როგორ გადავაჩვიოთ ფუმფულა ბარბაროსს ოთახის მცენარეების ჭამა

354

სულ ცოტა ხნის წინ ჩემს ოჯახში ახალი ოჯახის წევრი, კნუტი გამოჩნდა. ახლა გვერდით ორი კრუტუნა არსება გვყავს. ჩვენი დიდი კატისგან განსხვავებით კნუტს ჯერ ჭკუა არ აქვს, ამიტომ მცენარეებს აქტიურად უტევს. აღმოჩნდა, რომ მცენარეები კატისთვის საკმაოდ საინტერესო სანადირო ობიექტია.

საბოლოოდ, მონსტერას და კალანხოეს ქოთნები გადაბრუნდა, ხოლო ნემსიწვერა ფუმფულა ფისოს ძალიან მოეწონა. მოკლედ, უცრემლოდ ვერ შეხედავთ. ამ პრობლემის გადასაჭრელი მეთოდის სწრაფად პოვნა მომიწია. დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ 4 პოპულარულ მეთოდს კატების თვითნებობასთან გასამკლავებლად.

მცენარეები კატებისთვის

უამრავი მეთოდი გვპირდება, რომ კატები მცენარეების კვნეტას და ქოთანში მიწის თხრას შეწყვეტენ. 4 პოპულარული მეთოდის ეფექტურობა თავად პრაქტიკაში გამოვცადე. ჩემდა გასაკვირად, მათგან მხოლოდ 2 მოქმედებს. რომელი? ახლა ჩემი ექსპერიმენტის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ხახვი და ყავა

ეს მეთოდი რომელიღაც ფორუმზე ვიპოვე. შინაური ცხოველების მფლობელები გვპირდებოდნენ, რომ ის ნამდვილად მუშაობს. თუ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხახვს და ერთ კოვზ ყავას აურევთ და ქოთანში მცენარის ღეროსთან ახლოს დადებთ, „კატა მასთან ახლოსაც არ მივა“.

ნავარაუდევი იყო, რომ ხახვის სუნი კატას დააფრთხობდა, ხოლო ყავა ხახვის უსიამოვნო სუნს ბინის მფლობელისთვის შეასუსტებდა. სამწუხაროდ, მეთოდმა არ გაამართლა. გამოყენებიდან რამდენიმე საათში კუდიანმა მორიგი ქოთანი წარმატებით გადააბრუნა.

ლიმონის ცედრა

მცდელობა №2. ლიმონის ცედრა გახეხეთ და ანალოგიურად ქოთანში მიწის ზედაპირზე მოათავსეთ. ვიცით, რომ კატებს მკვეთრი სუნი არ უყვართ, მათ შორის ციტრუსის სუნი. ამ მიზეზით კატა მცენარეს აღარ შეჭამს. მიუხედავად ამისა, მეთოდმა შედეგი ვერ გამოიღო.

ბალახები კატებისთვის

კატას ასეთი მავნე ჩვევა რომ გადააჩვიოთ, ალტერნატივა უნდა შესთავაზოთ. ცნობილია, რომ კატებს მცენარეებთან კონტაქტი და მისი დაღეჭვა სჭირდებათ, რადგან ველურ ბუნებაში ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვეტერინარები გირჩევენ, რომ ბალახი თავად გაზარდოთ ან უკვე მზა ბალახი შეიძინოთ. მასში ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტი შედის, რომელიც შინაურ ცხოველს სჭირდება. სხვათა შორის, ასეთი „ბალახის ხალიჩა“ თეთრები ღირს და დიდხანს გეყოფათ.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ მეთოდის შედეგი დავინახე! კატა ფანჯრის რაფაზე ახტა, ჩემს ყვავილებს ზედაც არ დახედა და უპირატესობა ჩემ მიერ მომზადებულ ბალახს მიანიჭა. აი, რას ნიშნავს სწორი მიდგომა!

ლავანდა

გასაოცარია, მაგრამ ლავანდას არა მხოლოდ მშვენიერი არომატით სახლის გავსება, არამედ ოთახის მცენარეებიდან კატის განდევნა შეუძლია. უბრალოდ ეს არომატული მცენარე დარგეთ და საქმე გაკეთებულია. ზაფხულში შეგიძლიათ ახალი ლავანდა გამოიყენოთ, ზამთარში კი ხმელი ლავანდაც გამოგადგებათ. სხვათა შორის, ლავანდის ეთერზეთიც წარმატებით მუშაობს.

აი, ასეთი კვლევა გამომივიდა. ახლა უკვე იცით, თუ როგორ გადააჩვიოთ საყვარელ ფისოს მავნე ჩვევა სწრაფად და ეფექტურად. თქვენ როგორ იცავთ მცენარეებს კატების თავდასხმისგან? თქვენი გამოცდილება კომენტარებში თამამად გაგვიზიარეთ. დაე, თქვენმა ყვავილებმა თვალი გაახაროს და მთელი და უვნებელი დარჩეს. წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს