ზაფხული მოვიდა, შვებულებებისა და დასვენების დროა. დღე სულ უფრო გრძელდება, მზეც უფრო მაგრად აცხუნებს. როგორც წესი, ამ დროს დიასახლისები ფანჯრებს წმენდენ, რათა სახლში მეტი დღის შუქი შემოვიდეს.
ასევე, ითვლება, რომ სწორედ ფანჯრიდან შემოდის სახლში დადებითი ენერგია, წარმატება და სიკეთე. რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა იყოს სუფთა, ამ ყველაფერს რომ არ შეეშალოს ხელი. სისუფთავესა და ელვარებას რომ მიაღწიოთ, დაიცავით paparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებული რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც აუცილებლად მოგცემთ სასურველ შედეგს.
როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სწორად
როგორც წესი, ყოველკვირეული დალაგების დროს, დიასახლისები ფანჯრებიდან და ჩარჩოებიდან მტვრის გადაწმენდით შემოიფარგლებიან. ფანჯრის შუშების გაწმენდა რეკომენდებულია წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
ფანჯრების გენერალური გაწმენდისთვის დროის შერჩევისას, გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი წესები:
- პირველ რიგში, ნუ დაიწყებთ ფანჯრის წმენდას ქარიან ამინდში, რადგან ქარი მაშინვე წყალში ჩაყრის თქვენს შრომას, სველ შუშებზე მტვრის ნაწილაკებს მიაწებებს;
- ასევე, ფანჯრის გაწმენდა არ შეიძლება მაშინ, როცა შუშებზე მზის პირდაპირი სხივები ხვდება, რადგან, როგორც არ უნდა ეცადოთ, ვერ მოერიდებით ბუსუსებსა და ნაკაწრებს.
- გაწმინდეთ ფანჯრები მშვიდ, მოღრუბლულ ამინდში, ან მაშინ, როცა მზე არ ანათებს თქვენს ფანჯრებს.
რა თანმიმდევრობით უნდა გავწმინდოთ ფანჯრები
როგორც სხვა ნებისმიერ საქმეს, ფანჯრების წმენდასაც, კარგი შედეგის მისაღებად, გარკვეული თანმიმდევრულობა სჭირდება.
პირველ რიგში, ვწმენდთ ჩარჩოებს
ფანჯრების წმენდა ჩარჩოებით უნდა დაიწყოთ. ამისთვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო საპნის ხსნარი დაგჭირდებათ, რომელშიც (2 ლიტრზე) 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი უნდა ჩაასხათ. ჭუჭყის ჩამოწმენდის შემდეგ, გაავლეთ ჩარჩოები სუფთა წყლით, მოწმინდეთ სითხის ნარჩენები ხელსახოცით.
გადავიდეთ შუშების წმენდაზე
როგორც უკვე ვთქვით, ფანჯრების წმენდა არ შეიძლება, როცა შუშებზე მზის პირდაპირი სხივები ხვდება. მაღაზიებში შუშის საწმენდი საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია. უმეტესწილად, ისინი სპრეის სახითაა, დამზადებული სპირტზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს წმენდის პროცესს და სუფთა ელვარებას ყოველგვარი ნარჩენის გარეშე მიიღებთ.
თუმცა, მათი გამოყენება აუცილებელი არაა: გთავაზობთ საშინაო საშუალებებს ფანჯრების გასაწმენდად.
- შეგიძლიათ, შუშა ჯერ საპნის ხსნარში, ხოლო შემდეგ სუფთა წყალში ჩალბობილი რბილი ხელსახოცით გაწმინდოთ; გააპრიალეთ მშრალი, მიკრობოჭკოვანი ხელსახოცით; შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ გაზეთი ან ქაღალდის ხელსახოცი;
- აიღეთ ჩვეულებრივი სასკოლო ცარცი, დააქუცმაცეთ და გააზავეთ 1 ლ წყალში; მიღებული მასით გაწმინდეთ შუშები, შემდეგ კი გააპრიალეთ, როგორც ზედა პუნქტში წერია;
- მუქი ფერის ნადებისგან გიხსნით 9%-იანი სუფრის ძმრის ხსნარი, 2 კოვზი 1 ლ წყალზე;
- სამზარეულოს ფანჯრები, რომლებზეც ხშირია ცხიმის კვალი, შეგიძლიათ ნიშადურიანი საპნის ხსნარით გაწმინდოთ.
როგორ შევუნარჩუნოთ ფანჯრებს სისუფთავე დიდხანს
ფანჯრები რაც შეიძლება დიდხანს რომ იყოს სუფთა, გამოიყენეთ ძველი, თუმცა სანდო საშუალება. წმენდის შემდეგ, თუმცა გაპრიალებამდე, გაწმინდეთ ისინი სპეციალური ხსნარით:
- 1 ს.კ. წყალი
- 2 ს.კ. გლიცერინი
- 2 მლ ნიშადურის სპირტი
ამის შემდეგ, გააპრიალეთ მიკრობოჭკოვანი ქსოვილით ან ძველი გაზეთით. თქვენი ფანჯრების შუშებზე აღარასდროს დაჯდება მტვერი. სუფთა, მოელვარე ფანჯრების გავლით, თქვენს სახლში ბოლოს და ბოლოს შემოაღწევს მზის სხივები და დადებითი ენერგია.
თქვენ როგორ წმენდთ ფანჯრებს? გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.