როგორ გავაკეთოთ შინაურული ჰაერის გამაჯანსაღებელი საშუალება

0
1042

სპრეი ვარდის ფურცლების არომატით, დილის სიჯანსაღით და ზღვის შხეფებით თითქმის ყველა სახლში შეიძლება ნახოთ. თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ერთი შეხედვით უწყინარ ჰაერის გამაჯანსაღებელ საშუალებებს.

გემრიელი სუნის მიღმა უამრავი ტოქსიკური ნივთიერება იმალება, როგორიცაა ფენოლი, ფორმალდეჰიდი და ფტალატები. დახურულ შენობაში ყველა ეს კანცეროგენი ფილტვებიდან და ჩვენი კანიდან ორგანიზმში ადვილად აღწევს.

თავდასაცავად შეგიძლიათ ნატურალური არომატიზატორი გააკეთოთ. მის მომზადებაზე რამდენიმე წუთს დახარჯავთ, მაგრამ სარგებელი შეუფასებელი იქნება.

ის ბინას ან ავტომობილის სალონს არა მხოლოდ კარგი სურნელით გაავსებს, არამედ სხვადასხვა უსიამოვნო სუნის განეიტრალებაში დაგეხმარებათ და ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს. რაც მთავარია – ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს!

როგორ გავაკეთოთ შინაურული ჰაერის გამაჯანსაღებელი

ლამაზი ქილები, რომლებიც არ გჭირდებათ, მაგრამ გადაგდებაც გენანებათ, შეგიძლიათ სოდიანი არომატიზატორის ჭურჭლად გამოიყენოთ. რატომ სოდით? საქმე იმაშია, ის სხვადასხვა სუნებს საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს. ამ უნარის წყალობით სოდა არომატიზატორის მთავარი კომპონენტია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1-2 პატარა ლამაზი ქილა თავსახურით
  • საკვები სოდა
  • ეთერზეთი ან სხვადასხვა ეთერზეთის ნარევი

მომზადება:

1. ქილის ძირში საკვები სოდის 1 სმ ფენა ჩაყარეთ.

2. 7-12 წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ.

3. ქილას თავსახური ან ფოლგის ნაჭერი მჭიდროდ დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ.

4. თავსახური რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ, ამისთვის ჩაქუჩი და ლურსმანი გამოიყენეთ.

5. ქილას ნახვრეტებიანი თავსახური დაახურეთ. არომატიზატორი სოდით და ეთერზეთით მზადაა!

შეგიძლიათ ქილას თავსახური არ დაახუროთ, არამედ მასში ჩაის სანთელი ჩადოთ. სანთელი ჰაერს გაახურებს და არომატს გააძლიერებს.

ყავის არომატიზატორი

ყავის სურნელი გიყვართ? მაშინ ყავის არომატიზატორი თქვენს მშვენიერ სახლს უფრო მყუდროს გახდის და გემრიელი ყავის არომატით გაავსებს.

მის გაკეთებას წამებში შეძლებთ. ამისთვის შემწვარი ყავის მარცვლებით ლამაზი თეფში, ზარდახშა ან პატარა ლარნაკი გაავსეთ და მთელ სახლში დადეთ.

ფორთოხლის არომატიზატორი

ფორთოხალი, ლიმონი და ნებისმიერი სხვა ციტრუსი არომატიზატორის შესაქმნელად შესანიშნავი საფუძველია. ის არა მხოლოდ ინტერიერს აძლიერებს, არამედ შესანიშნავ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ფორთოხალი
  • 3-5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 2 კოკორი მიხაკი

მომზადება:

  1. ბასრი დანით ფორთოხლის თავი გადაჭერით.
  2. ჩაის კოვზით რბილობი სრულად მოაშორეთ.
  3. ფორთოხლის შიგნით ჩაყარეთ დარიჩინი, მიხაკი, რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი და მზა არომატიზატორი შენობაში დადეთ.

თვითნაკეთი ნატურალური გამაჯანსაღებელი სახლში წარმოუდგენელ ატმოსფეროს შექმნის. უამრავი სუნებიდან აირჩიეთ ყველაზე შესაფერისი და სასიამოვნო – თქვენი სახლის სუნი.