რატომ ამბობენ კლიენტები გელლაქის გაკეთებაზე მასობრივად უარს

205

2021 წელი ახალ ტრენდებს გვკარნახობს. ეს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ სილამაზის ინდუსტრიის დანარჩენ ასპექტებსაც ეხება. ახლა მოდაშია ბუნებრიობა და მინიმალური კოსმეტიკა – ეს ფრჩხილებსაც ეხება. საჭიროა თუ არა გელლაქი, რომ წელს მოდურად გამოიყურებოდეთ? Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ.

photo credit: freepik

საჭიროა თუ არა გელლაქი

კარანტინში ცხოვრებამ გოგოები ორ კატეგორიად დაყო. ზოგს უხაროდა, რომ სალონში მისვლა აღარ სჭირდებოდათ – სახლში ყოფნა ხომ მანიკურის გარეშეც შეიძლება. სხვები ლოქდაუნის დასრულებას მოუთმენლად ელოდნენ, რომ სპეციალისტთან მისვლა შეძლებოდათ.

ახალი ტრენდები პირველი ბანაკის მხარესაა. 2021 წელს მოდაშია ულტრანატურალური მანიკური საფარის გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სალონებს აღარ უნდა ეწვიოთ – მოვლილი იერი არავის გაუუქმებია. უბრალოდ ახლა გელლაქის წასმის გარეშე მხოლოდ ჰიგიენური მოვლით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ.

photo credit: freepik

პროფესიონალებს შორის მოდის ამ მიმდინარეობას ეწოდება naked nails – შიშველი ფრჩხილები. მსოფლიოში ცნობილმა ბრენდებმა ახალი ტრენდი სწრაფად აიტაცეს. მოდელების ფრჩხილებზე ზოგჯერ გამჭვირვალე ლაქს დაინახავთ, მაგრამ მეტს ვერაფერს. ამერიკელი მანიკურის სპეციალისტი, ტომ ბაჩიკი, რომელიც ჰაიდი კლუმის და ჯენიფერ ლოპესის ფრჩხილებზე ზრუნავს, ადასტურებს: ბუნებრიობა ახლა მოდაშია.

photo credit: freepik

როგორც პროფესიონალები ამბობენ, ეს ტენდენცია ჩვენთან დიდხანს დარჩება. ტენდენციები ხომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიხედვით იქმნება. 2020 წელმა ცხოვრებაში ბევრი ცვლილება შეიტანა, სილამაზის სალონები მასიურად დაიხურა. ქალებმა გააცნობიერეს, რომ სახლის პირობებში გელლაქით ფრჩხილების მოვლა გამოწვევაა. მის გარეშე უფრო ადვილია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კარანტინის შემდეგ გელისებრ დაფარვაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი თქმით, ლოქდაუნის დროს ბევრი ქალი გაზრდილი მანიკურის დამოუკიდებლად მოშორებას ცდილობდა, რაც ცუდად დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ ბევრი ტაქტიკას ცვლის.

ჩაკეტილი წრე

პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ გელლაქზე უარის თქმა ადვილია, თუ უკვე არ მიეჩვიეთ. თავიდან შიშველი ფრჩხილების დანახვა შოკისმომგვრელია, დაუყონებლივ ლაქის წასმა გვსურს, რადგან ფრჩხილის ფირფიტა საშინლად გამოიყურება. რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის. არადა ხვდებით, რომ ფრჩხილები იტანჯება, მაგრამ ვერ ჩერდებით.

photo credit: freepik

ერთ დროს ლაქის გარეშე ფრჩხილების წარმოდგენა არ შემეძლო, სალონებს რეგულარულად ვსტუმრობდი. რამდენიმე წლის განმავლობაში, პროცედურებს ყოველთვე ვიტარებდი, ზოგჯერ უფრო ხშირად. ჩემი შიშველი ფრჩხილები საშინლად გამოიყურებოდა, გელლაქით მისი დაფარვა მიწევდა. თან მეთოდი მოსახერხებელი ჩანდა – წაისვამთ და თითქმის 1 თვე აღარ ნერვიულობთ.

რაღაც მომენტში გადავწყვიტე ფრჩხილები დამესვენებინა, სპეციალისტმაც კი მირჩია. პირველ რამდენიმე კვირაში ფრჩხილები პირდაპირ დაიფშვნა, ქაღალდივით თხელი იყო. სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერ კუტიკულას ზეთის, ზღვის მარილის აბაზანების და სამკურნალო საშუალებების გამოყენება დავიწყე. შედეგი თანდათან გამოჩნდა.

შემდეგ მივხვდი, რომ გელლაქზე დაბრუნება აღარ მსურს. ფრჩხილები დაფარვის გარეშე სულ უფრო და უფრო მომწონდა. აღმოჩნდა, რომ ცოტა მოთმინება და ფრჩხილების სწორი მოვლა მჭირდებოდა. ზუსტად 6 თვეში სრულად აღდგა და ახლა მხოლოდ ჰიგიენურ მანიკურს ვიკეთებ.

ახლახანს გავიგე, რომ ასეთი მიდგომა ახალი ტრენდია. როგორც იქნა, ზედმეტი სიყალბის გარეშე მოდური ვიქნები.

ცხოვრება გელლაქის გარეშე

გელლაქზე უარის თქმა ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, დროის ეკონომია. სალონში წასასვლელად მთელი საათის გამონახვა მარტივი არაა. თან ოსტატთან მოხვედრას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. მეორეც, ფულის ეკონომია. პროფესიონალთან ფრჩხილების გელლაქით დაფარვა იაფი არაა. ხოლო ვინც „იაფად“ აკეთებს, მასთან მისვლა სახიფათოა.

თავად პროცედურა ფრჩხილებს არ ზოგავს. გელლაქის აპარატით მოშორებისას მათი მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამოუცდელ ოსტატთან იმყოფებით. უხარისხო გელლაქის გამოყენებისას ფრჩხილების აღდგენაზე ზრუნვა მთელი 6 თვე მოგიწევთ. სპეციალისტები აღიარებენ, რომ მაქსიმალურად ნაზი საფარიც არ შეიძლება მუდმივად ატაროთ.

საჭიროა თუ არა გელლაქი? თავად უნდა გადაწყვიტოთ. თუ გელლაქზე სამუდამოდ უარის თქმა არ გსურთ, მცირე ხნით შეისვენეთ, ფრჩხილები დაასვენეთ. სპეციალური საშუალებებით გამოკვებეთ. სილამაზის გამო ჯანმრთელობა მსხვერპლად არ უნდა შეწიროთ. გვახარებს, რომ თანამედროვე მოდის შემქნელებიც ამავე აზრზე არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს