რატომ უნდა გამოკვებოთ კიტრი რძით

0
1241

თითოეულ მეაგარაკეს საკუთარი ნაკვეთიდან კარგი მოსავლის აღება სურს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყველასთვის საყვარელ კიტრს ეხება. სასურველი შედეგის მიღწევას ხრიკების გარეშე ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ წარმატებული მებოსტნეების გამოცდილებას. ასევე გაიგეთ, როგორ უნდა მოამზადოთ კიტრის სასუქი რძით.

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ საკვებად კიტრის და რძის კომბინაცია არ ღირს. ეს ნამდვილად სწორი შენიშვნაა! მაგრამ სასუქის სახით ხორკლიანი მწვანე ბოსტნეულისთვის უკეთეს პროდუქტს ვერ იპოვით.

როგორ მოვამზადოთ კიტრის სასუქი

საერთოდ რა საჭიროა ნებისმიერი სასუქი? იმისთვის, რომ ბუჩქის ზრდა დააჩქაროთ, ნაკვეთზე უხვი მოსავალი უზრუნველყოთ, ხოლო თავად კიტრი ხრაშუნა და წარმოუდგენლად გემრიელი გახდეს.

რძით გამოკვების უპირატესობაა ის, რომ მსგავსი სასუქი სწრაფად მზადდება და ამასთან ბოსტნეულის ხარისხზე ცუდ გავლენას ნამდვილად არ ახდენს. ნატურალური (ფერმის) რძით გამოკვებილი შინაურული კიტრი უფრო კარგი იქნება, ვიდრე სუპერმარკეტში შეძენილი საეჭვო პროდუქტი.

რძეზე დაფუძნებული სასუქი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას, რომელიც ნერგის და ნაყოფიერი ბუჩქის განვითარებას ხელს უწყობს. მას კიდევ რამდენიმე უპირატესობა გააჩნია.

საქმე იმაშია, რომ მსგავსი გამოკვება კიტრს იცავს. რძეში შემავალი ლაქტოზა სხვადასხვა მავნებლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს – მავნებლებს უბრალოდ მისი გადამუშავება არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, თქვენს კიტრთან საქმის დაჭერა არავის მოუნდება.

ასეთი გამოკვება ფოთლებზე თხელ დამცავ ფენას ქმნის. შედეგად, ის მავნე მიკროორგანიზმებისთვის დაბრკოლება ხდება, რაც მთელი მოსავლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სასუქის მომზადება რთული არაა: 10 ლ წყალზე 0,5 ლ რძე და 10 წვეთი იოდი დაგჭირდებათ. კარგად მორევა არ დაგავიწყდეთ. ფესვებთან მორწყეთ. ახალგაზრდა ნერგებისთვის (ზრდის პირველ ეტაპზე) 200 მლ სასუქი საკმარისია. ზრდასრული ნერგისთვის (ყვავილობის პერიოდში) – 500 მლ.

პროფილაქტიკის მიზნით ამავე ხსნარით კიტრი ყოველ 10 დღეში დანამეთ. ხშირად რძეს რძის შრატით ან კეფირით ცვლიან. პროპორციები უცვლელი რჩება.

სიტყვაზე, რძეს კიტრის გამოსაკვებად დიდი ხანია იყენებენ, ამიტომ სხვა ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, სასუქს უფრო გაჯერებულს ხდიან: 5 ლ წყალს 1 ლ რძეს უმატებენ. ზოგჯერ რამდენიმე წვეთ თხევად საპონსაც უმატებენ.

რა თქმა უნდა, თითოეულ მებოსტნეს თავისი საიდუმლო ხრიკები აქვს, რომელიც სასურველი კიტრის მოსავლის მიღებაში ეხმარება. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები, რომლებიც წლიდან წლამდე თქვენი ნაკვეთიდან ბევრი ვიტამინებით მდიდარი გემრიელობის მიღებაში გეხმარებათ.