ქლიავის სეზონი დადგა. სწორედ ამიტომ, „პაპარაცის“ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ.
ქლიავის ნამცხვრის მომზადების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ გაზეთში The New York Times-ში უკვე 12 წელია ზედიზედ იბეჭდებოდა. სანამ ერთხელ რედაქტორი მომხმარებლების მიერ მოთხოვნადი ერთი და იმავე რეცეპტის გამოქვეყნებით არ დაიღალა და განაცხადა, რომ ქლიავის ნამცხვრის რეცეპტს ბოლოჯერ აქვეყნებდა და დაე, დიასახლისებმა გაზეთიდან რეცეპტი ამოჭრან, ლამინირება გაუკეთონ და მაცივარზე მიამაგრონ.
აი, ამ გემრიელი ნამცხვრის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ასეთი ლეგენდა დადის.
ქლიავის ნამცხვარი
ასეა თუ არა, ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ნამცხვარი რომ ძალიან გემრიელია, უდაოდ შემიძლია ვაღიარო. უკვე ამ თვეში ორჯერ გამოვაცხვე და გაჩერებას არ ვაპირებ. ნამცხვრის ცხობის დროს სახლში შესანიშნავი არომატი ტრიალებს და მომზადების დასრულებას ძნელია დაელოდო.
ქლიავის ნამცხვარი საღამოს ჩაისთან მისაყოლებლად ან მარტივი საუზმის სახით გამოგადგებათ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ზემოდან შაქრის ფხვნილით ან ათქვეფილი ნაღებით მორთოთ. თუ კარაქის კრემს გააკეთებთ და მას ხილის ზემოდან წაუსვამთ, ღვეზელი სადღესასწაულო ტორტად გადაიქცევა.
ინგრედიენტები ნამცხვრისთვის:
- ¾ ჭიქა შაქარი
- 113 გრ კარაქი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 12 ქლიავი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები გასაფორმებლად:
- 2,5 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
მომზადება:
1. მიქსერის ჭიქაში ოდნავ დარბილებული კარაქი და შაქარი მოათავსეთ. კარგად ათქვიფეთ. თუ მიქსერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელით სათქვეფის დახმარებით ათქვიფოთ.
2. ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე რიგრიგობით თითო კვერცხი და შემდეგ მწიკვი მარილი დაუმატეთ.
შემდეგ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად მოაყარეთ. კოვზით ფრთხილად აურიეთ.
3. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით, შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ფორმაში ცომი მოათავსეთ და გაათანაბრეთ. მე 24 სმ დიამეტრის ფორმას ვიყენებ.
4. ქლიავი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და ცომზე დააწყვეთ.
5. მოსართავად შაქარი და დარიჩინი აურიეთ და ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ.
6. კარგად გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით ხრაშუნა ქერქის მიღებამდე აცხვეთ. ნამცხვრის გამოცხობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
ესეც ასე, ნამცხვარი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.