ზაფხულში სახლში მომზადებული სასმელები მთელი წელი გამოგადგებათ. ზამთარში თბილ დღეებს მოგაგონებთ, ცხელ ამინდში კი წყურვილს შესანიშნავად მოგიკლავთ.
„პაპარაცის“ რეცეპტით ხურტკმელის კომპოტს მოჰიტოს მსგავსი გემო, სუნი და გარეგნობა აქვს. მომზადების მთელი პროცესი წარმოუდგენლად მარტივია. ყველაზე რთული თავად კენკრის შეგროვება და ქილების გარეცხვაა.
ხურტკმელის კომპოტი
სასიამოვნო, გამაგრილებელი კომპოტი მსუბუქი სიმჟავის გემოთი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება. თუ სასმელს ყინულის რამდენიმე კუბს და თეთრ რომს დაუმატებთ, უფროსებისთვის ნამდვილი კოქტეილი გამოვა.
შინაურული ხურტკმელის „მოჰიტო“ ქილებში მთელი წელი შესანიშნავად ინახება. შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდებათ. სიროფის და კენკრის მოხარშვა და სტერილიზება საჭირო არაა.
ინგრედიენტები 1 სამლიტრიანი ქილისთვის:
- 350 გრ ხურტკმელი
- 1 ჭიქა შაქარი
- 3 ნაჭერი ლიმონი ან ლაიმა
- 1 კონა პიტნა ან ბარამბო
- 2,5 ლ წყალი
თუ უფრო გაჯერებული კომპოტი გიყვართ, უფრო მეტი კენკრა აიღეთ, ყუნწები შეგიძლიათ არ მოაშოროთ. კენკრა მწიფე და უნაკლო უნდა იყოს. თუ მასზე ნადები, ბზარი ან ლაქაა, ასეთი კომპოტი ქილაში აქაფდება და აფეთქდება.
იგივე პიტნას ეხება. ახალგაზრდა უნაკლო და უყვავილო ყლორტები შეარჩიეთ. პიტნა გამდინარე წყალში რამდენჯერმე გარეცხეთ და მდუღარე წყალი აუცილებლად გადაავლეთ.
მომზადება:
1. სუფთა ქილაში გარეცხილი ხურტკმელი, 3-5 პიტნის დიდი ტოტი და 3 ნაჭერი (რგოლი) ლიმონი მოათავსეთ. თუ ლიმონი ან ლაიმა არ გაქვთ, შეგიძლიათ ქილას 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა ან 0,5 ჭიქა ტყემალი (უკურკოდ)ან წითელი მოცხარი დაუმატოთ.
2. ქილა ბოლომდე მდუღარე წყლით გაავსეთ და თავსახური დააფარეთ. ასე 20 წუთით გააჩერეთ.
3. შემდეგ წყალი ქვაბში გადაასხით და აადუღეთ.
4. ქილაში 1 ჭიქა შაქარი ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ახალი, სტერილური თავსახურით მოხუფეთ.
5. გადააბრუნეთ და 48 საათით თბილად შეფუთეთ.
საზაფხულო და ძალიან გემრიელი ხურტკმელის კომპოტი წარმოუდგენლად სწრაფად მზადდება, ხოლო დალევით სწრაფად ისმევა! ამ კომპოტის გამაგრილებელი და საინტერესო გემო მოდურ „მოჰიტოს“ ძალიან ჰგავს, მაგრამ კომპოტი უფრო სასარგებლო, იაფი და ნატურალურია.
რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, თუ როგორ მოამზადონ ხურტკმელის კომპოტი ზამთრისთვის.