რა უნდა ასწავლოთ ბავშვს, რომ სიბერეში ცრემლები არ ღვაროთ

236

ვინ მოგცათ საუკეთესო რჩევა ცხოვრებაში? სავარაუდოდ, მამაზე ან დედაზე გაიფიქრებთ. ნამდვილად, ისინი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ყველაფერს გვასწავლიან. მაგრამ რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ შემდეგ ისინი მადლიერები იყვნენ? დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორი უნდა აღზარდოთ და განავითაროთ ბავშვის პიროვნება.

ბავშვის აღზრდა და განვითარება

თქვენმა შვილებმა კარგი აღზრდისთვის მადლობა ნამდვილად რომ გითხრათ, ჩაინიშნეთ 9 მნიშვნელოვანი გაკვეთილი. მათთვის ამის სწავლა გვიანი არასდროს არაა.

1. საჭმლის მომზადება

ექსპერტები თვლიან, რომ საჭმლის მომზადება სიყვარულის გამოხატვის და ურთიერთობის უნარების განვითარებას ხელს უწყობს. თავისი არსით, ეს ალტრუიზმის ნამდვილი აქტია, რომელსაც ბედნიერება და ხალხთან ერთიანობის გრძნობა მოაქვს. ეს ბავშვებს რატომ არ უნდა ასწავლოთ?

იმის გაგებით, თუ რისგან მზადდება კერძი, ბავშვი სწრაფად იგებს სასარგებლო და მავნე საკვებს შორის სხვაობას და მოგვიანებით პროდუქტის არჩევისას უფრო გონიერი იქნება. მარტივი რეცეპტით დაიწყეთ, მაგრამ განმარტებებში გულუხვი იყავით. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ბავშვს მომავალში დააფიქრებს, სანამ მეგობრების წრეში მორიგ ჰამბურგერს იყიდის.

2. მოფერების გამოხატვა

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბავშვების უმეტესობა მოზარდობის ასაკში (9-13 წელი) გრძნობების გამოხატვაზე უარს ამბობენ, ზოგჯერ უფროსების მხრიდან ამის მიღებაზე საერთოდ უარს აცხადებენ. დიდი ალბათობით, ამის გამო ადამიანმა შეიძლება არავერბალური სიახლოვის უნარი დაკარგოს. მის გარეშე გარშემომყოფებთან სანდო ურთიერთობის აშენება შეუძლებელია.

მოზარდს რომ დაეხმაროთ, მნიშვნელოვანია თქვენი სიყვარული შეხებით გამოხატოთ, თუმცა უფრო ნაზ ფორმაში. მხარზე შეხება, ცოტა ხნით ჩახუტება სავსებით მისაღებია. როცა ბავშვი გაიზრდება, ჩახუტების და კოცნის დაბრუნებას შეძლებს.

3. ფულის გამომუშავება სიამოვნებისთვის

ბავშვის მატერიალური კეთილდღეობა რომ უზრუნველყოთ, მას ძირითადი ფინანსური წესები და შრომა ასწავლოთ. 3 წლიდან შეგიძლიათ ბავშვს ფულზე ყველაფერი უთხრათ. განუმარტეთ, თუ რა არის ეს, როგორ ჩნდება ფული ოჯახში და რატომ არ შეიძლება ყველაფრის ყიდვა, რასაც მაღაზიაში ვხედავთ. სკოლამდელ ასაკში სწორი აღზრდის შემთხვევაში ბავშვს ფულთან დაკავშირებით ჯანსაღი დოგმები ექნება.

სახლის პატარა საქმეებში, საყიდლებში, ძაღლის მოვლაში დახმარების თხოვნით ბავშვს შრომის მიმართ სიყვარულს ასწავლით. გახსოვდეთ, რომ ასეთი დახმარებისთვის ფულის გადახდა ცუდი იდეაა. ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია იქნება ფული და არა ოჯახში და საერთო საქმეში მონაწილეობის მიღება. მოგვიანებით, უფრო გაცნობიერებულ ასაკში (10-14 წელი) მნიშვნელოვანია, რომ მას საქმე უპოვოთ, რის გამოც ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ასე გაიგებს, თუ რა არის ფინანსური დამოუკიდებლობის სიხარული და მომავალში მის მოხვეჭაზე იზრუნებს.

4. იყოს ბედნიერი მარტოობაში

მსოფლიოს საუკეთესო ფსიქოთერაპევტებმა იციან, რომ ყველამ, გამონაკლისის გარეშე, მარტოობაში დროის გატარება უნდა იცოდეს. მსგავსი პრაქტიკა ზრდის შრომისუნარიანობას, კრეატიულობას და ფსიქიკური უსიამოვნების პროფილაქტიკას წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც განმარტოებას აფასებს, უფრო თვითკმარია, ინიციატივებს უფრო გამოთქვამს და საკუთარ მოთხოვნილებებს უფრო უკეთ გრძნობს.

ამაზე ადრეული ასაკიდან უნდა იმუშაოთ. ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც საკუთარი თავის გართობა შეუძლიათ, უფრო დამოუკიდებლები იზრდებიან და ცხოვრებაში ღირსეულ მეგზურს პოულობენ. რა თქმა უნდა, მათ ხომ არ აშინებთ მარტო დარჩენის პერსპექტივა, ამიტომ პირველ შემხვედრზე ხელის ჩაკიდება აუცილებელი არაა.

5. არ შერცხვეს იყოს ნამდვილი

ძალიან პატარა ბავშვებისთვის სირცხვილი ან მორიდება ნაცნობი არაა. თავიდან ამბობენ და აკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც გრძნობენ, ვინმესთვის თავის მოწონებას არ ცდილობენ. თუმცა მოგვიანებით მოდის გაგება, რომ ზოგჯერ საკუთარი ინტერესების გამო ემოციების დამალვა სჯობს. ასე შეიძლება დედას განწყობა არ გაუფუჭოს, მეორე კანფეტი ან აკვაპარკში გასეირნება მიიღოს.

დათრგუნული ემოციები მასწავლებელთან შეკამათების ან მეგობრებთან სასაცილოდ მოქმედების შიშს იწვევს. ეს ყველაფერი საკუთარი „მეს“ დაკარგვაში რომ არ გადაიზარდოს, მშობლები უნდა იყვნენ გამგებიანი, უფრო გახსნილი ბავშვის განწყობის მიმართ და ის ისეთი მიიღონ, როგორიც არის. როცა ბავშვი დარწმუნებულია, რომ მისი ნეგატიური ემოციები და უცნაური სურვილები საყვარელ ადამიანებს არ დააშორებს, ის გადაწყვეტილებებში სითამამეს და შემოქმედებით თავისუფლებას ინარჩუნებს.

6. ცვლილებებთან სწრაფად შეგუება

თუ თქვენს ბავშვს გარშემო ყველაფრის გაკონტროლება უყვარს და ყველაფრის წინასწარ გაგება სურს, სჯობს დაელაპარაკოთ, რომ გაურკვევლობა ცხოვრების განუყოფელი, ბუნებრივი ნაწილია. სჯობს თავიდანვე ასწავლოთ ცვლილებების მიღება და იმაზე არ ნერვიულობა, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. ცვლილების მიმართ მზადყოფნა ბავშვს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მოქნილი იყოს და ნებისმიერ გარემოს შეეგუოს.

7. მოთმინება, რომ უფრო მეტი მიიღოს

არსებობს კვლევა, რომელიც ბავშვის თვითკონტროლსა და მის წარმატებულ გაზრდას შორის კავშირს ადასტურებს. ეს უნარი ყველაფერზე გავლენას ახდენს, დაწყებული ფინანსური კეთილდღეობით და დასრულებული სიბერის სიჩქარით. თუ ბავშვს ასწავლით მოთმინებას რიგში დგომისას, ხანგრძლივი სეირნობისას და მოსაწყენი სკოლის ამოცანების შესრულებისას, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ის უფრო მეტს მიაღწევს. ბავშვს მშვიდად აუხსენით, რომ დიდი ოცნებების ასრულება თანდათანობით პატარა მიზნების მიღწევით შეიძლება.

8. სუსტებზე ზრუნვა

ბავშვები დაბადებიდან ბევრ ყურადღებას და ზრუნვას იღებენ. ამის მიუხედავად, ბავშვი მზრუნველი, ყურადღებიანი რომ გაიზარდოს, მას ზრუნვის არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც უნდა ასწავლოთ. სჯობს იპოვოთ ვიღაც, ვისზეც ბავშვი იზრუნებს. შესანიშნავად გამოდგება კატა, პატარა ძაღლი ან თაგვი. შინაური ცხოველის გამოკვება და გასეირნება ბავშვობიდან პასუხისმგებლობის გრძნობას განავითარებს. რა თქმა უნდა, მშობლების დახმარება საჭირო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი დაიღლება და პროტესტს გამოხატავს.

აი, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, უფროსს შეუძლია უმცროსზე იზრუნოს. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, მთელი პასუხისმგებლობის პატარა ბავშვის მხრებზე გადატანა არ ღირს. მშობლის ფუნქცია მშობელს უნდა დარჩეს. უბრალოდ ბავშვს უფლება მიეცით, რომ ძმის ან დის მიმართ მოფერება გამოხატოს და მარტივ საქმეებში დაგეხმაროთ.

9. სხეულის სისუფთავეზე ყურადღების მიქცევა

ჩვილისგან განსხვავებით, რომელსაც ადვილად დაბანთ, უფრო მოზარდ ბავშვთან საქმე რთულადაა. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მოთმინება გამოიჩინოთ და ბავშვს აჩვენოთ, თუ როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ცუდ სუნზე ან უსიამოვნო კბილებზე ყურადღება გაამახვილოთ და კონცენტრირება საკუთარ თავზე ზრუნვის სიამოვნებაზე მოახდინოთ. ბავშვს გემრიელი კბილის პასტა, უჩვეულო კბილის ჯაგრისი, ანიმაციებით გამოსახული პირსახოცი ან შამპუნი შოკოლადის სუნით შეუძინეთ. მალე დაინახავთ, თუ როგორი სიხარულით გაიქცევა სააბაზანოში.

ამ სიით შეიარაღდით, რომ მშობლების ხელოვნებაში ცოტათი უკეთესი გახდეთ. თქვენ რა გაკვეთილისთვის უხდით მადლობას მშობლებს? კომენტარები თამამად გაგვიზიარეთ! წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს