რაზე არ წავლენ თანამედროვე ლამაზმანები, საკუთარი თავისა და საწინააღმდეგო სქესისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდნენ. საბრძოლო შეღებვა, სილამაზის პროცედურები, თმის ყოველთვიური დაგრძელება, ეპილაცია, მანიკური, წარბები, წამწამები…
თუმცა, ეს ყველაფერი უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ ვერავის გააკვირვებთ. აღმოჩნდა, რომ ქალებს არსენალში ამაზე გაცილებით მეტი რამ გვაქვს!
ცოტა ხნის წინ წავაწყდი ვიდეოს “უკუგარდასახვა”, რომელშიც აზიელი გოგონა იძრობდა, იბანდა და იხსნიდა სახიდან და სხეულიდან სხვადასხვა “ტყუილს”, რის შემდეგაც იგი სულ სხვა ადამიანად იქცა.
მინდა, დღეს უჩვეულო ბიუთი-ნივთები გაგაცნოთ და თქვენი აზრიც გავიგო ამ საკითხთან დაკავშირებით:
1. თმის დაგრძელება
ახალგაზრდობაში, ბებია ამას პარიკს ან შინიონს ეძახდა. ბავშვობაში ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იდებდა თხემზე ხელოვნური თმისგან დამზადებულ რაღაცას და თავისას ახვევდა გარედან. ხომ შეეძლო, გაშლილი თმით წასულიყო. მერე გავიგე, რომ მოდა იყო ასეთი. ახლაც მოდაშია, ოღონდ ხელოვნური კუდები, როგორც ვიცი. საინტერესო აქსესუარია. დაიმაგრე და წადი – მოსახერხებელი რამაა!
2. გამხდარი ან უსწორმასწორო ფეხების დასაკრავები
არ ვიცი, პირველად ვინ მოიფიქრა ფეხებზე ამ რაღაცების დაწებება, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას ჩინელი გააკეთებდა. სხვადასხვა საიტზე უამრავი იმიტაციაა, რომლებიც წვივზე ეკრობა და სწორი ფეხების ილუზიას ქმნის. ფერების დიდი არჩევანიც გაქვთ და არც ძვირი ღირს.
3. ხელოვნური დუნდულები
დიახ, აღმოჩნდა, რომ ასეთი რაღაც არსებობს. ჯენიფერ ლოპესის ფიგურისთვის, იმპლანტირება ან წლების განმავლობაში ვარჯიში (რასაც მე გირჩევდით) საჭირო არ ყოფილა – უბრალოდ შეიძინეთ საცვლები სილიკონის დანამატით და სულ ესაა.
4. ხელოვნური თეძოები
მაშინ, როცა ვიღაც მთელი ძალით ცდილობს თეძოების მოშორებას, სხვები ამ ადგილას მოცულობის დამატებას ლამობებნ. ამაში მათ ისევ და ისევ სილიკონის დანართები დაეხმარებათ. ჩაიცვით და იგრძენით თავი მადისაღმძვრელად.
5. “ევროპული” თვალები
ეს მოწყობილობა კი თვალის აზიური ჭრილის მქონეებსა და ასაკოვან ქალბატონებს შორის სარგებლობს პოპულარობით. ესაა ქუთუთოზე ერთგვარი დასაწებებელი, რომელიც მზერას აფართოებს. კომენტარების მიხედვით, დისკომფორტს არ ქმნის, ეფექტი კი სახეზეა, პირდაპირი გაგებით.
თქვენ რა აზრის ხართ მსგავს ხრიკებზე?