თავის მოვლის 12 ხრიკი, რომელსაც ზარმაცი გოგოც კი დააფასებს

1031

გოგოების უმეტესობა მზადაა სილამაზის მისაღწევად ბევრი ფული და უთვალავი საათი დახარჯოს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნება და შეუდარებელი გარეგნობის მიღება პროფესიონალური ინსტრუმენტებისა და საშუალებების გარეშეც შეიძლება. მთავარია, გამოცდილი, მოქმედი საიდუმლოებების შესახებ იცოდეთ.

„პაპარაცს“ არასტანდარტული, მაგრამ მარტივი მეთოდების გამოყენება უყვარს, სწორედ ამიტომ გიზიარებთ თავის მოვლის ახალ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივებას შეძლებთ.

12. კიტრის ლოსიონი თვალების ქვეშ მუქი წრეების მოსაშორებლად

ყინულით სახის გაწმენდის სარგებლობის შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. ასეთი მოქმედება სახის ნაზ კანს საკმაოდ აგრესიული შეიძლება იყოს. ამ მეთოდს უფრო მსუბუქი და სასარგებლო ალტერნატივა აქვს, რომლისთვისაც ჩვეულებრივი კიტრი დაგჭირდებათ.

ბოსტნეული გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ 1 კოვზი წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. მიღებული ნარევი ყინულის ფორმებში ჩაასხით და საყინულეში 4-5 საათით შედგით. გაყინული კუბებით სახე დაიმასაჟეთ, განსაკუთრებით თვალების ქვეშ კანი, თუ მუქი წრეებისა და შეშუპების მოშორება გსურთ.

11. თაფლისა და ქოქოსის ნიღაბი დაზიანებული თმის სამკურნალოდ

ქოქოსის ზეთმა კოსმეტოლოგიაში თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. ის სახის, სხეულის, ფრჩხილების მოსავლელად გამოიყენება, მაგრამ განსაკუთრებულად კარგი შედეგი თმაზე აქვს. ეფექტს პირველივე პროცედურაზე დაინახავთ. თმა რომ რბილი და გლუვი გახდეს, ქოქოსისა და თაფლისგან ნიღაბი მოამზადეთ.

4 ს/კ ცივი დაწურვის ქოქოსის ზეთი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით შეათბეთ. შემდეგ 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნიღაბი ოდნავ დატენიანებულ თმაზე წაისვით და მინიმუმ 40 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და ზღაპრული შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

10. მუქი წრეების სწრაფად შენიღბვა მაკიაჟის დახმარებით

კონტურინგი ყველასთვის არაა, რადგან ბევრ დროს და პრაქტიკას მოითხოვს. თუმცა თვალების ქვეშ მუქი წრეების შენიღბვის მეთოდი ყველა გოგოს აინტერესებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ამ მიზნით ვარდისფერი კორექტორი უნდა გამოიყენოთ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხელთ მსგავსი კორექტორი არ გაქვთ? შესაფერისი პომადა გამოიყენეთ! მოცემული სურათი მტკიცებულებაა, რომ ეს ხრიკი მოქმედებს და ექსტრემალურ სიტუაციაში გამოგადგებათ.

9. ძალიან მაგარი იდეა ბიუთი-ბლენდერის ტრანსპორტირებისთვის

არ იცით რაში ჩადოთ ბიუთი-ბლენდერი, როცა სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ ან უბრალოდ თან წაღება გსურთ, რომ მაკიაჟი შეისწოროთ? გადაწყვეტილება ნაპოვნია: ქინდერ სიურპრიზის მსგავსი სათამაშო კვერცხი იყიდეთ, რომელსაც დიდი პლასტმასის ფორმა აქვს. ამ ფორმის თავსახურზე ხვრელის გაკეთება არ დაგავიწყდეთ, რომ სპონჟს შმორის სუნი არ ჰქონდეს.

8. ორიგინალური მეთოდი ტალღოვანი თმის მისაღებად

დასასწორებელი უთოს დახმარებით თმა ტალღოვანი რომ გახადოთ, თმის მსხვილი ან თხელი კულული (გააჩნია, როგორი ეფექტი გსურთ) დაახვიეთ და ზემოდან დასასწორებელი ცხელი უთო გადაატარეთ. უფრო გამოხატული ეფექტის მისაღწევად თმა სამ რიგად ჩაპწენით, შემდეგ დაახვიეთ და დასასწორებელი უთო ჩამოუსვით.

7. შინაურული პასტა დეპილაციისთვის

აგრესიული ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი, შინაურული დეპილაციის პასტის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ¼ ჭიქა ლიმონის წვენი, ¼ ჭიქა წყალი, 2 ჭიქა შაქარი. ინგრედიენტები ღრმა ტაფაზე მოათავსეთ და 4-5 წუთით მაღალ ტემპერატურაზე დადგით. როგორც კი ნარევი ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და სხვა თასში გადაიტანეთ.

მასა კარამელის შაქარს ჰგავს, მაგრამ არ შეგეშინდეთ: ოდნავ გაგრილება აცადეთ და კარგად აურიეთ, სანამ საღეჭი რეზინივით არ გაიწელება. დანარჩენი მოქმედება ისეთია, როგორც ცვილის გამოყენების დროს.

