ვარდისფერი კანი, მზის აბაზანის მიღების შემდეგ, იმას ნიშნავს, რომ საღამოს თანაბარი, ლამაზი რუჯით დაიფარებით. თუმცა, ვარდისფერი კანი – ეს უკვე დამწვრობაა, თუნდაც მსუბუქი ფორმით.
რატომ უნდა მოერიდოთ ამას და როგორ უნდა დაიცვათ თავი მზის სხივების გამანადგურებელი მოქმედებისგან – ამის შესახებ ექიმი-კოსმეტოლოგი სვეტლანა კორობეინიკი, ესთეტიკური მედიცინის კლინიკის დერმატოლოგი, ყვება.
მზისგან დამწვრობა – ეს ყოველთვის სტრესია კანისთვის, რომლის შემდეგაც აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თუ თქვენი კანი გაწითლდა ან აქერცლვა დაიწყო, 28-30 დღეში ძლივს შეძლებს გამოჯანმრთელებას. ხოლო თუ მზის აბაზანის შემდეგ, სახესა და სხეულზე გაჩნდა წყლულები, აღსადგენად რამდენიმე თვე იქნება საჭირო.
ისეც ხდება, რომ ერთჯერადი დამწვრობის შედეგებთან ბრძოლა მთელი დარჩენილი ცხოვრება უწევთ. სწორედ მზისგან დამწვროვაა მიზეზი პიგმენტური ლაქების გაჩენის ან კუპეროზის პროცესის დაწყებისა. ყველა ეს ესთეტიკური გამოვლინება რეგულარულ კორექტირებას საჭიროებს.
როგორ ვიღებთ დამწვრობას მზისგან?
თითქოს, ყველაფერი მარტივია: იგი მზის გულზე ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ ჩნდება. თუმცა, ზოგისთვის საკმარისია მზეზე 5 წუთით გაჩერება დასაწვავად, ხოლო სხვები იმავე პირობებში საკმაოდ დიდხანს გრძნობენ თავს კომფორტულად.
რაზეა დამოკიდებული უი-სხივებით ტრავმირების ალბათობა?
- ფოტოტიპი
თეთრკანიანი ადამიანები უი-სხივების მიმართ უფრო მოწყვლადი არიან, ვიდრე შავგვრემნები. მათ კანში ნაკლები მელანინია, სწორედ ამიტომ, მზეზე უფრო ცოტა დრო სჭირდებათ დამწვრობის მისაღებად.
- ქარი და წყლის სიახლოვე
ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი ქანი გრილდება ბანაობის ან ქარიანი ამინდის დროს, მცირდება სითბოს შეგრძნება. თითქოს, მზეზე თავს კომფორტულად ვგრძნობთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდებით, კანი ასანთის ღერივით ინთება. იგრძნობა სიცხე, იცვლება კანის ფერი – იგი წითელ-ბორდოსფერი ხდება.
ტყუილად არაა ქარიან ამინდში, ასევე, ზღვასთან და ტბასთან ახლოს დამწვრობის მიღება უფრო მარტივი. საქმე ისევ იმაშია, რომ ადამიანი ვერ ახერხებს თავისი სხეულის შეგრძნებების გაკონტროლებას.
- დასვენება ეკვატორთან ახლოს მყოფ ქვეყნებში
თუ შუა სარტყელში რუჯის მიღების უსაფრთხო საათებში, ქუჩაში, ღია მზეზე 20-30 წუთი საკმარისია დამწვრობის მისაღებად, სადღაც ტაილანდში ან მალდივებზე, ქოლგის ქვეშ, 15-20 წუთში გაწითლდებით. საქმე ისაა, რომ მზის აქტივობა ეკვატორთან ახლომდებარე ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ზღვა და ქვიშა მზის სხივებს ირეკლავს. ჩვენ მცდარად ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია საათობით ვინებივროთ ჩრდილში ისე, რომ მზისგან დამწვრობა არ მივიღოთ. სამწუხაროდ, ვცდებით.
- ისეთი კოსმეტიკისა და მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ფოტოსენსებილიზატორებს
ისინი ზრდის კანის მზის მიმართ მგრძნობელობასა და მზისგან დამწვრობის გაჩენის რისკს. ზაფხულში არ უნდა გამოიყენოთ ეთერზეთების შემცველი საშუალებები, ასევე, მჟავების შემცველი კრემები და შრატები.
ფოტოსენსებილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს სუნამომაც, რომელიც სხეულის ღია მონაკვეთებში შეისხით, ასევე, ზოგიერთ წამალს: წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებს, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს, რეტინოიდებსა და ორალურ კონტრაცეპტივებს.
