რატომ უჭკნება ფოთლები ორქიდეას და როგორ გადავარჩინოთ მცენარე.

0
217

10 წლის წინ, ჩემმა მშობლებმა სახლში პირველი ორქიდეა მოიტანეს. თანამშრომლებმა ქოთნის ყვავილი დედაჩემს აჩუქეს, დაბადების დღეზე. წლიდან წლამდე, დედაჩემის კოლექცია ივსებოდა, ყვავილები კი იზრდებოდა და არ ავადმყოფობდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომ ისინი სახლში თავს კომფორტულად გრძნობდნენ, სანამ სამზარეულოში ორქიდეას ფოთლების ჭკნობა არ შევნიშნე.

დედაჩემი არაა ის ქალი, სიტუაცია თავისი დინებით რომ მიუშვას. მაშინვე დაიწყო მცენარის რეანიმირება. საბედნიეროდ, დედაჩემს რჩევა მისმა დაქალმა შეაშველა, რომელიც ყვავილების მაღაზიაში მუშაობს. თუ ორქიდეას ფოთლები ჩამოჭკნა, ყურადღება შემდეგ ფაქტორებზე უნდა გაამახვილოთ:

ბუნებრივი პირობები

პროფესიონალმა მეყვავილემ გვითხრა, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ორქიდეა სიმკვრივეს კარგავს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა არასაკმარისი მორწყვა. მცენარეს არ ჰყოფნის სითხე, რის გამოც კარგავს ჯანსაღ იერს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, რომელიც მიჩვეულია უხვ რწყვასა და თბილ, ტენიან ჰაერს. მოუწყვეთ ყვავილს რეგულარული აბაზანები და ყურადღებია მიაქციეთ, რომ სუბსტრატი არ გამოშრეს.

ზამთარში ორქიდეა გამათბობლიდან შორს უნდა მოათავსოთ. მშრალი, ცხელი ჰაერი ყვავილებზე ცუდად მოქმედებს. ბუნებრივ პირობებში, იგი ჯუნგლებში, ხეების ჩრდილში იზრდება, ამიტომაც მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს.

თუ მორწყვა დაარეგულირეთ, თუმცა ფოთლები მაინც არ გამკვრივდა, შეცვალეთ ორქიდეას ადგილმდებარეობა. გადადგით იგი უფრო გრილ ადგილას და გაზარდეთ ჰაერის ტენიანობა. ამაში პულვერიზატორი დაგეხმარებათ.

იქნებ სოკოა

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მცენარის ფოთლები რბილდება – სოკოვანი დაინფიცირება. ეს მაღალი ტენიანობის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი განიავების შედეგია. მარტივად რომ ვთქვათ, წყალი ქოთანში კავდება.

დააკვირდით, რომ ფესვებს სუბსტრატში თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, სითხე კი თანაბრად იწოვებოდეს და ნიავდებოდეს. დაარეგულირეთ მორწყვა და ხშირად ანიავეთ ოთახი. რა თქმა უნდა, ორქიდეას ფუნგიციდით უნდა უმკურნალოთ.

ფესვთა სისტემას უჭირს

თუმცა, ხშირად, ორქიდეას დაავადებები ფესვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უჩნდება. იქნებ, ზედმეტად მჭიდრო სუბსტრატი აირჩიეთ, რომელშიც ფესვი მოუხერხებლად გრძნობს თავს. ზედმეტი რწყვა და გამოშრობაც ვნებს ჯანსაღ ფესვთა სისტემას.

თუ ფესვებმა გაშავება (ლპობა) იწყო, ნუ დაინდობთ. მოჭერით ყველაფერი, რაც უკვე აღარაა ცოცხალი, დატოვეთ მხოლოდ ცოცხალი ქსოვილები. ორქიდეა მხოლოდ ტენიან სუბსტრატში ჩარგეთ, არ დატკეპნოთ ფესვებიანად. გარკვეული დროის განმავლობაში, მორწყეთ მცენარე ფუნგიციდით.

თქვენ გყავთ ორქიდეა? გვითხარით, როგორ უვლით? გაგვიზიარეთ მასთან დაკავშირებული ხრიკები და გამოცდილება!