იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად გარეცხვის და სარეცხი მანქანის დისტანციურად მართვის საშუალებას გვაძლევს, რეცხვა ერთ–ერთი ყველაზე მოსაწყენი საყოფაცხოვრებო საქმიანობაა. სტატისტიკის თანახმად, თითოეული ქალი დღეში 17 წუთს რეცხვაზე ხარჯავს. ცხოვრება ცოტათი რომ გაიმარტივოთ, „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ტანსაცმელი სწორად სარეცხ მანქანაში. გთავაზობთ 13 ხრიკს, რომლებიც რეცხვას უფრო მარტივს, სასიამოვნოს და ეფექტურს გახდის.
როგორ გავრეცხოთ სწორად სარეცხ მანქანაში
1. პირის ღრუს სავლები გამოიყენეთ
სარეცხი მანქანის დოლურას დეზინფექცია რეგულარულად უნდა ჩაუტაროთ, რომ მოწყობილობამ სათანადოდ იმუშავოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სპეციალური სარეცხი საშუალება გამოიყენოთ, თუმცა ჩვეულებრივი პირის ღრუს სავლებიც შესანიშნავად გაუმკლავდება. ამისთვის ნახევარი ჭიქა სავლები ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში ჩაასხით და რეცხვის სრული ციკლი ჩართეთ. ასე სოკოს, ობს და ნებისმიერ მავნე ბაქტერიას მოიშორებთ.
2. წინდების გასარეცხად ტომრები გამოიყენეთ
უკვე დიდი ხანია ხუმრობა დადის, რომ ყველა წინდა ადრე თუ გვიან უწყვილოდ რჩება, რომელიც სარეცხ მანქანაში ორთქლდება. მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად პატარა ნივთების სპეციალურ ტომრებში გარეცხვა ჩვევად გქონდეთ.
3. ასპირინი ნივთების გასათეთრებლად
ზოგიერთი ადამიანი გარდერობში თეთრი ნივთების ქონას გაურბის, რადგან მათი სიქათქათის სწრაფად დაკარგვის ეშინია. თუმცა თუ რეცხვის დროს კარგად ნაცნობი ასპირინის რამდენიმე აბს გამოიყენებთ, თქვენი ნივთები უფრო თეთრი გახდება. ყველაფერი კი მასში შემავალი სალიცილის მჟავის დახმარებით.
4. ნივთები ძალიან დიდხანს არ გააშროთ
ცოტამ თუ იცის, მაგრამ ნივთები, რომლებსაც დიდხანს აშრობდნენ, რთული გასაუთოებელია. საქმე იმაშია, რომ ასეთ შემთხვევაში ნივთები თერმული დამუშავების მიმართ უფრო მტკიცე ხდება. ზოგჯერ ორთქლის უთოც ვერ დაგეხმარებათ, რომ საყვარელი ტანსაცმლის ქსოვილი გაასწოროთ. სწორედ ამიტომ, სჯობს მნიშვნელოვანი ნივთები დააუთოოთ. თუ ძალიან დიდხანს აშრობდით, უბრალოდ წყლით დანამეთ.
5. საბავშვო შამპუნი რეცხვის შემდეგ დამჯდარი ნივთის აღდგენაში დაგეხმარებათ
დიახ, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ საბავშვო შამპუნს ან კონდიციონერს შეუძლია ნივთებს ძველებური ზომა დაუბრუნოს. უბრალოდ ტანსაცმელი ცოტა საბავშვო საშუალებაში 10-15 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ ნივთები პირსახოცით გააშრეთ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სრულად გაშრობა აცადეთ.
6. არ გამოიყენოთ კონდიციონერი თეთრი ნივთების გარეცხვისას
გამოცდილი დიასახლისები თეთრი ნივთების გარეცხვისას კონდიციონერის გამოყენებას არ გირჩევენ, რადგან ასე ნივთები სიქათქათეს კარგავს. კონდიციონერი საყვარელი მათეთრებლით ჩაანაცვლეთ, რომ ქათქათა თეთრ ფერს მიაღწიოთ.
7. ნივთები ფერების მიხედვით არ დაახარისხოთ
სჯობს ნივთები ქსოვილის სიმკვრივის მიხედვით დაახარისხოთ. მძიმე ქსოვილი უფრო მეტ წყალს იწოვს, ვიდრე მსუბუქი. თუ მათ ერთად გარეცხავთ, დიდი ალბათობით თხელი ქსოვილის ნივთები გაცვდება. ამასთან რამდენიმე წესი გახსოვდეთ.
- თეთრი ნივთები ყოველთვის ცალკე გარეცხეთ.
- ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერადი ნივთები გაუფერულდება.
8. სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები ჩაყარეთ
რეცხვის დროს დოლურაში ფოლგის ბურთები ჩაყარეთ და ნივთების ელექტროდამუხტვა სამუდამოდ დაგავიწყდებათ. ყველაფერი მარტივია: ფოლგა სტატისტიკურ მუხტს იწოვს.
9. საპარსი კრემი კოსმეტიკის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ
ერთი შეხედვით, ზოგიერთი ტონალური კრემის და ტუჩსაცხის ლაქა ტანსაცმელზე სამუდამოდ რჩება. მაგრამ გამოსავალი არსებობს! მაკიაჟის კვალის მოსაშორებლად, ქსოვილს საპარსი ქაფი წაუსვით და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
10. ქუდები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ
თავის აქსესუარმა ფორმა რომ არ დაკარგოს, სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ. ამის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზედა თარო გამოიყენეთ.
11. წინდები ცივ წყალში გარეცხეთ
ალბათ, ეს ბევრს შოკში ჩააგდებს, მაგრამ წინდების ცხელ წყალში გარეცხვა არ შეიძლება! ყველაფერი იმიტომ, რომ ჭუჭყის უმეტესი ნაწილი (მათ შორის ოფლი) ცილებისგან შედგება. ცხელ წყალთან შეხებისას ჭუჭყი წინდებზე სამუდამოდ რჩება. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, თუ სხვა რას ფიქრობს, წინდები სჯობს ცივ წყალში გარეცხოთ.
12. ჩამჯდარი ლაქები ფენით მოიშორეთ
არაცილური ლაქების მოსაშორებლად, როგორიცაა ბალახი, მიწა ან წვენი, ლაქა ფენით გაახურეთ და ცოტა სარეცხი საშუალება წაუსვით. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. ასეთი გახურება ლაქის ამომყვანს საშუალების ეფექტურად მოქმედებაში დაეხმარება.
13. ნივთების სწრაფად გასაშრობად მშრალი პირსახოცი გამოიყენეთ
გარეცხილი ნივთები უფრო სწრაფად გაშრება, თუ სველ ნივთებს შორის მშრალ პირსახოცებს ჩადებთ.
თქვენ როგორი რჩევის გაზიარება შეგიძლიათ რეცხვის შესახებ? თამამად მოგვწერეთ. ვიმედოვნებთ, ამ ხრიკებით ისეთი მოსაწყენი საქმე, როგორიცაა რეცხვა, სასიამოვნო გახდება.