- კოსმეტოლოგიური პროცედურები
ასეთებს მიეკუთვნება ფოტოთერაპია, ლაზერული ზემოქმედება(ეპილაციაც) და ინექციური პროცედურებიც კი. აქტიური მზე არაა მსგავსი ჩარევების უკუჩვენება, თუმცა, მათი გამოყენების შემდეგ არაა რეკომენდებული პლაჟზე გარუჯვა. კანს უნდა მისცეთ დრო აღსადგენად, თუნდაც 2-3 დღე.
როგორ ვუმკურნალოთ მზით დამწვრობას
პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, კანის რამდენი პროცენტია დაზიანებული. თუ დამწვრობა დიდია, ვრცელდება სხეულის 70-80%-ზე, დიდი ალბათობით, მას თან ეხლება სითბური დარტყმაც. ამას თვითონაც იგრძნობთ. დაგეწყებათ ციებ-ცხელება, გულისრევა, სიცხისა და სიცივის თამაშები, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ და შეგიპყროთ სისუსტემ – მდგომარეობა ძალიან ჰგავს გაციებას.
ამასთან, კანს წითელი ელფერი აქვს, აინთება და “იწვება”. ძლიერი დამწვრობის დროს, შესაძლოა წყლულების გაჩენა.
როგორ მოვიქცეთ:
- გააგრილეთ კანი გრილი შხაპით ან სხვა ცივი კომპრესებით.
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი – ეს კანს აღდგენაში, ანთებისა და წვის ჩაცხრობაში დაეხმარება.
- მიიღეთ არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. ძლიერი დამწვრობის დროს იგი კარგად იმოქმედებს. ასეთი წამლები ათხელებს სისხლს და აუტკივრებს დამწვრობას.
- დაატენიანეთ კანი. ყველაზე მარტივი საშუალებაა დექსპანტენოლისა და პანტენოლის შემცველი სპრეები. ისინი აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება.
არ გამოიყენოთ დამწვრობის სამკურნალოდ ცხიმიანი საშუალებები. დაივიწყეთ არაჟნის, კეფირისა და სხვადასხვა ზეთის შესახებ! ისინი კანზე ცხიმოვან ფენას ქმნის, რაც ტკივილის შემსუბუქების დროებით ეფექტს იძლევა, თუმცა, მის ქვეშ კანი გაცილებით ნელა და რთულად აღდგება.
- არ დახეთქოთ წყლულები. ამას ინფექციის შეჭრა შეიძლება მოჰყვეს. დაიფინეთ მასზე მშრალი ანტისეპტიკური სახვევი. ასეთი წყლულები თვითონ ჩაცხრება. შემდეგ, ამ ადგილას გაჩნდება მშრალი ფუფხები, რომლებიც, ასევე, დამოუკიდებლად უნდა გაგეცალოთ.
- თუ სახე საკმაოდ ძლიერად დაგეწვათ, მიმართეთ კოსმეტოლოგს. კანი სერიოზულად დაზიანდა და მას აღდგენაში დახმარება სჭირდება. ამისთვის ნებისმიერი დამატენიანებელი მოვლა გამოდგება.
როგორ არ დავუშვათ დამწვრობის მიღება
მზით დამწვრობის პროფილაქტიკა დაუჯერებლად მარტივია, თუმცა, ამ მარტივ რეკომენდაციებს ყველა არ იცავს. იმედია, თქვენ მაინც გაითვალისწინებთ მათ!
- გაირუჯეთ მხოლოდ უსაფრთხო საათებში: დილით, 8-11 ან შუადღით – 16 საათიდან საღაომდე. დანარჩენ საათებში მაქსიმალურად დაიფარეთ სახე და სხეული.
- SPF-საშუალებების გამოყენება: მკვეთრ მზეზე საჭიროა 50, ხოლო ქალაქში – 30%-იანი ფაქტორი. რეგულარულად განაახლეთ დაცვა ყოველ 1.5-2 საათში და ყოველი ბანაობის შემდეგ. სახლში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად ჩამოიბანეთ ნარჩენები სახიდან და სხეულიდან.
- ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს მზეზე ყოფნის დროს. თუ სხეულის ან სახის ერთი ნაწილი მაინც გაგიხურდათ, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა დაემალოთ მზეს.
- დაიფარეთ სახე პანამებითა და შლაპებით – დანარჩენ სხეულს ქოლგით დაიცავთ.
- გამოიყენეთ რუჯის შემდგომი საშუალებები. იქნება ეს ბალზამები თუ კრემები ალოეს, გვირილისა და სხვა დამამშვიდებელი კომპონენტების შემცველობით.
თქვენ როგორ იქცევით მზით დამწვრობის დროს?
გაეცანით მარტივ წესებს იდეალური რუჯის მისაღებად.