როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ბზინვარებამდე

3453

ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო, როცა სახლში სარეცხი მანქანა–ავტომატი არ მქონდა. ნახევრად ავტომატი, ხელით რეცხვა – ეს ყველაფერი არც ისეთი მოსახერხებელი და სწრაფი იყო, როგორც ახლა.

ავტომატური სარეცხი მანქანის შეძენის შემდეგ მე, როგორც ბევრმა სხვამ, რეცხვისგან ნამდვილი სიამოვნება მივიღე. რამდენიმე წელი ასეთი უმწიკვლო მუშაობით უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი.

დროთა განმავლობაში სარეცხი მანქანის დოლურადან უსიამოვნო სუნს ვგრძნობდი. წყალსაც ცუდად აცხელებდა, რაც რეცხვის ციკლის ზრდაზე და ენერგიის მოხმარებაზე გავლენას ახდენდა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იმედი გამიცრუა, მაგრამ პრობლემის დადგენისას მივხვდი, რომ დროა გავწმინდო!

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა

ინსტრუქციის კარგად შესწავლის და უამრავი ვიდეოს (როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ჭუჭყისგან) ყურების შემდეგ მივხვდი, რომ გაწმენდა მანქანის თითქმის ყველა ელემენტს სჭირდება: შიდა დოლურიდან დაწყებული და სადინარი ფილტრით დამთავრებული.

„პაპარაცი“ გთავაზობთ 5 შესანიშნავ ხრიკს, რომელთა დახმარებით ჭუჭყიანი სარეცხი მანქანა პრობლემა აღარ იქნება. სწრაფად, სუფთად და ძალიან მოსახერხებლად!

1. მანქანის კარი

რეცხვის შემდეგ სველი რჩება არა მხოლოდ თეთრეული, არამედ მანქანის კარი. ეცადეთ. მანქანის კარი ყოველთვის ღიად დატოვოთ, რომ გაზრდილი ტენიანობის გამო მასში ობი არ გაჩნდეს.

2. ლუქის რეზინის გაწმენდა

მანქანის ლუქის რეზინაში ბევრი ჭუჭყი და ობი გროვდება, ამიტომ ის განსაკუთრებით კარგად უნდა გაწმინდოთ. ამის გაკეთებას ნებისმიერი საწმენდი საშუალებით და სოდით შეძლებთ.

თუ მანქანაში ძალიან ბევრი ობი დაგროვდა, რომელსაც უსიამოვნო სუნიც აქვს, ძლიერ მოქმედი სარეცხი საშუალება უნდა გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქლორის შემცველი საშუალების ხშირად გამოყენება არასასურველია. ამან შეიძლება რეზინის დეფორმაცია გამოიწვიოს.

გასაწმენდად ღრუბელს ცოტა შერჩეული საშუალება წაუსვით. რეზინა თქვენკენ ფრთხილად გამოწიეთ და კორპუსის ლითონის ნაწილი გაწმინდეთ. ამავე მეთოდით გაწმინდეთ თავად რეზინა. ფრთხილად იყავით და რეზინი ძლიერ არ გაწელოთ, რომ შემთხვევით არ დააზიანოთ!

3. დოლურის გაწმენდა ნადებისგან

დოლურის გაწმენდა ნარჩენი მინერალებისა და ნადებისგან ძალიან მარტივი, მაგრამ ძლიერ მოქმედი მეთოდით შეიძლება. ამასთან საშუალება სულ რაღაც თეთრები ღირს.

ნადები შედგება მაგნიუმის და კალციუმის მარილებისგან, ანუ მათზე ორგანული და არაორგანული მჟავებით უნდა იმოქმედოთ. და ასეთი მჟავები სახლში ყველას აქვს. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ძმარი ან ლიმონის მჟავა დაგეხმარებათ.

ლიმონის მჟავის გამოყენების ყველაზე მარტივი მეთოდია: 1-6 პაკეტი ლიმონის მჟავა დაგჭირდებათ. ზუსტად რამდენი უნდა ჩაყაროთ, დამოკიდებულია სარეცხი მანქანის მოცულობასა და სიბინძურის დონეზე.

საშუალება ფხვნილის ჩასაყრელ უჯრაში ჩაყარეთ და მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე და მუშაობის დროზე ჩართეთ.

4. უჯრის გაწმენდა

ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა ინსტრუქციის მიხედვით გამოიღეთ. შემდეგ ფხვნილის ძველი ნარჩენები ნებისმიერი სარეცხი საშუალებით მოაშორეთ, შემდეგ გაამშრალეთ.

ჟანგის ნადების მოსაშორებლად ძმრის და სოდის ნარევი გამოიყენეთ. კონტეინერი ამ ხსნარში ჩაალბეთ და 30 წუთით ან რამდენიმე საათით გააჩერეთ.

5. სადინარი ფილტრის გაწმენდა

თუ ფილტრს ძლიერ დააბინძურებთ, მანქანა ადრე თუ გვიან წყლის გადინებას შეწყვეტს, რის გამოც წყალი ზემოთ ამოვა და შეიძლება გარეთ გადმოიღვაროს. საბედნიეროდ, სარეცხი მანქანის ფილტრის გაწმენდა ძალიან მარტივია.

ამისთვის ფილტრის თავსახური მოხსენით. ის, როგორც წესი, კორპუსის ქვედა ნაწილში მდებარეობს. თუმცა, სანამ სახურავს მოხსნით, იატაკზე პირსახოცი დააფინეთ ან წყლის შესაგროვებლად ჭურჭელი დადეთ.

სახურავი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაატრიალეთ და ნახვრეტიდან ყველა დაგროვილი ჭუჭყი ამოიღეთ: ეს შეიძლება იყოს მონეტები, თმა, ბეწვი, კბილის ჩხირი და სხვა წვრილმანი. ნახვრეტი გაწმინდეთ, დახურეთ და დეკორატიული საფარი თავის ადგილას გაუკეთეთ.

ამ მარტივი რეკომენდაციების დაცვით თქვენი სარეცხი მანქანა არა მხოლოდ ახალივით იქნება, არამედ უკეთ იმუშავებს, ხოლო თეთრეული რეცხვის შემდეგ უფრო სუფთა, ახალი და არომატული იქნება. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ. დაე, რეცხვის პროცესი მსუბუქი და კომფორტული იყოს.

ამ ხრიკების მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ, ისინი მადლობელი იქნებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს