ჩვენ უკვე არაერთხელ გაჩვენეთ ასაკოვანი ევროპელი ქალბატონები, რომლებიც, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ცდილობენ, ლამაზად გამოიყურებოდნენ. ისინი თავს უვლიან და უბრალოდ ტკბებიან ცხოვრებით, რითაც ამტკიცებენ, რომ ლამაზი ქალბატონი 60 წლის შემდეგ რეალურია. უბრალოდ, საკუთარი თავი ძალიან უნდა გიყვარდეთ.
დღეს ჩვენი რედაქცია გესაუბრებათ იმაზე თუ რატომ წყვეტენ ჩვენი ქალბატონები თავის მოვლას სოლიდურ ასაკში. ამასთან, ამას სუფთა სინდისითა და კარგი განზრახვით აკეთებენ.
60 წლის ლამაზი ქალი
–“ერთხელ შემთხვევით მოვისმინე საუბარი ორი ქალისა, რომლებიც დახლებთან ისხდნენ და საყვარლად ბჭობდნენ. ყურს მოხვდა სიტყვები “მანიკური? რად მინდა მანიკური ამ ასაკში? ეგ მე არ გამალამაზებს და არ გამაახალგაზრდავებს…” – წერს ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ ფორუმზე.
–“ეს ქალები დაახლოებით 65 წლისანი იყვნენ, თითქმის თანატოლები. ისხდნენ, უყურებდნენ თავიანთ მოუვლელ და დაკოჟრილ ხელებს, თითქოს ერთმანეთთან თავს იმართლებდნენ. მათი არგუმენტების საერთო არსი დაახლოებით შემდეგში მდგომარეობდა – რატომ უნდა დავხარჯო ზედმეტი მანიკურზე?
მართლაც, რატომ? ეს არავის გააახალგაზრდავებს. ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდად გაალამაზებს. თანაც, ვის უნდა გაეპრანჭო? რაში სჭირდება ასაკოვან ქალს ეს დახვეწილობა და კეკლუცობა?
ამ საუბრის შემდეგ, მოვიწყინე და ჩავფიქრდი… რატომ არ უყვართ ჩვენს ქალებს საკუთარი თავი ასე ძალიან? შრომობენ სამი კაცივით, კერძებს ამზადებენ, რეცხავენ, ალაგებენ. ხშირად წირავენ თავს სხვებისთვის. აი, საკუთარ თავზე ზრუნვას კი არ არიან მიჩვეული.
და, 60 წლის ასაკში, თავი უკვე ბებრებად მოაქვთ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს საშუალო ასაკად ითვლება, როცა ცხოვრება ახლა იწყება. ბავშვები დაიზარდნენ, კარიერა აწყობილია, ფული – დაგროვილი. როდის უნდა იცხოვრო, თუ არა ახლა?” – მსჯელობს ფორუმის წევრი.
საჭიროა თუ არა მანიკური 60 წლის ასაკში?
მანიკურის გასაკეთებლად შესაფერისი ასაკის ან ბევრი ფულის ქონა საჭირო არაა. ეს უბრალოდ თავის მოვლის რეგულარული რიტუალია. ქალი ხომ ნებისმიერ ასაკში ქალად რჩება. მაშ, რატომ არ უნდა გამოიყურებოდეთ მოვლილად? 3 კვირაში ერთხელ სალონში წასვლა მანიკურის გასაკეთებლად არავის გააკოტრებს.
რა დიდი ინტერესითა და სასიამოვნო გაოცებით ვუყურებთ ასაკოვან ქალბატონებს, რომლებსაც გემოვნებით აცვიათ და ვარცხნილობაც შესაფერისი აქვთ… ბანოვნის მოვლილი ხელები კი ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოდ გამოიყურება. მანიკური და სამკაულები მფლობელზე, ალბათ, ყველაზე მეტს გვიყვება. ხელები ხომ ყოველთვის თვალსაჩინოა.
აკურატული მანიკური საერთოდ არ შეგიშლით ხელს საყოფაცხოვრებო საქმიანობაში. ხოლო, თუ ხელთათმანებს გამოიყენებთ, ეს სილამაზე ფრჩხილებზე უფრო დიდხანს გაჩერდება.
ნუთუ ღირს სხვებისთვის გარჯა? გარჯა იმისათვის, რომ უფრო ახალგაზრდად და უკეთესად გამოიყურებოდეთ სხვის თვალში? სულაც არა. მანიკურის მთავარი ფუნქცია, ჩვენი აზრით, ისაა, რომ ქალს კომფორტი და თავდაჯერებულობა მოუტანოს. სალონში წასვლის შემდეგ, მას ნამდვილად აღარ მოუხდება ხელების ინსტინქტურად დამალვა.
მაშ, რატომ ფიქრობენ ჩვენი ქალები საკუთარ თავზე ასე ცოტას? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ჩვენ გვასწავლეს თავგანწირვა და საკუთარი სურვილების დავიწყება სამსახურის, ოჯახის, საზოგადოების გამო. ეს ნორმად ითვლებოდა და ამისთვის ახალისებდნენ ბავშვებს. აი, საკუთარი თავის სიყვარული არავის უსწავლებია და შეუქია.
ნუთუ, ნამდვილად შეუძლია სხვები უყვარდეს მას, ვისაც არ შეუძლია, საკუთარ თავს მოეპყროს კარგად? ალბათ, სიყვარულის ნაცვლად, აქედან იბადება ისეთი მანიპულაციები და მოსაზრებები, როგორიცაა “ყველას ჩემი ვალი აქვს, მე ხომ მათთვის ამდენს ვაკეთებ!”
ხოლო, თუ ქალი საკუთარ თავს აფასებს და უყვარს, ეს მის გარეგნობაშიც ვლინდება. მაშინ მისი სულიერი სამყარო წესრიგშია, ქალი თავდაჯერებულია. გარშემომყოფებიც გრძნობენ ამას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალბატონი 30 წლისაა თუ 60-ის. ნებისმიერ ასაკში შეუძლია იგრძნოს თავი კარგად და დატკბეს ცხოვრებით.