შინაურული ფალაფელი, რომელიც ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

0
2336
photo credit: depositphotos

ფალაფელი – ნოყიერი, ცილით მდიდარი კერძია ახლო აღმოსავლეთიდან, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ტრადიციულად ფალაფელი თურქული ბარდის ან სხვა პარკოსანით მზადდება და ფრიტიურში შემწვარ პატარა ბურთს წარმოადგენს. დღესდღეობით ფალაფელის მომზადების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. „პაპარაცმა“ თქვენთვის ყველაზე საინტერესო და გემრიელი ვარიანტები შეარჩია. თუ მუხუდოთი გემრიელ და უჩვეულო კერძს ეძებთ, ეს რეცეპტები თქვენთვისაა.

photo credit: freepik

ფალაფელის კლასიკურ რეცეპტში მთავარი ინგრედიენტებია თურქული ბარდა, ოხრახუში, ხახვი, ფქვილი, მარილი, სანელებლები (დაფქული ქინძი, პაპრიკა, შავი წიწაკა, კარი). თურქული ბარდა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ოსპით, ლობიოთი ან ბარდით. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ როგორც ცალკე წასახემსებელი ან სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში.

photo credit: freepik

ტრადიციული კერძი თურქული ბარდით: კლასიკური ფალაფელი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ თურქული ბარდა
  • 900 მლ წყალი
  • 1 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 100 გრ მწვანილი
  • 50 გრ ფქვილი
  • 10 გრ მარილი
  • 5 გრ საკვები სოდა
  • დაფქული შავი წიწაკა
  • დაფქული წითელი წიწაკა
  • პაპრიკა
  • კარი
  • დაფქული ქინძი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
photo credit: depositphotos

მომზადება:

  1. თავდაპირველად, თურქულ ბარდას მიხედეთ. აუცილებლობის შემთხვევაში კარგად გარეცხეთ. შემდეგ წყალი დაასხით და ოთახის ტემპერატურაზე 10-12 საათი გასასივებლად დატოვეთ, სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ. თუ დროის გასვლის შემდეგ სითხე დარჩება, გადაასხით. შეგიძლიათ დაყენების ნაცვლად ნახევრად მომზადებამდე მოხარშოთ.
  2. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები მოამზადეთ. ნებისმიერი მწვანილი აირჩიეთ: ეს შეიძლება იყოს ოხრახუში, კამა, ქინძი ან პიტნა. სანელებლებიც გემოვნებით აიღეთ. ზოგიერთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ან საერთოდ გამორიცხოთ.
  3. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ და მწვანილთან ერთად გარეცხეთ. ხახვი დაჭერით, ნიორი დაპრესეთ.
  4. ბლენდერით ან ხორცსაკეპით თურქული ბარდა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. მწვანილი, ნიორი და ხახვიც დააბლენდერეთ, რომ ფალაფელი უფრო წვნიანი და ერთგვაროვანი გამოვიდეს.
  5. დაქუცმაცებული თურქული ბარდა, მწვანილი, ხახვი და ნიორი აურიეთ.
  6. მიღებულ მასას სანელებლები, მარილი, სოდა და რამდენიმე სუფრის კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ.
  7. კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
  8. შემდეგ მასას ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.
  9. ახლა ფალაფელს ფორმა მიეცით. ხელები წყალში დაისველეთ, მასის ნაწილი აიღეთ და პატარა ბურთებად დაამრგვალეთ.
  10. როცა ბურთები მზად იქნება, მზესუმზირას ზეთი ტაფაზე ან ქვაბში გააცხელეთ და ფალაფელი საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შეწვით.
  11.  მზა ფალაფელი ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი შეიწოვოს.
  12. სუფრაზე ახალ მწვანილთან და საყვარელ სოუსთან ერთად გაიტანეთ.
photo credit: freepik

ფალაფელი, ღუმელში გამომცხვარი

ეს რეცეპტი წინა რეცეპტს ჰგავს, თუმცა ღუმელში გამომცხვარი ფალაფელი ნაკლები ზეთის წყალობით უფრო დიეტური გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თურქული ბარდა
  • 1 კვერცხი
  • 12 გრ მწვანე ხახვი
  • 1 ჩ/კ ძირა
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გრ ოხრახუში
  • 1,5 ჩ/კ საკვები სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • დაფქული ქინძი
  • მცენარეული ზეთი
photo credit: freepik

მომზადება:

  1. წინასწარ ბარდა 10 საათით წყალში ჩაალბეთ, სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ. ამის ნაცვლად შეგიძლიათ ნახევრად მომზადებამდე მოხარშოთ.
  2. ბარდა სხვა ინგრედიენტებთან ერთად (კვერცხის გარდა) დააბლენდერეთ. ყურადღება მიაქციოთ, რომ ერთმანეთს კარგად შეერიოს და მასა ერთგვაროვანი გამოვიდეს.
  3. მიღებული მასა თასზე გადმოიტანეთ, კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. ბარდის მასა 15-30 წუთით გააჩერეთ.
  5. შემდეგ 16 თანაბარ ნაწილად გაყავით.
  6. სველი ხელებით ერთნაირი ზომის ბურთები გააკეთეთ.
  7. ფალაფელი მცენარეულ ზეთ წასმულ საცხობ ტაფაზე დააწყვეთ.
  8. წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 10-15 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
  9. სუფრაზე გამომცხვარი ფალაფელი ახალ ბოსტნეულთან ან ჰუმუსთან ერთად გაიტანეთ. ამ კერძს იოგურტის სოუსიც ძალიან უხდება.
photo credit: freepik

ფალაფელი ტაჰინით

ტაჰინი – სქელი პასტა, რომელიც დაფქული სეზამის თესლიდან მზადდება. ამ რეცეპტში, სურვილისამებრ შეგიძლიათ სეზამი მზესუმზირას თესლით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა თურქული ბარდა
  • 1 ჭიქა სეზამი ან მზესუმზირას თესლი
  • 20 გრ ოხრახუში
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 160 გრ ნიორი
  • 1,25 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ კარი

მომზადება:

  1. სეზამი ან მზესუმზირა 2 საათით წყალში ჩაალბეთ.
  2. შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. სველი ხელებით მიღებული მასიდან ბურთები გააკეთეთ. მრგვალი ან ოდნავ ოვალური ფორმა მიეცით.
  4. ფალაფელი მცენარეულ ზეთ წასმულ საცხობ ტაფაზე დააწყვეთ. ამის გაკეთება სპატულით მოსახერხებელია.
  5. 40 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფალაფელი დაახლოებით 8 საათით გააშრეთ. გარედან ბურთები გამოშრება, შიგნით კი რბილი დარჩება.
  6. ფალაფელს ტაჰინით წარმოუდგენელი გემო აქვს, ასევე ძალიან ნოყიერია. მზა კერძი სუფრაზე სოუსთან, თხელ ლავაშთან ან ახალ ბოსტნეულთან ერთად გაიტანეთ.

ასეთი თურქული ბარდის კერძები სტუმრებს ორიგინალურობით გააოცებს. ფალაფელის მომზადების და სუფრაზე გატანის ვარიანტები იმდენია, რომ ყოველჯერზე ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენებათ! გემრიელად მიირთვით!