აფიორები საბავშვო სტომატოლოგიაში: ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

0
313

დროა გაერკვეთ, ვინ მუშაობს მხოლოდ ფულისთვის და ვინ ნიშნავს პროცედურებს კეთილსინდისიერად.

საბავშვო სტომატოლოგთან ვიზიტი – საკმაოდ რთული საქმეა როგორც მშობლის, ისე პატარა პაციენტისთვის. ყველაფერი უფრო რთულდება, როცა ექიმი უეცრად ამბობს, რომ კბილებთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან მძიმეა და ბავშვს სერიოზული, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. მშობლები ყველაფრისთვის არიან მზად, ოღონდაც პატარა განიკურნოს და, სამწუხაროდ, ამით არაკეთილსინდისიერი კლინიკები სარგებლობენ.

არასწორი დიაგნოსტიკა

ყველაფერი სწორედ ამით იწყება: სწორედ დიაგნოსტიკის შემდეგ, რომლის შედეგებსაც მშობლებს არ აჩვენებენ, ექიმი შეწუხებული სახით ატყობინებს მათ, რომ ბავშვს სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

დიაგნოსტირების ეტაპზე ტყუილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა მშობლებისგან ფულის გამოსაძალავად: შოკისა და შეძრწუნების გამო, ისინი მზად არიან, მაშინვე გადაიხადონ დასახელებული თანხა. აი, ამიტომაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არ დაკარგოთ თავი და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ყველაფერზე, რასაც ექიმი გთავაზობთ.

კეთილსინდისიერი ექიმი მშობლებს გამოკვლევის ყველა შედეგს აჩვენებს – რენტგენ-სურათს, კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებს, პირისღრუსშიდა ვიდეოკამერის სურათს. შემდეგ იგი დაწვრილებით და გასაგებად ხსნის, თუ რა ჩანს სურათებზე და რატომ მივიდა ამა თუ იმ დასკვნამდე.

ასეთი ექიმის დაჯერების მიზეზი ნამდვილად გაქვთ: ხოლო თუ ექიმი ვიზუალური დათვალიერებიდან 2-3 წუთში საშინელ დიაგნოზს სვამს, თუ თავისი აზრის არგუმენტირებაზე უარს ამბობს, თუ დიაგნოსტიკის ჩატარებას არ გთხოვთ, უმჯობესია, სხვა სპეციალისტს მიმართოთ.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი არაკეთილსინდისიერი ექიმები დედების პანიკურ შიშს, გამოკვლევის ნებისმიერი მეთოდის, მათ შორის, რენტგენის მიმართ, თავის სასარგებლოდ იყენებენ. თუმცა, კარგ საბავშვო კლინიკებში მხოლოდ თანამედროვე მოწყობილობებს იყენებენ, რომლებიც ყველაზე პატარა პაციენტებსაც კი არ ვნებს. ნუ ენდობით იმ ექიმს, რომელიც ამბობს: “ამას ისედაც ეტყობა, რენტგენის გარეშე” – ხშირად, იგი უბრალოდ მშობლებისგან ცდილობს ფულის გამოძალვას.

ხდება ისეც, რომ უკვე მკურნალობის დროს გამოიჩენს თავს რეალური პრობლემა. ამ შემთხვევაში ექიმი აუცილებლად აჩვენებს გამოკვლევის შედეგებს დედასა და მამას და აუხსნის, თუ რატომაა საჭირო დამატებითი პროცედურები.

ცრუ მომსახურება

თუმცა, დიაგნოსტიკის ეტაპზე მათი ხრიკები არ წყდება. არაკეთილსინდისიერი ექიმები იმით სარგებლობენ, რომ ჩვეულებრივი მშობლები, რომლებსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, რთულად წარმოიდგენენ, რა და რატომ უნდა გაუკეთდეს ბავშვს.

აი, რა შეიძლება მოხდეს საბავშვო სტომატოლოგიურ კლინიკაში

  • ბავშვს უმკურნალებენ ჩვეულებრივი მასალებით, პრემიალურების ფასად. მაგალითად, შემოგთავაზებენ კლასიკურ მეტალის ბრეკეტ-სისტემას კერამიკულის ფასად;
  • ატარებენ ზედმეტ, სრულიად არასაჭირო პროცედურებს;
  • გთავაზობენ ცრუ აქციებს – მშობლებსა და ბავშვს უხდებათ არარეალური პირობების შესრულება ან დიდი რაოდენობით ფულის დახარჯვა პროცედურებზე, რათა ფასდაკლება მიიღონ: ხანდახან, აქციით მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მის გარეშე;
  • საფასურში ამატებენ ისეთ პროცედურებს, რომლებიც ბავშვს საერთოდ არ გაუვლია.

ბოლო პუნქტის გამოსწორება ანგარიშის გულდასმით შესწავლითაა შესაძლებელი. ხოლო დანარჩენს ინფორმაციის აქტიური მოძიებისა და ვიზიტისთვის მომზადების გარეშე ვერაფერს მოუხერხებთ.

იმისათვის, რომ ფასებში გაერკვეთ, იქნება ეს კერამიკული ბრეკეტები თუ სხვა პროცედურა, საკმარისია რამდენიმე საიტის შესწავლა – ასე ნახავთ, საშუალოდ რა ღირს ისინი. ხოლო შემდეგ, უკვე ექიმთან ვიზიტის დროს, ბრეკეტების ფასის მოსმენის შემდეგ მიხვდებით, მომატებულია თუ არა ფასი.

რაც შეეხება აქციებს – მათზე შეგიძლიათ იმ შემთხვევაში დათანხმდეთ, თუ ბავშვს გამოცდილ კლინიკაში მკურნალობთ, რომელსაც ენდობით.

ასევე, ფასებში გარკვევა კიდევ ერთი სახის აფიორას აგაცილებთ თავიდან – როცა მკურნალობას დაუჯერებლად დაბალ ფასად გთავაზობენ. ახალ მერსედესს ძველი ჟიგულის ფასად ხომ არ იყიდით? სტომატოლოგიაშიც ასეა, კარგ მასალებსა და ინსტრუმენტებს იაფად ვერ იშოვიდნენ.

არასაბავშვო ექიმი

აქ მშობლები თავად რისკავენ: მათ ხშირად მიჰყავთ ბავშვი ზრდასრულების ექიმთან იმ აზრით, რომ რახან სპეციალისტი მარტივად უმკლავდება ზრდასრულების პრობლემებს, არც ბავშვთან გაუჭირდება. ამით არაკეთილსინდისიერი კლინიკები სარგებლობენ: ისინი აცხადებენ, რომ ვიზიტებზე იღებენ ბავშვებს, რეალურად კი ბავშვების მკურნალობისთვის შესაბამისი ლიცენზია და მომზადება არ გააჩნიათ.

არარსებული მომსახურება

ეს პუნქტი რამდენადმე განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე უკვე დავწერეთ, როცა მშობლებს მკურნალობას აიძულებენ ან მასალების ხარისხზე იტყუებიან. ზოგიერთი კლინიკა უფრო საინტერესოდ იქცევა: ჩამოთვლის საიტზე იმ მომსახურებებს, რომლებსაც საერთოდ არ აკეთებენ.

ყველაზე ხშირად, ასეთი ხრიკი სედაციასთანაა დაკავშირებული. სედაცია – ესაა კბილების მკურნალობა ძილის დროს. ასეთი პროცედურა, ხშირად, აუცილებელია განსაკუთრებული მდგომარეობის მქონე ბავშვებისთვის ან იმ პატარებისთვის, რომლებსაც სტომატოლოგების მიმართ პანიკური შიში აქვთ. ასევე, სედაციას ხანგრძლივი და უსიამოვნო პროცედურების დროსაც იყენებენ.

შესაბამისად, როცა დედა ამ პუნქტს ნახავს, მაშინვე მიმართავს კლინიკას. და მხოლოდ ვიზიტზე მისვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ არავითარ სედაციას არ აკეთებენ ამ კლინიკაში. სამაგიეროდ, კონსულტაციაში ფულს იღებენ.

ასეთი ცრუ მომსახურებები თავიდან რომ აიცილოთ, ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოთ, აქვს თუ არა კლინიკას სედაციის პირობებში მუშაობის ლიცენზია. საუკეთესო საშუალება კი ისაა, მიმართოთ იმ სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომლებთანაც თქვენი ნაცნობების ბავშვები მკურნალობენ ხოლმე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი