წიწვოვნები: როგორ მოვამზადოთ ზამთრისთვის და დავიცვათ უამინდობისგან

0
277

სპეციალისტები გირჩევენ, რომ წიწვოვანის მხოლოდ ყინვაგამძლე ჯიშები შეიძინოთ. ამასთან უნდა იცოდეთ, თუ რა სიურპრიზებს მოგიტანთ მომავალი ზამთარი! სავალალო პირობებში ნებისმიერი წიწვოვანი მცენარე დაზიანდება, თუ ზამთრისთვის სათანადოდ არ მოამზადებთ.

წიწვოვანი მცენარები ზამთრისთვის აუცილებლად წყლით გაავსეთ, ახალი ნერგები მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავით, ხოლო სფერული და კონუსური გვირგვინის მცენარე თოვლისგან. ნახეთ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ წიწვოვანი მცენარეების ზამთრისთვის მოსამზადებლად.

წყლით დამუხტვა

დარგვიდან პირველ თვეს წიწვოვან მცენარეს კვირაში ერთხელ რწყავენ (თითო ნერგზე 10-50 ლ წყალი ზომის მიხედვით). ამასთან, გვირგვინს აუცილებლად ნამავენ. ასეთი წვიმის წყალობით არა მხოლოდ მტვერი შორდება, არამედ მცენარეს სუნთქვა უადვილდება და ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამ დროს მიწას 8-10 სმ სიღრმეზე აფხვიერებენ (სახეობების უმეტესობას ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს). სასურველია, ხის ირგვლივ გაფხვიერებული მიწა ტორფით, ნახერხით, ქერქით ან კომპოსტით დაფაროთ. ასე ფესვებს ზაფხულში გადახურებისგან, ზამთარში კი გაყინვისგან დაიცავთ.

ფოთოლცვენის ბოლოს წიწვოვანი მცენარე ფესვების ქვეშ მორწყეთ (5-8 ვედრო 1 მცენარეზე). ტყის ხეებზე და ძველ, დროში გამოცდილ ტუიაზე, ფიჭვსა და ნაძვზე დრო არ დახარჯოთ: მათ განვითარებული ფესვები აქვთ და საკუთარ თავზე თავად იზრუნებენ. სასურველია, ზამთრამდე წელს და გასულ სეზონზე დარგული ნერგები მორწყათ. (მათ შორის ზოგიერთი გამძლეა, მაგრამ თუ დამწყები მებაღე ხართ, უფრო მარტივია ყველა ნერგი მორწყათ, ვიდრე გამოარჩიოთ – ასე მცენარე შეიძლება დააზიანოთ).

წიწვოვანი ხეების გვირგვინი ადრე იღვიძებს, ხშირად მაშინ, როცა ფესვებს გაყინული ნიადაგის გამო სითხის მიწოდება ჯერ კიდევ არ შეუძლია. ზომიერ კონტინენტურ კლიმატში წიწვების წვა გავრცელებული პრობლემაა. კარგად დატენიანებული ნიადაგი ნაკლებად ღრმად იყინება, რაც გაზაფხულზე დაზიანების რისკს ამცირებს.

ახალი ნერგების გაძლიერება

წიწვოვანი მცენარეების გვირგვინზე ბევრი თოვლი გროვდება. დიდთოვლობის დროს ტოტებზე შეიძლება იმდენი თოვლი დაგროვდეს, რომ ჯერ კიდევ სუსტი ნერგი ფესვებიანად ამოთხაროს. ყინულიანი წვიმის შემდეგ 1 მ სიმაღლის მცენარეც კი ეცემა და ტყდება. უხვი ნალექის მოლოდინში მიმდინარე წლის ყველა ნერგი კარგად დაამაგრეთ, რომ მცირე მოძრაობაც გამორიცხოთ.

წიწვოვანი მცენარეების დამწვრობისგან დაცვა

სვეტოვანი ღვია, კვიპაროსი, ტუია, რომელთა გვირგვინებიც შარშან დაგეწვათ და კანადური ნაძვის ყველა სახეობა მზის დამწვრობისგან დამატებით უნდა დაიცვათ. ლუტრასილი ან სხვა დასაფარი მასალა არ გამოგადგებათ: მათ ქვეშ მზის სითბო გროვდება, ეს კი ჩვენ არ გვჭირდება. დაფარვის მიზანია – გვირგვინის დაჩრდილვა, რომ არ გადახურდეს. ამ ფუნქციას კარგად ასრულებს ტომრები, სპეციალური საჩრდილობელი ბადე ან ნაქსოვი პოლიპროპილენის პანელები. მათ მცენარეს აფარებენ და ძაფით ამაგრებენ (ტოტებს ზედმეტად არ მოუჭიროთ!).

გვირგვინის მჭიდროდ დახურვა არ ღირს – ჰაერთან წვდომა უნდა ჰქონდეს. მსხვილი ნიმუშების მხოლოდ სამხრეთ მხარეს დაჩრდილვა საკმარისია.

შეკრული გვირგვინი

გაზაფხულის მზის მიმართ მდგრადი ტუიას და ახალგაზრდა ფიჭვის სახეობების, რომელთა დაჩრდილვასაც აპირებთ, ტოტები მსუბუქად შეუკარით, რომ თოვლის სიმძიმით ან ყინულიანი წვიმის გავლენით არ გადატყდეს. ზოგიერთ წელს დიდთოვლობით ადგილობრივი ტყის ფიჭვებიც ზიანდება.

რა უნდა ვქნათ, თუ

უამინდობისგან სრულად ვერც ერთი უსაფრთხოების ზომა ვერ დაგიცავთ. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ:

  • ბევრი წებოვანი თოვლი წამოვიდა

რბილ ქსოვილში გახვეული ჯოხით ან დაფით ტოტებს თოვლი მოაშორეთ. ხე არ შეანჟღრიოთ, რაიმეთი ძლიერ არ დაარტყათ: მხოლოდ მცირედ შეარყიეთ, რომ გვირგვინი და ტოტები არ დააზიანოთ.

  • ყინულიანი წვიმა წამოვიდა

საყრდენების დახმარებით მცენარე თავდაპირველ პოზაში დააბრუნეთ. ტოტებზე ყინულის გალღობა ფენით ან თბილი წყლით არ სცადოთ – კვირტებმა შეიძლება სითბოს გამო გაიღვიძოს და არსებულ პრობლემას ახალი დაემატება. ყინული მზიან ამინდში თავისით გალღვება მაშინაც კი, თუ ჰაერის ტემპერატურა უარყოფითია.

  • გაზაფხულზე წიწვები გაყვითლდა ან გაუფერულდა

ამის შემჩნევისთანავე გვირგვინი ჯერ წყლით დანამეთ, შემდეგ დაჩრდილეთ. დაზარალებული მცენარე თბილი წყლით მორწყეთ. თუ წყალი ჩამოიწვეთება და მცენარე არ შეიწოვს, გამოდის ნიადაგი გაყინულია. ამ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე მორწყეთ. როცა დღის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გაიზრდება, გვირგვინი პრეპარატებით (ეპინი, ცირკონი ან ჰბ 101) დაამუშავეთ.