პროდუქტი, რომელიც თვალებისთვის აუცილებელ ვიტამინებს შეიცავს

0
529
ფოტო: Piqsels

თვალები გიცრემლიანდებათ, სწრაფად გეღლებათ, გიწითლდებათ და გიჭირთ ჩვეულებრივი ზომის ტექსტის გარჩევა? არაა გამორიცხული, რომ თქვენს თვალებს უბრალოდ შია.

A ვიტამინი (რეტინოლი)

თუ ცუდად ხედავთ საღამოობით, ხოლო ნათელი შუქი თვალებს გჭრით, თუ ჯიბლიბო ან კონიუქტივიტი გაწუხებთ – ეს ყველაფერი შეიძლება A ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

ეს ვიტამინი აუცილებელია თვალის ბადურის ნორმალური მუშაობისთვის. პიგმენტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის რეტინოლი, მთავარ როლს ასრულებს ჩვენს მხედველობაში. სწორედ იგი აქცევს ბადურაზე მოხვედრილ შუქს ელექტრონულ იმპულსებად, რომლებსაც, თავის მხრივ, ტვინი მხედველობით იმპულსებად აქცევს.

ამ ნივთიერებას შეიცავს სტაფილო, პომიდორი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ოხრახუში, გარგარი, ცირცველი, მზესუმზირის ზეთი.

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)

თუ თვალი სწრაფად გეღლებათ და მასში დროდადრო სკდება სისხლძარღვები, შესაძლოა, მას C ვიტამინი აკლია.

იგი აუცილებელია თვალებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, კუნთებისა და სისხლძარღვების მდგომარეობის შენარჩუნებისთვის. ზოგიერთი მონაცემებით, C ვიტამინის დახმარებით, კატარაქტას განვითარების შენელებაცაა შესაძლებელი.

მას შეიცავს კომბოსტო, კარტოფილი (განსაკუთრებით შემოდგომაზე), სტაფილო, ციტრუსი, შავი მოცხარი, კივი, ვაშლი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი და ფოთლოვანი ბოსტნეული, პომიდორი, ასკილი, ცირცველი.

ვიტამინი B1 (თიამინი)

თქვენი მხედველობა ისეთი მახვილი აღარაა, როგორც მანამდე, დამატებით კი ნერვიული გახდით და ვეღარც სათანადოდ აზროვნებთ? გამორიცხული არაა, რომ თქვენს ორგანიზმში ამოიწურა B1 ვიტამინის მარაგი.

ნერვული იმპულსების გადაცემისა და ქოლინესტერაზას იმ ფერმენტების წარმოქმნისთვის, რომლებიც ამცირებს თვალშიდა წნევას, აუცილებელია სწორედ ეს ნივთიერება.

მას შეიცავს პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული, თხილი, მარცვლეული (ჭვავი, ქერი, ფეტვი, ხორბალი, შვრია, წიწიბურა, სიმინდი), მსხვილად დაფქული ფქვილის პური, თაფლი.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

თვალებში წვისა და ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ლორწოვანი გარსის ანთება, ცრემლიანობა ემოციური მიზეზების გარეშე, მხედველობის გაუარესება, კონიუქტივიტი, “ქათმის სიბრმავე”, სწრაფი გადაღლილობა – ეს ყველაფერი ორგანიზმში B2 ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომებია.

ეს ვიტამინი იცავს თვალის ბადურას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. რიბოფლავინი თვალის ბროლში აგროვებს გლუტატიონს – აქტიური ანტიოქსიდანტს, რომელიც დაბერებას ანელებს.

ნივთიერების წყაროებია: მწვანე ბოსტნეული, ვაშლი, ხორბლის მარცვლები, მზესუმზირის თესლი.

ვიტამინი B6

თუ დროდადრო გიკანკალებთ თვალი და, ამავდროულად, გაწუხებთ ძილიანობა და გაღიზიანებადობა, კარგი იქნება, თუ B6 ვიტამინის მარაგს შეავსებთ.

იგი ორგანიზმს ესაჭიროება ანტისხეულების, დნმ-ს, ერითროციტების სინთეზის, ამინომჟავების მიმოცვლის, ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

მისი წყაროებია: კარტოფილი, კომბოსტო, პარკოსნები, ხორბლისა და ჭვავის მარცვლები, წიწიბურა, ქერი, ფეტვი, ბანანი.

D ვიტამინი (კალციფეროლი)

თუ შენიშნეთ, რომ ახლომხედველი ხდებით, იქნებ სათვალე კი არა, კალციფეროლი გჭირდებათ, რომელიც კალციუმის ათვისებაზეა პასუხისმგებელი.

ნივთიერება აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის. კალციუმის არასაკმარისად ათვისება ხდება იმ კუნთების ხშირი კრუნჩხვების მიზეზი, ;რომლებიც მხარს უჭერს თვალის ბროლს და პასუხს აგებს თვალების მოძრაობაზე. ამრიგად, კალციუმი არ აძლევს თვალის შემაერთებელ ქსოვილებს გაწელვის საშუალებას, რაც ახლომხედველობის მიზეზია.

მას შეიცავს ხახვი, კომბოსტო, სოკო, შავი პური, თუმცა, რამდენი სასარგებლო პროდუქტიც არ უნდა მიირთვათ, D ვიტამინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, თუ ზაფხულში კანი მზეს არ უნახავს. სხვათა შორის, ეს მებაღეებს არ ეხება.

სხვა  ვიტამინები

ზოგიერთი სხვა ვიტამინის დეფიციტი არც ისეთი საგრძნობი, თუმცა თვალისთვის არანაკლებ დამღუპველია.

ვიტამინი B12 საჭიროა მხედველობითი ნერვის ნორმალური სისხლმომარაგებისა და მხედველობითი ნერვის ფუნქციონირებისთვის. იგი დადებითად მოქმედებს გლაუკომის საწყის სტადიაზე. მას შეიცავს ხორცი, თირკმლები, ღვიძლი, გული, თევზი, ყველი, რძე, კეფირი, არაჟანი. მცენარეული პროდუქტი ამ ვიტამინს არ შეიცავს, ამიტომ ვეგეტარიანელებმა მისი შემცველი პრეპარატები უნდა მიიღონ.

ვიტამინი B3 აუცილებელი სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი გამოიყენება თვალში სისხლძარღვოვანი დარღვევების სამკურნალოდ. მას შეიცავს სოკო, პარკოსნები და მარცვლეული.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი), ზოგიერთი მონაცემებით, ამცირებს თვალის ბადურის ფენებად დაყოფის რისკს. შედის თხილის, თესლის, მცენარეული ზეთების, ამოცენებული მარცვლების, მწვანილის, ფოთლოვანი ბოსტნეულის, სატაცურისა და პომიდვრის შემადგენლობაში.

ფოლიუმის მჟავა კი, მეცნიერთა აზრით, აუმჯობესებს მხედველობას. მას შეიცავს მწვანილი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი