ლოქორები და ლოკოკინები: როგორ ვებრძოლოთ მათ

0
1363

ეს მუცელფეხიანი მოლუსკები ძალიან მსუნაგები არიან – ბაღის ერთი ლოკოკინა დღეში 1 მთელ პომიდორს ჭამს. როგორ დავიცვათ მათგან მცენარეები?

უფრო ხშირად, ბაღებში ლოქორები გვხვდება. მშვიდ მდგომარეობაში, ისინი მცირე ზომის ლორწოვან კენჭებს ჰგვანან, თუმცა მოძრაობისას სხეული ეწელებათ. მათ უახლოვეს ნათესავებს – ლოკოკინებს აქვთ ფარი, ნიჟარის სახით. ჩვეულებრივ, მოლუსკები მასიურად მრავლდებიან თიხიან ნიადაგსა და თიხნარში, წვიმიან წლებში.

მოლუსკების ერთბაშად და სამუდამოდ დამარცხება არარეალურია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მეზობელი ბაღებიდან მარტივად შემოაღწევენ თქვენს “გაწმენდილ” ნაკვეთზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აკონტროლოთ მტრის რიცხოვნობა. როგორ გავაკეთოთ ეს?

პროფილაქტიკა

  • არ გაახშიროთ ნარგავები. სარეველების განადგურება ამცირებს ნიადაგის ჩრდილიანობასა და ჰაერის ტენიანობას, შესაბამისად, აუარესებს პირობებს ლოკოკინებისა და ლოქორებისთვის;
  • არ დატოვოთ ნაკვეთზე ხარახურა. აგურები, დაფები, ფანერისა და სხვა სამშენებლო მასალის ნაჭრები, რომლებიც მიწაზე გაქვთ დატოვებული, იდეალური თავშესაფარია მოლუსკებისთვის;
  • რეგულარულად განამგლეთ ბალახები ნაკვეთის ტერიტორიასა და ბილიკებზე;
  • დროულად მოაშორეთ ნაკვეთიდან მცენარის ნარჩენები;
  • გამოაშრეთ ნედლი, ჭაობიანი ადგილი, რომელიც ასე უყვარს თქვენი ბაღის მავნებელს;
  • კარგად დაამუშავეთ ნიადაგი, გააფხვიერეთ მიწის დიდი ზომის გროვები – ლოკოკინების საყვარელი თავშსაფრები;
  • დარგეთ ნიორი, ლავანდა, სალბი, ბეგქონდარა, როზმარინი, მდოგვი, ოხრახუში. მათი სუნი აფრთხობს მავნებლებს;
  • დარგეთ ბოსტნეული შემაღლებულ თხრილებში;
  • გამოიყენეთ გამჭვირვალე პლასტმასის თავსახურები და სხვა სახის საფარი ახალგაზრდა მცენარეებისთვის;
  • ლორწოებს მიირთმევენ ჩიტები, ბიგები, ზღარბები, გომბეშოები, ბაყაყები. ზღარბების ნაკვეთზე შემოსატყუებლად, ნაკვეთის დასაწყისში მოაწყვეთ თავშესაფარი ჩამოცვენილი ფოთლებისა და ფიჩხებისგან, რომლებიც ზღარბს გამოზამთრებისთვის ესაჭიროება. ან მოუწყვეთ სახლი – 30x25x25 ყუთი, დამთბარი ხმელი ფოთლებით. ბაყაყებისა და გომბეშოების მოსაზიდავად კი ამოთხარეთ პატარა გუბე. ფრინველებს ნაკვეთზე პატარა სახლები და საკვები მიიზიდავს.

მახეები და სატყუარები

  • ბილიკებზე ზედაზედ რამდენიმე დღის განმავლობაში დაალაგეთ სველი ჩვრები, ჭილობი, ფანერის ნაჭრები, თუნუქი, ფიცრები, ოროვანდისა და კომბოსტოს ფოთლები და სხვა. სასურველია, საფრის ქვეშ ნიადაგი დაასველოთ. დღით მოხსენით საფარი და შეაგროვეთ მის ქვეშ თავმოყრილი მავნებლები ხელით;
  • ნარგავების გვერდით, პატარა ერთჯერად თეფშებში მოათავსეთ საკვები სატყუარები: საზამთროს, ნესვის, გოგრის, ყაბაყისა და ციტრუსის ქერქები. განთიადზე, სატყუარები და მათზე თავმპოყრილი ლოქორები მოაგროვეთ;
  • მოათავსეთ ნაკვეთზე ლუდით ან ხილის წვენით სავსე პატარა ჭურჭლები. ლოქორებსა და ლოკოკინებს სუნი იზიდავს და სითხე… ახრჩობს. ჭურჭელი უნდა იყოს საკმარისად ღრმა, ხოლო მასში ჩასასვლელი – მიწის დონესთან თანაბარი. სატყუარა არ გაავსოთ პირთამდე, ასევე, წვიმის დროს მასში არ უნდა მოხვდეს წყალი.

ბიოლოგიური მეთოდი

შეიძინეთ პარაზიტული ნემატოდა Phasmarhabditis hermaphrodit (Nemaslug-ის სავაჭრო ნიშანი). გამოიყენეთ იგი გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ნიადაგის ტემპერატურა არ უნდა იყოს 5 გრადუსზე დაბლა. საშუალება ყველაზე უფრო ეფექტურია სველ ამინდში. იგი აბსოლიტურად უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის. პაკეტის შიგთავსი გააზავეთ წყალთან და მორწყეთ ნერგები. 1 კვირის განმავლობაში, მოლუსკები დაიღუპებიან. მწარმოებლის მტკიცებით, ერთი მორწყვა საკმარისია 1.5 თვით. პრეპარატს შენახვის მოკლე ვადა აქვს. გამოიყენეთ იგი 3-4 კვირის მანძილზე და შეინახეთ მხოლოდ მაცივარში.

მოლუსკოციდები

მეტალდეჰიდზე დამზადებული პრეპარატების (გროვა და სლიზნედი)  გამოყენება რეკომენდებულია საღამოს საათებში ბილიკებზე, გრანულებიანი სატყუარას სახით, ერთმანეთისგან 10-15 სმ დაშორებით. შეგიძლიათ, გრანულები მოაბნიოთ ნიადაგს რიგებს შორის და ბილიკებზე. გამოიყენეთ მოსავლის აღებამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე. პრეპარატები მოქმედებს 2 კვირაზე მეტხანს და არ კარგავს თავის თვისებებს წვიმის შემდეგაც. ხარჯი 3-4 გრამია 1 კვადრატულ მეტრზე.

გახსოვდეთ, რომ მეტალდეჰიდი ეფექტურია მხოლოდ მაღალი სიმშრალის დროს. ტენიანობის შემთხვევაში, ლოქორები ასწრებენ პრეპარატით გამოწვეული წყლის დანაკარგის აღდგენას.

მეტალდეჰიდი შხამიანია შინაური ცხოველებისა და ადამიანებისთვის, თუ საკვების მომნელებელ სისტემაში მოხვდება. არ შეუშვათ დამუშავებულ მონაკვეთზე ცხოველი. შეინახეთ და გამოიყენეთ პრეპარატი უსაფრთხოების ზომების დაცვით, მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი