სულ რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ნაქები კონჯაკის ღრუბელი. გამოგიტყდებით, სასიამოვნო შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ მოდური ბიუთი-ნივთის შესახებ თქვენთვისაც მეამბა. დღევანდელ სტატიაში გაიგებთ, რატომ გახდა ეს კორეული დასაბანი აქსესუარი ამდენად პოპულარული. აგრეთვე, შემოგთავაზებთ შემეცნებით ინფორმაციას ამ ღრუბლის სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებით.
კონჯაკის ღრუბელი
კონჯაკის სპონჟი ნატურალური პროდუქტია, რომელსაც მცენარე Amorphophallus konjac-ის ბოლქვების დატკეპნილი ბოჭკოებისგან ამზადებენ. გარეგნულად, იგი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ პალმას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. საინტერესოა, რომ კორეაში, ამ მცენარის ნაყოფისგან ჟელესაც ამზადებენ.
მე ამ ღრუბლის ნასვრეტებიანი სტრუქტურა ძალიან მომწონს. წყალთან ურთიერთქმედებისას, იგი ძალიან რბილი და სასიამოვნო ხდება. მის შემადგენლობაში, ხშირად, სხვა ინგრედიენტებსაც ამატებენ. მაგალითად, ბამბუკის შიგთავსს, მწვანე ან წითელ თიხასა და კურკუმას. სწორედ ამის მიხედვით იცვლება აქსესუარის ფერი და თვისებები.
რამდენადაც სპონჟი ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისგან მზადდება, იგი ჰიპოალერგიულად ითვლება. მაშინაც კი, თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, კონჯაკის თამამად გამოყენება შეგიძლიათ. როგორც წესი, ამ ღრუბელს ყოველდღიური დაბანისთვის ან სახის პილინგის დროს იყენებენ.
მე პირველი ვარიანტი ძალიან მომწონს. დილა-საღამოს, კანზე სპეციალურ დასაბან რძეს ვისვამ, მსუბუქ მასაჟს ვიკეთებ თითებით, შემდეგ ღრუბელს ვასველებ და ამჯერად მასაჟს ღრუბლით ვიმეორებ.
ასეთი მარტივი პროცედურა იდეალურად წმენდს კანს, აშორებს ქერცლებს. ნასვრეტებს ჭუჭყისგან გაწმენდს და კანის მიკრორელიეფს გაათანაბრებს. გარდა ამისა, ღრუბლის გამოყენების შემდეგ, კანი გამკვრივდება და გაგლუვდება. სახე უფრო ახალგაზრდა და დასვენებული გამოჩნდება.
კონჯაკის თვისებები და გამოყენება
კონჯაკი გლუკომანანს შეიცავს. ეს მცენარეულო ბოჭკოა, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს. იგი ხელს უშლის კანზე სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემის გაჩენას. ღრუბლით გაიწმენდთ დაჭუჭყიანებულ ნასვრეტებს, მოიშორებთ მაკიაჟის ნარჩენებსა და სხვა ჭუჭყს. ნასვრეტებიანი ღრუბელი არ აშრობს კანს, პირიდიქთ, უფრო ღრმად დატენიანებას უწყობს ხელს.
თუ ამ ღრუბელს პირველად იყენებთ, დაიცავით მარტივი ინსტრუქცია: პირველ რიგში, დაიბანეთ პირი თბილი წყლით. ახლა ჩაალბეთ ღრუბელი წყალში, დაწურეთ და დაასხით დასაბანი საშუალება. დაიზილეთ სახე წრიული მოძრაობებით, სამასაჟე ზოლებზე. შემდეგ კი უბრალოდ ჩამოიბანეთ ჭარბი საშუალება, გარეცხეთ და დაწურეთ ღრუბელიც.
როგორც წესი, კონჯაკს სპეციალური თოკიც მოჰყვება, სააბაზანოში სადმე რომ ჩამოკიდოთ. სითხე ბუნებრივი გზით აორთქლდება, ღრუბელი კი გამაგრდება. ხელახლა რომ დარბილდეს და გამკვრივდეს, წყალი უნდა მოასხათ.
ღრუბელს დაკიდული ვინახავ, შხაპის სამაგრზე. აქსესუარი საერთოდ არ იკავებს ადგილს, ამასთან, ზედმეტად არაფერს შეეხება. მოსახერხებელი და მარტივია.
თქვენ გამოგიყენებიათ მსგავსი კოსმეტიკური პროდუქტი? გაქვთ მასთან დაკავშირებული ხრიკები?