იაფი არ ნიშნავს უარესს. იაფფასიანი ნაცადი საშუალებები თავის მოსავლელად

0
561

ვის არ უნდა, ნებისმიერ პირობაში ლამაზად გამოიყურებოდეს. თუმცა, რამდენად ხშირად ვხარჯავთ ამისთვის ძალიან ბევრ ფულს, ამა თუ იმ ბრენდული საშუალების შესაძენად? დღეს ჩვენ დავამტკიცებთ, რომ თავის მოსავლელად საჭირო არაა დიდი ხარჯები: გთავაზობთ რამდენიმე შესანიშნავ ხრიკს მათთვის, ვისაც სხეულის გონივრულად და საგულდაგულოდ მოვლა სურს. აღმოჩნდა, რომ არსებობს უამრავი იაფი, თუმცა ეფექტური საშუალება სხეულისა და თმის მოსავლელად, რომლებსაც უახლოეს აფთიაქში შეიძენთ.

ჩვენი რედაქცია გიზიარებთ მარტივ, ხელმისაწვდომ და ნაცად საშუალებებს, რომლებიც იმედს არასდროს გაგიცრუებთ.

რჩევები თავის მოსავლელად

თმის მოვლა

1. პასტა “სულსენა” ქერტლთან და ბოლოჭამიებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, თავის ყოველდღიური დაბანის პრობლემა კი თავისით გაქრება. გოგირდი, რომელიც პასტის შემადგენლობაშია, აძლიერებს და კვებავს თმას შიგნიდან. უბრალოდ შეამჩნევთ, რომ თმები უფრო ბზინავს, ვიდრე მანამდე.

2. თუ თმის კონდიციონერს დაუმატებთ რამდენიმე წვეთ ლავანდის ეთერზეთს, თმა სისუფთავით არაერთი დღე იბზინებს.

3. პრეპარატ “რეპევიტის” შემადგენლობაშია მრავალი ეთერზეთი და ვიტამინი. მას აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს თმის ბოლქვებს, ამცირებს ცხიმიანობას, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. საშუალება იაფი და აბსოლუტურად უსაფრთხოა.

4. რევანდის ზეთით შეგიძლიათ შესანიშნავი თმის ნიღბის მომზადება. რამდენიმე წვეთი ზეთი, 2 ს.კ. კონიაკი და 1 ს.კ. თაფლი შეურიეთ კვერცხის გულს. დაიტანეთ მასა თმაზე და გაიჩერეთ ქუდის ქვეშ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ჭინჭრის ან გვირილის ნახარშით. ვუალა – თმა გამოცოცხლდა და ბზინავს!

წარბებისა და წამწამების მოვლა

წარბებისა და წამწამების გაძლიერებაში სხვადასხვა ზეთი დაგეხმარებათ: აბუსალათინის, რევანდის, კრაზანის, გვირილის, ჭინჭრის. გირჩევთ, ყველა ზეთი შეიძინოთ და კვირაში 2-3-ჯერ, მონაცვლეობით წაისვათ. საჭირო ზეთი ტუშის ფუნჯით წაისვით წამწამებსა და წარბებზე, ოღონდ რაოდენობას ნუ გადააჭარბებთ, მან თმები უნდა დაატენიანოს, არ უნდა ჩამოიღვაროს.

ხელ-ფეხის კანის მოვლა

1. ფრჩხილების გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ზეითუნის ზეთის აბაზანები. ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ზეთი და მოათავსეთ მასში თითები 10 წუთით. ზეითუნის ზეთი ვიტამინების, მინერალებისა და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების საუნჯეა, რომელიც აძლიერებს ფრჩხილებს და ხელს უშლის აქერცლვას. შედეგი – მოვლილი და მოწესრიგებული ფრჩხილები.

2. არ გადაყაროთ ყავის ნალექი! წაისვით ხელებზე 10-15 წუთით და გაგიკვირდებათ, თუ რამდენად რბილ და ნაზ კანს მიიღებთ შედეგად. ეს საშუალება კარგია სკრაბისა და ნიღბის როლშიც.

3. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გლიცერინი, 70%-იანი ეთილის სპირტი და ნიშადურის სპირტი. წაისვით სუფთა ხელებზე კვირაში რამდენჯერმე. მიიღებთ უჩვეულოდ ლამაზ კანს.

სახის კანის მოვლა

1. ცისფერი თიხა წმენდს ფორებს ჭუჭყისა და ცხიმისგან, ამცირებს ანთებით გამოვლინებებს სახეზე, ხელს უწყობს აკნეს შემცირებას, აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ტურგორს. ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ უნდა დაიტანოთ.

2. ჩაის ხის ზეთი ეფექტურია როგორც სუფთა სახით, ისე სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების ეფექტის გასაძლიერებლად. გამოიყენება აკნესა და გამონაყარის სამკურნალოდ, აგრეთვე, პრობლემური და ცხიმიანი კანის მოსავლელად.

3. გარგრის კურკების ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. შესანიშნავად არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

4. “ცინდოლის” ხსნარი სამკურნალო პრეპარატია, დამზადებული თუთიის ოქსიდზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ადსორბენტული, მკუმშავი და ანტისეპტიკური მოქმედება. სხვათა შორის, შესანიშნავად უმკლავდება დამწვრობას, ნაკაწრებსა და ქავილს.

5. სუფთა და მშრალ სახეზე წაისვით კალციუმის ქლორიდის ხსნარი. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ, წაისვით მეორე. კიდევ ერთხელ გამოაშრეთ. აიქაფეთ ხელები საპნით და კარგად დაიზილეთ სახე, თანდათან ჩამოიშორეთ წარმოქმნილი ქერქი.

სხეულის მოვლა

1. ცელულიტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ყავის ნიღაბი. დაუმატეთ ყავის ნალექს ცოტაოდენი ცისფერი თიხა და წყალი, შეგიძლიათ მინერალურის გამოყენებაც. დაიტანეთ წრიული მოძრაობებით ნოტიო კანზე. კანი დაგლუვდება, გათანაბრდება და გარბილდება.

2. ამავე პრობლემას დაგაძლევინებთ ძმრის სახვევები. ვაშლის ძმარი და წყალი შეურიეთ 1:1 პროპორციით. მიღებულ ხსნარს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ან როზმარინის ზეთი. წაისვით მასა პრობლემურ ადგილებზე და შეიხვიეთ ცელოფნით. გირჩევთ, ჩაიცვათ თბილი ტანსაცმელი ან აქტიურად იმოძრავეთ შემდეგი 1-1.5 საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

3. სტრიების წინააღმდეგ ეფექტურია როზმარინისა და პეტიტგრეინის ზეთები. არ დაგავიწყდეთ, რომ ეთერზეთი ასპროცენტიანი უნდა იყოს.

4. აგრეთვე, სტრიების დროს კარგ შედეგს მოგცემთ მუმიეს გამოყენებაც. აიღეთ 100 გ კრემი, რომელსაც მუდმივად იყენებთ, დაუმატეთ 5 გ მუმიე, წინასწარ თბილ წყალში გახსნილი. სტრიების საწინააღმდეგო კრემი მზადაა! წაისვით კრემი დღეში 1-2-ჯერ, დაიზილეთ პრობლემური ზონები 10-15 წუთით. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ გამოჩნდება.

5. სცადეთ საპონზე უარის თქმა! ოღონდ ამ რჩევას ზედმეტად პირდაპირ ნუ გაიგებთ. შეზღუდეთ საპნისა და შხაპის გელის გამოყენება. აუცილებელი არაა, ყოველდღე მთელი ტანი აიქაფოთ. ასეთი ექსპერიმენტი დაგეხმარებათ ქავილის, აქერცლვის, კანის სიმშრალის დროს.

თუმცა, ნუ გექნებათ დაუყოვნებლივი ეფექტის იმედი. აღნიშნული პრეპარატები მოითხოვს რეგულარულ გამოყენებასა და ძალისხმევას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი