სამეფო “ვატრუშკის” მომზადება ყაზახი მეგობრებისგან ვისწავლე. ამ გემრიელობაში სამეფო და ძვირი პროდუქტები არ შეგხვდებათ, თუმცა მისი გემო ნამდვილად შესანიშნავი და შეუდარებელია. ხრაშუნა ქერქი უნაზეს გულსართთან ერთად, ჩაკბეჩის შემდეგ პირში დნება.
ეს რეცეპტი დიდი ხნის წინ, ყაზახი მეგობრებისგან ვისწავლეთ, მის მომზადებას ძალიან ცოტა დრო ჭირდება და შედეგად დაუვიწყარი გემოს მქონე დესერტს ვიღებთ. Paparazzi-ს რედაქცია მისი მომზადების რეცეპტ გაგიზიარებთ.
გულსართის ინგრედიენტები
- 500 გრამი ხაჭო
- 3 ცალი კვერცხი
- 110 გრამი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
- მწიკვი მარილი
- ცოტაოდენი ლიმონის ცედრა (სურვილისამებრ)
ინგრედიენტები ფუძისთვის
- 450 გრამი ფქვილი
- 200 გრამი კარაქი
- 110 გრამი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი
1. თუ ხაჭო ფხვიერია ის აუცილებლად დააბლენდერეთ. მას მწიკვი მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. მოურიეთ და ლიმონის ცედრა და 3 ცალი კვერცხიც დაუმატეთ. ათქვიფეთ მიქსერით – საშუალო სიჩქარეზე.
2. ცომის მოსამზადებლად ფქვილს გახეხილი კარაქი დაუმატეთ (გაყინული). დაამატეთ შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. ხელით მოხილეთ.
3. ცომი სამ ნაწილად დაყავით. პერგამენტ გადაფარებულ ფორმაზე ორი ნაწილი მოათავსეთ. გაუკეთეთ ბორტები, ზემოდან კი გულსართი მოათავსეთ.
4. გულსართზე ცომის მესამე ნაწილი დააფინეთ. ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 45 წუთი აცხვეთ.
5. სულ ეს არის. უგემრიელესი ხაჭოს ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ახლა უკვე იცით სამეფო ვატრუშკის მომზადება. გაითვალისწინეთ, რომ მისი გემო მეტწილად ხაჭოსა და კარაქზეა დამოკიდებული. ხაჭოს ყიდვის დროს ეცადეთ მის შემადგენლობაში კალციუმ ქლორიდი არ იყოს.
ეს ხრაშუნა და ამავდროულად ნაზი ღვეზელი ნამდვილად იმსახურებს სამეფო სუფრაზე მოხვედრას.