ჯადოს დამოუკიდებლად მოხსნის თემა, როგორც ჩანს, ამოუწურავია. ზოგი საკუთარ თავში პოულობს ბნელ ძალებს, რათა სავსებით გააზრებულად დაწყევლოს სხვა, სხვები კი თავიანთ ენერგიას თვალისა და სხვა მსგავსი ნუსხის მოხსნისკენ მიმართავენ. Paparazzi.ge-ის რედაქცია საჭიროდ თვლის, რომ ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბროს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრებაში მრავალგვარმა სიტუაციამ შეიძლება იჩინოს თავი. ხანდახან, უბრალოდ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ მჩაგვრელი დავწყევლოთ, თუ იგი სამართლიანად არ დაისჯება. ამავდროულად კი, არსებობენ ნაგავი ადამიანები, რომლებიც სხვებს შურის გამო სწყევლიან. ეს იმიტომ, რომ ვიღაც უფრო კარგად ცხოვრობს, ვიდრე თვითონ. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
როგორ მოვიხსნათ ჯადო?
ფილმებიდან გაიგებდით ყოველგვარი უჩვეულო რიტუალების შესახებ, რომლებიც თითქმის ნებისმიერ ადამიანს დაუნგრევს ცხოვრებას. გასაგებია, რომ ვუდუს თოჯინას არავინ ძერწავს, მოგვიანებით ნემსები რომ შეარჭოს. ნუ, შეიძლება ძერწავს კიდევაც. კარგით, მოდით, სწრაფად გავიაროთ ყველაზე პოპულარულ ჯადოზე – უცნაურ ნივთზე ან ნივთთა ნაკრებზე, რომელსაც შურიანი ადამიანი მსხვერპლის პირად ნივთებთან ახლოს (ან უბრალოდ სახლში) ათავსებს.
1. ნემსი
ალბათ, ეს ყველაზე ძველი და გავრცელებული ჯადოა. თუ უეცრად ნემსი ისეთ ადგილას აღმოაჩინეთ, სადაც არ დაგიდიათ ან ვერ მოხვდებოდა, შურიანი ადამიანის ძებნა უნდა დაიწყოთ. არ შეიძლება ნივთის აღება შიშველი ხელებით. აუცილებლად გატეხეთ ან ცეცხლში ჩააგდეთ იგი. ვიღაც სხვაც რომ არ მოექცეს მისი გავლენის ქვეშ.
2. ბოქლომი
დაჟანგულ ბოქლომს პირად ცხოვრებაში პრობლემების შესაქმნელად იყენებენ. თავისთავად, ეს უზარმაზარი სასახლის ჩამკეტი არაა, რამე მინიატურული იქნება. ხალხში ამბობენ, რომ იგი წყალში უნდა გადააგდოთ, მანამდე კი გახსნა სცადოთ. თუ არ გამოგივიდათ, არაუშავს, მდინარეს გააყოლეთ.
3. თმა
ძაფად დახვეული თმის კონა ყველაზე საიმედო ჯადოა, რომელსაც თქვენი პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო ქალბატონები დებენ თქვენს სახლში. მათ ნუ გაუბრაზდებით, უბრალოდ აიღეთ ეს ყველაფერი, შუაზე გაჭერით და დაწვით. გახსოვდეთ, რომ ცეცხლის ძალას ნებისმიერი ნუსხის განადგურება შეუძლია. ახლა ხვდებით, რატომ წვავდნენ შუა საუკუნეებში ჯადოქრებს?
4. ჩანაწერი
ან გაუგებარი სიმბოლოები ქაღალდზე. შესაძლოა, ეს ზარმაცი სკოლის მოსწავლის რვეულის გვერდი იყოს, ან უსიამოვნებების მომტანი ჯადო. დაწვით. მასზე განძის ადგილმდებარეობა ნამდვილად არ იქნება მითითებული.
5. სხვა
ჯადოდ შეიძლება ჩავთვალოთ მუჭა მარილიც, რომელსაც მოულოდნელ ადგილას აღმოაჩენთ, სანთლის ნარჩენი, რომელსაც ძაფი აქვს შემოხვეული, ან პატარა ცხოველის ძვლები, გამხმარი მწერები, ბურღულიც კი (წიწიბურა ან ფეტვი)… რეალურად, ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს მოჯადოებული. თუ რამეს ეჭვობთ, ცეცხლი დაიხმარეთ. დაწვით და ეცადეთ, კვამლი არ შეისუნთქოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როგორ მოვიხსნათ ჯადო?
ჩვენ მხოლოდ იმ კონკრეტულ ნივთებზე ვისაუბრეთ, რომლებიც მსხვერპლს წყევლის. არადა, არსებობს უფრო თვალსაჩინო ჯადოებიც. როცა ამას ღიმილიანი სახით აკეთებენ და ჯადოს პირდაპირ ხელიდან ხელში გაძლევენ. როგორც ვაშლი მისცეს ფიფქიას. როგორ მოვიქცეთ, თუ მათი ჭეშმარიტი განზრახვები არ ვიცით? აი, სწორედ ასეთ ჯადოზე უნდა ვისაუბროთ სერიოზულად.
ჯადოს გავლენის მოშორების საუკეთესო საშუალება მისი არცოდნაა. ხოლო, თუ გეცოდინებათ, სერიოზულად არ აღიქვათ. ზოგიერთი კვლევა მკაფიოდ გვიჩვენებს: როცა ადამიანი ვერ ხვდება, რომ ვიღაც ჯადოს უკეთებს, მასზე ვერავითარი მაგია ვერ იმოქმედებს. ეს წმინდა წყლის ფსიქოლოგიაა.
ადამიანს შავი მაგიის შესახებ უყვებიან, მას ეშინია, თავში ამ ჯადოს იდებს, თავის თავს ღრღნის, შემდეგ კი ყველგან ელანდება ჯადოს ნიშნები და მოჩვენებები. ამიტომ, ლოგიკურად დაფიქრდით. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც წყევლად მხოლოდ სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია და დაუკმაყოფილებელი კრედიტი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი ყველაფერი ფიქრადაც არ ღირს.
სულისა და საკუთარი ფსიქიკის დასამშვიდებლად, დაწვით ყველა საეჭვო ნივთი. რა თქმა უნდა, მთელი სახლი არ უნდა გადაწვათ, სადმე ხომ უნდა იცხოვროთ. თუ ძველებურად გეშინიათ, მღვდელი მოიყვანეთ ან ეკლესიაში წადით. წმინდა ლოცვა სასწაულებს სჩადის.