მეყვავილეობაში კვლავ მოთხოვნადი ხდება ძველი და მივიწყებული მეთოდები, რომელთაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები და მათი დედები იყენებდნენ. ერთ–ერთი ასეთი ტექნოლოგიაა დიასახლისის საპონი, რომელსაც მცენარის დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ იყენებენ.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ დიასახლისის საპონი ოთახის მცენარეების სამკურნალოდ.
მცენარეების მავნებლებისგან დაცვა
უბრალო დიასახლისის საპონს, როგორც მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდნენ. გასაოცარი არცაა, რადგან მასში შემავალი მარილები, ცხიმიანი მჟავები და უამრავი ტუტე ოთახის მცენარეების უსიამოვნებებს ეფექტურად ებრძვის.
სწორედ დიასახლისის საპნის მჟავები, რომელიც წყალთან კონტაქტისას აქტიურდება, მაღალ ინსექტიციდურ თვისებებს ფლობს. სწორედ ამიტომ, სახლის პირობებში ეფექტური საპნის ხსნარის მომზადებას გასწავლით.
როგორ მოვამზადოთ დიასახლისის საპნის ხსნარი მავნებლების საწინააღმდეგოდ?
1. პირველ რიგში, 250-300 გრ დიასახლისის საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ასე სწრაფად გაიხსნება.
2. ამის შემდეგ დაქუცმაცებული საპონი 10 ლ ცხელ წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და გასაგრილებლად გააჩერეთ.
3. გაგრილების შემდეგ გააკონტროლეთ, რომ სითხეში მყარი ნაწილები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მცენარე დაწვათ. სჯობს გამოყენების წინ საპნის ხსნარი მარლით ან საწურით გაფილტროთ.
ასეთი საპნის ხსნარი შესანიშნავად გაუმკლავდება ფარიანებს, ბუგრებს, ობობის ტკიპებს, მუხლუხებს და სხვადასხვა პეპლებს. ასევე შეგიძლიათ მცენარის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ. საპონი ნაცროვან ობს კარგად უმკლავდება. ზემოთ აღწერილი კონცენტრაციის ხსნარი უსაფრთხოა და შეგიძლიათ ყვავილებზე გაზავების გარეშე საფრქვეველით გამოიყენოთ.
რეკომენდებული არაა ამ ხსნარით აყვავებული, ახალგაზრდა მცენარის, ასევე ახლახანს გადარგული ნერგის დამუშავება. მეყვავილეები გირჩევენ, გამოყენების წინ ხსნარი ერთი ან რამდენიმე მცენარეზე დატესტოთ. თუ 2-3 დღეში დამწვრობა არ გამოვლინდება – საშუალება გამოიყენეთ.
ეს ბიუჯეტური ხრიკი გამოიყენეთ, რომ თქვენი მცენარე ჯანმრთელი დარჩეს და ლამაზი გარეგნობით ყოველთვის გულს გიხარებდეთ. წარმატებებს გისურვებთ!