როცა მეუღლეებს შორის უთანხმოება ჩნდება, ქორწინება კი დაშლის პირასაა, გამოსავალს უფალში, მის მიმართ ლოცვაში ვპოულობთ. ქორწინების გადასარჩენი ლოცვა არა მეხსიერებაში არამედ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს გულში უნდა ჩაიბეჭდოთ, თუ უფლის წყალობის მიღება გსურთ.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ოთხ ლოცვას, რომლებიც არამხოლოდ შეგანარჩუნებინებთ სიყვარულს ქორწინების შემდეგ, არამედ ყველა ქალს აპოვნინებს ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს. იმედია, მათ შორის იპოვით იმ ერთს, რომელიც ამ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ.
ლოცვა ქორწინებისთვის
ქალწულის ლოცვა შესაფერისი საქმროს საპოვნელად
-“ჰოჲ, უფალო მრავალმოწყალეო, არაჲ მოლტოლვილ ვარ სხჳსა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთაჲ და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის. ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყუელებისაგან;
დაე გონიერებაჲ, თავმდაბლობაჲ, მოკრძალებაჲ და უბიწოებაჲ მამშუენებდეს მე, რაჲთა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისაჲ, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რაჲ ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლებაჲ და იყუნენ ორნივე ერთ-ჴორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადებაჲ ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ: ჰოჲ, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რაჲთა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტჳრთმძიმე მეუღლეობისაჲ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი საკრველითა სიყუარულისაჲთა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობაჲ ჩუენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლჱ, რაჲთა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”
ლოცვა ბედნიერი ქორწინებისთვის
-“წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტესო სვიმონ, რომელი ღირს-იქმენ მიღებად სახლსა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველ-იქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესსა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გარდაქცევისა! გვედრით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა: ევედრე ქრისტესა უფალსა, რათა სულნი ჩუენნი ცოდვისმოყვარული გარდააქციოს ღვთისმოყვარულად;
დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩუენ ზეგარდამო შეწევნაჲ მოწყენილობათა შინა ჩუენთა და უძლურებათა, რათა არა შემიბრკუნეს სვლანი ლოდსა ზედა საცთურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტესთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულხარ და სიხარულსა ეძლევი. ჰოი, მოციქულო მაცხოვრისაო! ნუ გუარცხვენ ჩუენ, რომელთა სასოებაჲ მტკიცე დაგვიძს შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გუექმენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, რათა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნომყოფელობასა შინა განვლოთ საწუთროჲ ცხორებაჲ ესე, კეთილსა და მშვიდობითსა ქრისტიანულსა აღსასრულსა მივემთხვივნეთ და წრფელსა პასუხის-გებასა ღირს-ვიქმნეთ საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა;
განრომითა საზვერეთა ჰაერისმცუელთასა და ხელმწიფებისაგან ბოროტისა ამის სოფლისა თავადისათა, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაჲ და ვადიდებდეთ დიდადშუენიერსა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
ლოცვა ოჯახის ბედნიერებისთვის
-“ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
ლოცვა ცოლ-ქმრის უშვილობის გამო
-“ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა _ კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა.
მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.”
უფლის წყალობა რომ დაიმსახუროთ, ყოველ საღამოს, ძილის წინ, წარმოთქვით თქვენთვის შესაფერისი ლოცვა. თქვენ რამდენად ხშირად ლოცულობთ თქვენი ქორწინების კეთილდღეობისთვის?