6. ქუთუთოს მაკიაჟი პლასტმასის კოვზის დახმარებით

მაკიაჟი, რომელიც მზერას უფრო გამოხატულს ხდის და ჩამოკიდებულ ქუთუთოებს მაქსიმალურად ნიღბავს, საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან ჩრდილებით არა მხოლოდ მოძრავი ქუთუთო, არამედ მთლიანი სივრცე იფარება. აქ შეიძლება გადააჭარბოთ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი კოვზი დაგეხმარებათ, ასე ხაზს არ აცდებთ და კოვზის დახრილი კუთხე მიგანიშნებთ, თუ ქუთუთო სადამდე შეღებოთ.

5. შავი წერტილების ეფექტურად მოშორება ვაზელინით

შავი წერტილების მოსაშორებლად რა ხრიკს აღარ იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, ამაში ჩვეულებრივი ვაზელინი დაგეხმარებათ.

ვაზელინის თხელი ფენა მშრალ კანზე წაისვით და ზემოდან საკვები ცელოფანი დააფარეთ. პირსახოცი თბილ წყალში დაასველეთ, ოდნავ გაწურეთ და ცელოფანს ზემოდან დაადეთ. ასე კანი დაიორთქლება და ფორები გაიხსნება, რაც მის გაწმენდას გაამარტივებს. ცოტა ხნის შემდეგ პირსახოცი და საკვები ცელოფანი მოიშორეთ, კანი გაიწმინდეთ, ცივი წყლით დაიბანეთ და დამატენიანებელი ლოსიონი წაისვით. მნიშვნელოვანია: ეს მეთოდი ყოველდღე არ გამოიყენოთ, რადგან ფორები შეიძლება გაგიფართოვდეთ.

4. კიდევ ერთი მეთოდი თმის დასახვევად

თუ თმის დასახვევი უთო არ გაქვთ, ნამდვილი ხვეულების მისაღებად თმის დასასწორებელი და ფოლგა დაგჭირდებათ.

თმა თითზე დაიხვიეთ (მაგალითად, სამ თითზე, რომ მსხვილი ხვეულები მიიღოთ), ფრთხილად მოიშორეთ და ასეთი ფორმით ფოლგის ნაჭერით დააფიქსირეთ. ასე მთელ თმაზე გააკეთეთ, შემდეგ თითოეული თმის დასასწორებელი უთოთი 20-40 წამით გაათბეთ. დაელოდეთ, სანამ ფოლგა გაგრილდება, შემდეგ მოიხსენით. მიღებული ვარცხნილობა თმის ლაქით დააფიქსირეთ.

3. ნიღაბი სუფთა და ხავერდოვანი კანისთვის

სახლის პირობებში დამზადებული შინაურული ნიღბის დახმარებით სახის კანს ჭუჭყს მოაშორებთ, მას უფრო გლუვს, ნაზს და ხავერდოვანს გახდით, გაღიზიანებულ ნაწილს დაამშვიდებთ და გამონაყარის საწინააღმდეგო პროფილაქტიკას ჩაიტარებთ.

1 ს/კ ჟელატინი (უსუნო), სუფთა თაფლი და რძე აურიეთ. 5-8 წვეთი ჩაის ხის ზეთი (მას ანტისეპტიკური ეფექტი აქვს) დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით გააცხელეთ. თბილი ნიღაბი (ოღონდ ძალიან ცხელი არა) სახეზე სწრაფად წაისვით. 20-25 წუთში ნიღაბი გაშრება და გამაგრდება, ანუ შეგიძლიათ უკვე მოიშოროთ.

2. ტუჩის სწორი მაკიაჟი აქერცლილი კანის გარეშე

თხევადი ტუჩსაცხი ტუჩებზე მიმზიდველად რომ იყოს და აქერცლილ კანს ხაზს არ უსვამდეს, რამდენიმე მანიპულაციის ჩატარება მნიშვნელოვანია.

ტუჩების და საერთოდ, მთელი სახის, ხელის სილამაზის და ახალგაზრდობის მთავარ საიდუმლოს ხარისხიანი დატენიანება წარმოადგენს. ტუჩებზე უფერო ბალზამი წაისვით, ოდნავ შეწოვა აცადეთ, შემდეგ ტუჩები ჩვეულებრივი სველი სალფეთქით მსუბუქად დაიმასაჟეთ. შემდეგ კვლავ ბალზამი წაისვით და სპონჟის დახმარებით ტონალურის მსუბუქი ფენა წაისვით. ახლა შეგიძლიათ ტუჩსაცხი წაისვათ.

1. თვითნაკეთი პატჩები მატიას ჩაისგან შეშუპებისა და მუქი წრეების საწინააღმდეგოდ

იაპონური, მწვანე მატიას ჩაის ფხვნილი ცნობილია ანტიოქსიდანტებისა და ტანინების მდიდარი რაოდენობით, რომლებიც შეშუპებას ამცირებენ. ამ რეცეპტისთვის ცოტა კურკუმა დაგჭირდებათ, რომელსაც გამაღიავებელი თვისება გააჩნია.

მცირე თასში წყალი ჩაასხით, 1 ჩ/კ მატიას ჩაის ფხვნილი და მწიკვი კურკუმა დაუმატეთ. აურიეთ, ბამბის დისკი შუაზე გაჭერით და მიღებულ ხსნარში კარგად გაჟღინთეთ. ბამბის დისკები თვალების ქვეშ დაიდეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და ტენის ნარჩენები სუფთა ბამბის დისკით მოიშორეთ (არ ჩამოიბანოთ).

თქვენ რომელ შინაურულ საშუალებასა და ხრიკს იყენებთ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს