როგორ მოვიშოროთ კბილის ქვა საშინაო პირობებში

0
2909

სისტემატური წმენდის გარეშე, კბილის ემალი გაყვითლებას იწყებს, რამდენადაც იფარება მკვრივი ბაქტერიული ნადებით. თუ მას არ მოიწმენდთ, მალევე გამყარდება და იქცევა კბილის ქვად. თუმცა, ეს მხოლოდ ესთეტიკური დეფექტი როდია.

ნადები თანდათან შეაღწევს ღრძილქვეშ, რაც გამოიწვევს ლორწოვანის ანთებასა და პაროდონტალური ჯიბეების წარმოქმნას. ამასთან, ნადები პირდაპირი გზაა კარიესისა და ემალის განადგურებისკენ.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ კბილის ქვა.

რატომ ჩნდება კბილის ქვა?

მყარი კბილის ქვის გაჩენას რამდენიმე ფაქტორი იწვევს. აი, რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

  • პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული ან არასწორად წმენდა, სტომატოლოგიური დაავადებების ყოველმხრივი, სრულყოფილი პროფილაქტიკის უგულებელყოფა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რომლებიც აჩქარებს ნადების მინერალიზაციის პროცესს;
  • ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი;
  • თანკბილვის პათოლოგიები – უთანაბრო თანკბილვა და კბილების მდგომარეობის გამრუდევა იწვევს პირის ღრუში ბაქტერიების სწრაფად გამრავლებასა და პათოგენური მიკროფლორის განვითარებას რთულად მისაწვდომ ადგილებში;
  • საღებავი პიგმენტების მქონე საკვების ან სასმლის ხშირი მირთმევა;
  • მოწევა და ალკჰოლის მოხმარება.

საწყის ეტაპებზე, ნადები დისკომფორტს არ წარმოადგენს ხოლმე. ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ესთეტიკური ხასიათის პრობლემაა. ცდებით. რბილი ბაქტერიული ნადები სწრაფად მყარდება და იქცევა მყარ ნადებას, მისი მოშორება კი მხოლოდ სტომატოლოგის კაბინეტში შეიძლება.

კბილის ქვა თანდათან აღწევს ღრძილქვეშა ნაწილში, აზიანებს ლორწოვან გარსს და აჩენს ანთებას. ჩნდება პაროდონტალური ჯიბეები,რომლებშიც ბაქტერიებისა და ნადების დაგროვება უფრო ინტენსიური ხდება. ეს ყველაფერი იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა პაროდონტიტი და პაროდონტოზი, ეს უკანასკნელნი კი გვიანდელ სტადიებზე კბილის ჩამოვარდნით სრულდება.

შეიძლება თუ არა ქვების მოშორება საშინაო პირობებში

კბილის მყარი ქვის მოშორება მხოლოდ პროფესიონალური წმენდით შეიძლება სპეციალისტის კაბინეტში. ამისთვის გამოიყენება ულტრაბგერა, ლაზერი, ქვიშის ნაკადი აპარატ Air Flow-ს გამოყენებით, აგრეთვე, სპეციალური ინსტრუმენტები – კიურეტები – ღრძილქვეშა ნაწილის გასაწმენდად. თუ ღრძილის ჯიბეებში ნადები გაქვთ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ღრძილის დახურული ან ღია ტიპის კიურეტაჟიც.

საშინაო პირობებში მხოლოდ საგულდაგულო პროფილაქტიკაა შესაძლებელი. სანამ ნადები ჯერ კიდევ რბილია, დროულად გაიწმინდეთ ჯაგრისითა და პასტით. არ დაგავიწყდეთ, რომ კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გაიხეხოთ, ყოველი კვების შემდეგ კი პირი გამოივლოთ წყლით და გამოიყენოთ კბილის ძაფი.

აგრეთვემ არსებობს რამდენიმე ნაცადი ხალხური რეცეპტი, თუმცა მათი გამოყენება სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგაა რეკომენდებული.

  • შავი ბოლოკი: დახეხეთ გაფცქვნილი ბოსტნეული. დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. მზა სალათი კარგად დაღეჭეთ და გადმოაფურთხეთ. პროცედურა საღამოს, კბილების გაწმენდის შემდეგ უნდა ჩაატაროთ.
  • მინდვრის შვიტას ნახარში: 3 ს.კ. ხმელ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ჭურჭელი და დადგით ბნელ ადგილას. სრული გაგრილების შემდეგ, ნახარში გადაწურეთ და გამოიყენეთ პირის ღრუს სავლებად დილა-საღამოს.
  • თაფლის სავლები: 1 ს.კ. თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და კარგად მოურიეთ. მზა ხსნარი უნდა გამოიყენოთ სავლებად, კბილების გაწმენდის შემდეგ.

კბილის ქვის საშინაო პირობებში მოშორება შეუძლებელია. ნუ ეცდებით მათ მოშორებას ნემსითა და სხვა ხელთ არსებული ინსტრუმენტებით. ასე ემალს მარტივად დააზიანებთ და თავიდან ამას ვერც კი შენიშნავთ. ექსპერტები გვირჩევენ, ყოველ 6 თვეში გავიაროთ პროფესიონალური წმენდა – ეს აუცილებელი პირობაა სრულყოფილი პროფილაქტიკისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი