საუკეთესო ლიფტინგ ნიღბები, რომელთა გაკეთებას სახლის პირობებშიც შეძლებთ

0
434

სახის ოვალის გამოკვეთა, წვრილი ნაოჭების გაქრობა, წამებში სახის გაწმენდა და დასვენება – აი, რა შეუძლია გამამკვრივებელ ნიღბებს.

გამამკვრივებელ ნიღბებს მკაცრად მასაჟის ხაზების გასწვრივ ისვამენ, ყელი არ დაგავიწყდეთ. ნიღბის წასმამდე კანი აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ, აუცილებლობის შემთხვევაში სკრაბი გამოიყენეთ. პროცედურის დროს რეკომენდებულია სახის კუნთები მოადუნოთ და არ ილაპარაკოთ. ნიღბის გამოყენების შემდეგ აუცილებლად სახის დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ლიფტინგ ნიღბის გამოყენება შემადგენლობის მიუხედავად არ შეიძლება შემდეგ შემთხვევაში:

  • 30 წლამდე;
  • ჭრილობების, ნაკაწრების და კანის დაავადების დროს;
  • ალერგიული რეაქცია;
  • სიმსუქნე;
  • 6 თვეზე ნაკლები დროის წინ გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია;
  • დიაბეტი;

1. ჟელატინის ნიღაბი ალოესთან ერთად

რეცეპტი: 2 ჩ/კ ჟელატინი 2 დ/კ მოხარშულ მწვანე ჩაის აურიეთ. 1 გახეხილი კიტრი დაუმატეთ. მიღებული მასა სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ჟელატინი არ გასქელდება. შემდეგ გააგრილეთ და 1 ჩ/კ გაგრილებული ალოეს წვენი დაუმატეთ. ნიღაბი თხელ ფენად წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ჟელატინით ძალიან პოპულარული საშუალება კანის გასაახალგაზრდავებლად და გამოსაკვებად. ის გამოგადგებათ პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, რადგან ჟელატინი არა მხოლოდ გამამკვრივებელ, არამედ მათეთრებელ ეფექტს ფლობს. მწვანე ჩაი კანს ტონუსს მატებს, კიტრი ატენიანებს და მოქნილობას ზრდის. ალოეს წვენი ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს და ანტიოქსიდანტს შეიცავს. ეს ნიღაბი შესანიშნავად გაუმკლავდება ჩამოწელილ და დანაოჭებულ კანს. ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

2. თიხის ნიღაბი

რეცეპტი: კოსმეტიკური თიხის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა გზით: ნიღბების, სკრაბების, შეფუთვის სახით. ნიღბისთვის აიღეთ წყალი (მცენარეული ნაყენი) და თიხა 1:1 პროპორციით. სახესა და ყელზე სრულ გაშრობამდე წაისვით. კონტრასტული შხაპით ჩამოიბანეთ.

თიხა მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, კანის მდგომარეობაზე კარგ გავლენას ახდენს, ტონუსს და მოქნილობას ზრდის, ამკვრივებს და აახალგაზრდავებს.

  • თეთრი თიხა თავისი თვისებით კომბინირებულ ან ცხიმიან კანს უფრო უხდება.
  • მწვანე თიხა გამოიყენება დერმატიტის დროს.
  • წითელი თიხა გამოდგება მგრძნობიარე, ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის.
  • ნაცრისფერი თიხა გაუწყლოებული, მშრალი კანისთვის.
  • ვარდისფერი თიხა ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენება.
  • ყვითელი თიხა რეკომენდებულია დაბერებული და უფერული სახის კანისთვის.
  • შავი თიხა გამოდგება ნორმალური, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის.
  • ცისფერი თიხა – პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის.

3. ფქვილის ნიღაბი

რეცეპტი: 1 ს/კ ფქვილი და 1 ს/კ რძე აურიეთ ისე, რომ გოროხები არ დარჩეს. ნიღაბი სახის კანსა და ყელზე წაისვით და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ფქვილის ნიღაბი სახის კანს ჭუჭყისგან შესანიშნავად წმენდს და ამკვრივებს. მისი მომზადება მარტივია და ინგრედიენტები ყოველთვის ხელთ გვაქვს. თუ ფქვილთან ერთად რძეს გამოიყენებთ, ნიღაბი გამოდგება ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, თუ მცენარეულ ზეთს აურევთ – მშრალი კანისთვის.

4. სახამებლის ნიღაბი

რეცეპტი: 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი ნახევარ ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში აურიეთ. მასა ½ ლ ცხელ წყალში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. მზა მასა გააგრილეთ და 1 ს/კ არაჟანი დაუმატეთ, აურიეთ და სახის კანსა და ყელზე 25 წუთით წაისვით. სურვილის შემთხვევაში პირველი ფენის გაშრობის შემდეგ მეორე ფენა წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებელი კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს, ათეთრებს და ამკვრივებს. მასზე დაფუძნებული ნიღაბი კანს ბზინვარებას შემატებს, გაღიზიანებას გააქრობს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში დაბერების პროცესი ნელდება. ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს გამოადგება.

5. ნიღაბი ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით

რეცეპტი: 1–2 ს/კ ზეითუნის ზეთი 1–2 ჩ/კ გაწურულ ლიმონის წვენს აურიეთ, სახესა და ყელზე წაისვით და 20 წუთით საკვები პარკი დაიფარეთ. ნიღაბი შეგიძლიათ წყალში დასველებული ბამბის დისკებით მოიშოროთ.

ზეითუნის ზეთი E ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს, შესანიშნავად ატენიანებს, ატონიზირებს და აახალგაზრდავებს კანს. ლიმონი კი კანს ათეთრებს  და სასარგებლო C ვიტამინს შეიცავს. ნიღაბი ზეითუნის ზეთით და ლიმონით კანს მოქნილობას შემატებს, დაატენიანებს და სახის ფერს გაათანაბრებს. ის განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.

6. ნიღაბი სელის თესლით

რეცეპტი: ნიღბის მომზადება წინასწარ დაიწყეთ. ამისთვის, დილით 1 ჩ/კ სელის თესლს 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და აურიეთ. ½ ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და საღამომდე დააყენეთ. სახის კანსა და ყელზე ერთ ფენად წაისვით. როგორც კი ფენა გაშრება, მეორე ფენა გადაისვით. და ასე 5-ჯერ გაიმეორეთ. ნიღაბი სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

სელის თესლი ჰიპოალერგიული პროდუქტია. შემავალი ნივთიერებების წყალობით ანთებას ამცირებს, გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, ატენიანებს და ამკვრივებს. სელისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი შესაფერისია მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ წაისვათ თვალის ირგვლივ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.

7. გოგრის ნიღაბი თაფლით

რეცეპტი: 2 ს/კ გოგრის რბილობი, 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. ნარევი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სასარგებლო მიკროელემენტების წყალობით გოგრა ანთებას და სიწითლეს აქრობს, ასაკობრივ ლაქებს აღიავებს, კანს არბილებს და ზედმეტ ბზინვარებას აქრობს. გოგრის ნიღაბი თაფლით კანს შესანიშნავად გაამკვრივებს. კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

8. ნიღაბი ატმის ზეთით

რეცეპტი: 1 ს/კ ატმის ზეთი ბანანის რბილობს აურიეთ, 1 კვერცხის გული დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ნარევი სახეზე და თვალის ირგვლივ წაისვით. 20-30 წუთში ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ატმის კურკის ზეთი ცნობილია თავის დამარბილებელი და სამკურნალო თვისებებით. ის კანს ასწორებს და აღდგენის პროცესს სტიმულირებს. გამოიყენება ტუჩის და თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად. ამ ზეთზე დაფუძნებული ნიღბის მუდმივად გამოყენების შემთხვევაში წვრილი ნაოჭები ქრება. ნებისმიერი ტიპის კანს გამოადგება.

9. ნიღაბი ბრინჯით და კვერცხის ცილით

რეცეპტი: 1 ჩ/კ დაფქული ბრინჯი, 1 დ/კ არაჟანი და 1 ჩ/კ ათქვეფილი ცილა აურიეთ. ნარევი სახის კანსა და ყელზე თხელ ფენად წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი დაუყონებლივ თვალსაჩინო შედეგებს იძლევა, ხოლო რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის. ის ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, კანს არბილებს და მოქნილობას მატებს. ბრინჯი უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ცილა კანს ამკვრივებს და ფორებს ავიწროებს. ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

10. კარტოფილის ნიღაბი

რეცეპტი: 1 საშუალო ზომის კარტოფილი გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. კარტოფილს 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი სახის კანზე 15-20 წუთით წაისვით, სრულ გაშრობამდე. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილი შეშუპებას, სიწითლეს აქრობს, კანს მოქნილობას მატებს, ატენიანებს და ნაოჭებს ასწორებს. კარტოფილის და ზეითუნის ზეთის ნიღაბი სასარგებლო იქნება ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის.