რატომ არ შეიძლება კარტოფილის ღეროების დაწვა შემოდგომაზე

0
120

გამოუცდელმა მებაღეებმა არ იციან ხოლმე, რა მოუხერხონ ბოსტნეულის ღეროებს. ამიტომ, ხშირად უხდებათ არჩევნის გაკეთება ორ ვარიანტს შორის: გადაყაროს თუ დაწვას. თუმცა, ამ ვარიანტებს შორის სწორს ვერც ერთს ვუწოდებთ.

პირველ შემთხვევაში ხომ ნარჩენები სადღაც უნდა გაიტანოთ, ამას დრო და ენერგია დაახარჯოთ, სამაგიეროდ კი ვერაფერი მიიღოთ. მეორე შემთხვევაში კი, ნარჩენებთან ერთად, ვწვავთ ნედლ ბალახსაც, ვსუნთქავთ მავნე კვამლს თავადაც და მეზობლებსაც ვასუნთქინებთ.

ის, რომ ამ სახით მებაღეები ფიტოფტორას ებრძვიან, გამართლება არაა. ღეროებს ხომ ყოველ წელს წვავენ, შედეგი კი ჯერ არავის უნახავს. მაშ, რა მოვუხერხოთ უსარგებლო ფოთლებსა და ღეროებს?

რა მოვუხერხოთ ღეროებს

არსებობს რამდენიმე ვარიანტი კარტოფილის, პომიდვრის, ბადრიჯნისა და ყვავილების ღეროების გამოსაყენებლად ისე, რომ ნაკვეთს სარგებელი მოუტანოთ. ამისთვის ნარჩენების დამქუცმაცებელი გამოგადგებათ. თუმცა, მის გარეშეც გამოძვრებით.

თუ დამქუცმაცებელი გაქვთ

თუ კარტოფილის ღეროები ჯერ ისევ მწვანეა, გაატარეთ დამქუცმაცებელში, თუ მოწყობილობა ამისთვისაა. იმავეს გაკეთება შეიძლება პომიდვრისა და ბადრიჯნის ღეროებზეც.

შედეგად, მიიღებთ შესანიშნავ მულჩას, რომლის გამოყენება ხეხილისა და ბუჩქების ძირებზე შეიძლება. ასეთი ნედლეული გამოიყენება საყვავილეებშიც.

თუ დამქუცმაცებელი არ გაქვთ

ჭარხლისა და სტაფილოს ღეროები შეგიძლიათ მოსავლის აღებისთანავე თხრილებში ჩატოვოთ. ზამთარში ნარჩენები დალპება, გაიყინება და ნიადაგს შეასუქებს.

იმასაც აღვნიშნავთ, რომ ჭარხლისა და სტაფილოს მწვანე ღეროები კულინარიაშიც გამოიყენება. მაგალითად, სტაფილოს მწვანილი სალათებშია გემრიელი, ჭარხლისას კი ტოლმისთვისაც იყენებენ. თუმცა, შემოდგომისკენ ასეთი ღეროები უკვე საკვებად აღარ ვარგა. აგრეთვე, სტაფილოს ღეროები ბევრ მავნებელსაც აფრთხობს.

რაც შეეხება კარტოფილის ღეროებს, იგი შეიცავს სოლანინს, რომელიც მღრღნელებს აფრთხობს. ამიტომ, მისი გამოყენება შემოდგომაზე, როცა თაგვები გამოზამთრებისთვის ადგილს ეძებენ, შესაძლებელი და საჭიროც კია.

ყაბაყის ღეროები კი იმდენად იზრდება ხოლმე, რომ მათი დაწვა ან გადაყრა პრობლემაც კი ხდება ხოლმე. ამიტომ, ამ წვნიანი მცენარის ნაჯახით დაჩეხვა საუკეთესო გამოსავალია.

დაჩეხილი ყაბაყის ღეროები კომპოსტადაც გამოდგება და მულჩადაც, ხეებისა და ბუჩქების ქვეშ.

ღეროები ბაღისთვის

ამასთან, ნებისმიერი მცენარის ღეროების გამოყენება შეიძლება ახალი ბაღის მოსაწყობად. ამისთვის, ახალგაზრდა ხის გარშემო, მისი კენწეროს სიგანეზე ოდნავ უფრო მეტ ადგილას ჩაფალით ნარჩენები 20-30 სმ სიღრმეზე.

იქ ნებისმიერი ნარჩენის ჩაყრა შეიძლება. მიწის დაყრაც კი არაა საჭირო. 2-3 წელიწადში, ორმო ხელახლა ამოთხარეთ და ჩაყარეთ ახალი კომპოსტი გაზრდილი ხის კენწეროს დიამეტრზე.

იმედია, ეს და სხვა იდეები დაგეხმარებათ “უსარგებლო” ღეროების სწორად გამოყენებაში, რათა ბაღში მუშაობა უფრო სასიამოვნო გახდეს.