რას არ აკეთებენ ახალგაზრდა დიასახლისები, რომ ფუმფულა ბისკვიტი ღუმელში გამოაცხონ! გაზიან წყალს, გამაფხვიერებელს, სოდას და ა.შ. უმატებენ, თუმცა პრეტენზიული ნაწარმი არ ნებდება. დღეს „პაპარაცი“ ყველაზე მარტივი და გემრიელი ტორტის მომზადებას გასწავლით – კლასიკური ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ.
კლასიკური ბისკვიტი ღუმელში
ბისკვიტი თანაბარი, ფორებიანი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, ფქვილი აუცილებლად გაცერით და ცხობის დროს ღუმელის კარი არ გააღოთ. ცხიმი მხოლოდ საცხობი ფორმის ძირს წაუსვით, ასე ბისკვიტი თანაბარი იქნება. თუ ძველი ღუმელი გაქვთ ან კარი კარგად არ იკეტება, ცომით სავსე ფორმას ფოლგა დააფარეთ და მომზადებამდე ასე აცხვეთ.
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 150 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი
- 200 გრ შაქრის ფხვნილი ან შაქარი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- ნახევარი ლიმონის ცედრა
- კარაქი ფორმაზე წასასმელად
მომზადება:
1. ფქვილი წვრილ საცერში ორჯერ გაცერით.
2. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ბისკვიტისთვის 5 კვერცხის გული და 6 კვერცხის ცილა დაგჭირდებათ. კვერცხი ოთახის ტემპერატურის არ უნდა იყოს. ათქვეფამდე გააგრილეთ.
3. ფორმის ძირს კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ.
4. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ. ნახევარი შაქარი (ფხვნილი), ლიმონის წვენი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.
5. მეორე თასში კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან (ფხვნილთან) ერთად აურიეთ და თეთრ ქაფს დაუმატეთ. ლიმონის ცედრა ან ნებისმიერი სხვა არომატიზატორი დაუმატეთ.
6. კვერცხის გულებს ათქვეფილი ცილები (არ აურიოთ) დაუმატეთ, ზემოდან მესამეჯერ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ნიჩბით ფრთხილად, ერთი მიმართულებით (ქვემოდან ზემოთ) აურიეთ. ცომში ჰაერის ბუშტები უნდა დარჩეს.
7. ცომი ფორმაში სწრაფად გადაიტანეთ და თანაბრად გადაანაწილეთ ისე, რომ შუაში უფრო ნაკლები ცომი დარჩეს, ვიდრე კუთხეებში.
8. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ბისკვიტი 1 საათით აცხვეთ. ამ დროში ღუმელის კარი არ გააღოთ! ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით ან კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
9.ბისკვიტს ფორმაში ცოტა გაგრილება აცადეთ. შემდეგ გადააბრუნეთ, რბილი ბამბის პირსახოცი გადააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. ასე ბისკვიტის ქერქი რბილი და ნაზი იქნება და კუთხეებში არ იხრაშუნებს.
10. გაგრილებული ბისკვიტი შეგიძლიათ ჩაის მიაყოლოთ. ტორტი სწრაფად რომ ააწყოთ, ბისკვიტი სამ ფენად გაჭერით და თითოეულს საყვარელი კრემი ან მოხარშული კრემი წაუსვით.
წარმატებულ შედეგს გისურვებთ! გვიამბეთ კომენტარებში, თუ რა საიდუმლოებებს იყენებთ იდეალური ბისკვიტის გამოსაცხობად.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.