინს ანადგურებს. თუ ტკივილი ხშირად გაწუხებთ, გადახედეთ მენიუს და ჩართეთ რაციონში მეტი რძე, ბურღული, მწვანილი, ხორცის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეთ ღვიძლს, არ დაივიწყოთ საფუვრისა და სოკოს შესახებაც. ყველა ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით B2-ს შეიცავს.

რა არ უნდა გააკეთოთ

  • თავის ტკივილის დროს, ჩვენ ინსტინქტურად ვყლაპავთ აბებს, თუმცა, ანალგეტიკებისა და სისხლძარღვების გამაფართოვებელ პრეპარატებს თავადაც შეუძლია ტკივილის შეტევის გამოწვევა;
  • ბევრი ამ დროს ალკოჰოლურ სასმელს იღებს. მართალია, სისხლძარღვები ფართოვდება და ტკივილი უკან იხევს, თუმცა მალევე ახალი ძალებით გვიტევს;
  • არც ყავა არ უნდა მიირთვათ, რადგან, თუ თავის ტკივილი მაღალი წნევითაა გამოწვეული, 1 ფინჯანიც კი გავნებთ. და მაშინაც კი, თუ წნევა ნორმალური ან დაბალია, თუმცა დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევას ხართ მიჩვეული, კოფეინი კი არ დაგეხმარებათ, არამედ სიტუაციას გააუარესებს;
  • არ მოწიოთ! ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების მყისიერ სპაზმს. ტკივილი გაძლიერდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს