ნამცხვარი ბეზეთი ბევრად უფრო კარგია, ვიდრე სხვა ტორტები! ამასთან სწრაფად და უპრობლემოდ მზადდება. მას საოცრად რბილი და ჰაეროვანი ფხვიერი ცომი აქვს, ხოლო შავი მოცხარის ჯემი ნამცხვარს მჟავე და არომატული კენკრის დახვეწილობას მატებს. რომ არაფერი ვთქვათ ბეზეზე, რომელიც პირდაპირ პირში დნება!
დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს მოცხარის ჯემით და ბეზეთი. საუკეთესო ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად!
ნამცხვარი ბეზეთი
ცომის ინგრედიენტები:
- 4 კვერცხის გული
- 180 გრ კარაქი
- 400 გრ ფქვილი
- 150 გრ შაქარი
- 10 გრ ვანილის შაქარი
- 4 ს/კ არაჟანი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 400 გრ შავი მოცხარის ჯემი
- 4 კვერცხის ცილა
- 200 გრ შაქარი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
1. ცომის მოსამზადებლად კვერცხის გულს შაქარი, ვანილის შაქარი და ოდნავ დარბილებული კარაქი დაუმატეთ. მიქსერით კარგად ათქვიფეთ, შემდეგ არაჟანი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
2. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სილიკონის ჯოხით აურიეთ, შემდეგ ცომი ხელით მოზილეთ. რბილი ცომი უნდა მიიღოთ, რომელიც ერთ ბურთად ადვილად იკვრება.
3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ (25×39 სმ ფორმას ვიყენებ), შემდეგ ცომი ფრთხილად გადაანაწილეთ. ცომს გვერდები გაუკეთეთ. 20 წუთით საყინულეში შედეთ.
4. ბეზეს (მერენგა) მოსამზადებლად კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, სანამ მკვრივ ქაფს არ მიიღებთ, შემდეგ 3 ნაწილად შაქარი დაუმატეთ, მიქსერით ათქვიფეთ. მზა ბეზე საკონდიტრო ყუთში გადაიტანეთ.
5. ცომს ჯემი წაუსვით, მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან პატარა ბეზეები დაადეთ.
6. ნამცხვარი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. ბეზეს ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას.
7. ესეც ასე, ნამცხვარი ბეზეთი და მოცხარის ჯემით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
ნამცხვარი ბეზეთი სუფრაზე უბრალოდ იდეალურად გამოიყურება. რბილი ცომი და არომატული ჯემი ბეზეს ქუდთან ერთად, რომელიც მას არა მხოლოდ ალამაზებს, არამედ გემოს მატებს და წარმოუდგენელი გემოების კომბინაციას ქმნის. ზემოდან ბეზე ხრაშუნაა, მაგრამ ჩაკბეჩისას რბილი სუფლეს ნაზ შიგთავსს იგრძნობთ.
საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ასეთი ნამცხვრით აუცილებლად გაახარეთ. გაჩერებას უბრალოდ ვერ შეძლებთ!