სანამ გარეთ სიცივე და ყინვა და მეფობს, სახლში მაქსიმალურად მყუდრო გარემოს შექმნა გვსურს. დაანთეთ არომატული სანთელი, მოხარშეთ გემრიელი ბალახეულის ჩაი და რა თქმა უნდა რაიმე გემრიელი მოამზადეთ. ზამთარში გული სახლში გამომცხვარი ტკბილეულისკენ მიგვიწევს. რეცეპტი რომელსაც Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, იმდენად მომეწონა, რომ მას უკვე მეხუთედ ვამზადებ.
თუ სამზარეულოში დიდი ხნით ფუსფუსი არ გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვის არის. ამ სტატიაში იმასაც გასწავლით თუ როგორ უნდა ააჩქაროთ მომზადების პროცესი.
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ფქვილი (ბრინჯის ან ხორბლის)
- 2 ცალი კვერცხი
- 250 მილიგრამი იოგურტი დანამატების გარეშე
- 100 გრამი შოკოლადი (როგორც რძიანი ასევე შავი)
- 100 გრამი კარაქი
- 150-250 გრამი შაქარი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი და სოდა
- 20-30 გრამი კაკაოს ფხვნილი
- ვანილი და დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი
1. პირველ რიგში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, გარდა ვანილის, კაკაოს და დარიჩინისა. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და სოდა.
2. შემდეგ ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი და იოგურტი. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ ნარევს მშრალი ინგრედიენტები და პარალელურად მიქსერით თქვიფეთ. თუ მიქსერი არ გაქვთ ჩვეულებრივი სათქვეფი გამოიყენეთ. შედეგად წელვადი ცომი გამოვა.
3. ახლა კარაქი გაალღვეთ. სანამ ის დნება, შეგიძლიათ შოკოლადი დააქუცმაცოთ. მიყვარს როდესაც შავ შოკოლადს ვუმატებ, თუმცა რძიანი შოკოლადიც გამოგადგებათ. შედეგად კექსი გაცილებით ტკბილი იქნება.
4. ცომში კარაქი შეურიეთ და თან მასა მიქსერით თქვიფეთ. თუ ხედავთ, რომ ცომი ძალიან გათხელდა მას ცოტაოდენი ფქვილი დაუმატეთ. თუ პირიქით, სქელია მაშინ თამამად დაუმატეთ მას ცოტაოდენი იოგურტი. ყურადღება ცომის მდგომარეობას მიაქციეთ. გარწმუნებთ ნამდვილად მიხვდებით თუ მას რაიმე აკლია. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ქურა ჩართოთ და 200 გრადუსამდე გააცხელოთ.
5. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დადგა. ცომი 2 თანაბარ ნაწილად დაყავით. ამისთვის სამზარეულოს სასწორი გამოიყენეთ. თუმცა მისი დაყოფა თვალის ზომითაც შეგიძლიათ. ერთ ნაწილში ცომს ვანილი დაუმატეთ და კარგად გადაზილეთ. მეორეში კი კაკაო და დარიჩინი შეურიეთ. ცომი მიქსერით აურიეთ რათა ისე შეერთდეს, რომ კორკოშალები არ დარჩეს.
6. შემდეგ ვანილის და შოკოლადის ცომში 50-50 გრამი დაფქული შოკოლადი შეურიეთ. საგულდაგულოდ აურიეთ. სილიკონის საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. მართალია ამბობენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ წვეთი ზეითუნის ზეთი მაინც გამოიყენოთ.
7. ახლა თქვენს ფანტაზიას თავისუფლება მიეცით. ფორმა ცომით შეავსეთ. ჯერ შოკოლადის ცომი მოათავსეთ შემდეგ ვანილის და ა.შ. მე მაგალითად მომწონს როდესაც განსხვავებული კექსები გამომდის.
ყველა რეცეპტში წერია, რომ ფორმები 2/3-ით უნდა შეავსოთ, რადგან მომზადების პროცესში ისინი ფუვდება და ამოდის.
8. კექსი ქურაში 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ. აჯობებს თქვენს ქურაზე ორიენტირდეთ. პირველად მას 25 წუთი ვაცხობდი და უფრო გამომშრალი ქერქი ქონდათ. ამიტომ ასეთ ტემპერატურაზე 5 წუთსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
Paparazzi-ს რედაქციისგან
ამ რეცეპტით, 6 განყოფილებიან სილიკონის საცხობს ვიყენებ და ჯამში 12 ცალი კექსი გამომდის. ფორმას გამორების შემდეგ 10 წუთის მანძილზე ვაგრილებ და ნამცხვრებს შემდეგ ვიღებ. თუ მომზადების დაჩქარება გსურთ, შეგიძლიათ 12 განყოფილებიანი საცხობი ფორმა გამოიყენოთ.