როგორ გავზარდოთ ხახვი გრუნტში, თავიდან ავიცილოთ ლპობა და მავნებლები.

0
774

თავიანი ხახვი კვლების პოპულარული მკვიდრი და ყველა მეაგარაკის მთავარი ფავორიტია. ჩვეულებრივ, ამ კულტურის მოვლა მებოსტნეებს განსაკუთრებულ პრობლემას არ უქმნის, მაგრამ გარკვეული დეტალები არსებობს. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ხახვი ღია ნაკვეთზე ისე, რომ მსხვილი თავები მიიღოთ და მცენარე არ დაჭკნეს.

როგორ გავზარდოთ ხახვი ნაკვეთზე

ერთი შეხედვით, ხახვის გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ზოგჯერ მებოსტნეები უსიამოვნებებს აწყდებიან. მაგალითად, ხახვის მწვანილი ყვითლდება, თავად ბოლქვი ლპება. თუ ზრდის პროცესს სწორად მიუდგებით, ამის თავიდან აცილებას და უხვი მოსავლით გახარებას შეძლებთ.

პირველ რიგში, ხახვის მოყვანის 3 მეთოდი არსებობს: თესლი, სათესი ხახვი (პატარა ხახვი) და ნერგი. ნაკვეთში ყველაზე პრაქტიკული სათესი ხახვის გამოყენებაა. ამ შემთხვევაში გვიან შემოდგომაზე ან ნაადრევ გაზაფხულზე რგავენ. რა თქმა უნდა, გაზაფხულზე დარგვას უპირატესობა ენიჭება. შემოდგომაზე დარგვისას შეიძლება ნაადრევად აღმოცენდეს, შემდეგ ყინვების გამო დაიღუპოს და ზამთარში ნაწილობრივ გაფუჭდეს.

მეორეც, დარგვის დრო სწორად შეარჩიეთ. მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია. ცივ რეგიონში ეს პერიოდი იცვლება: აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი. თუ ხახვს ცივ მიწაში დარგავთ, შეიძლება ზემოთ ამოიწვეროს. თუ დარგვას დააგვიანებთ, ხახვი მშრალ, გადახურებულ მიწაში ზრდას შეანელებს. ასე მსხვილ ბოლქვებს ვერ მიიღებთ.

ხახვს რეგულარული მორწყვა სჭირდება. თუ ზაფხული მშრალი და ცხელია, შუა ივლისამდე მორწყვით უზრუნველყავით. მოსავლის აღებამდე 1–1,5 თვით ადრე მორწყვა შეამცირეთ, შემდეგ საერთოდ შეწყვიტეთ.

ზოგჯერ ხახვი ლპება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. შესაძლოა, თავად სარგავი მასალა უხარისხო იყო. სჯობს სანდო მწარმოებლებთან შეიძინოთ და დარგვამდე მარგანცოვკით დაამუშავოთ. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ზედიზედ ორი წელი ერთსა და იმავე ადგილას ხახვის მოყვანა ან იმ ადგილას დარგვა, სადაც ადრე შეუთავსებელი კულტურები იზრდებოდნენ. რეკომენდებულია, ხახვი დარგოთ იქ, სადაც გასულ წელს იზრდებოდა კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი ან კომბოსტო.

ლპობის მიზეზი შეიძლება ხახვის ბუზის ლარვებით დაზიანება იყოს. ეს მავნებლები ხახვის მწვანილს და თავს ჭამენ. ამ ბუზის ლარვებისგან დაცვაში ნათესების შეცვლა დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ მავნებლები მიწაში ზამთრობენ და მომავალ წელს მოსავლის განადგურებას იწყებენ. რას ვიზამთ, მავნებლებს უნდა ვებრძოლოთ.

ყველა მებაღე მავნებლების საწინააღმდეგოდ ქიმიკატებს არ იყენებს. ეფექტური ხალხური მეთოდებიც არსებობს. ხახვის ბუზის მოსაშორებლად დაგჭირდებათ 1 ს/კ თამბაქოს მტვერი. მის შეძენას მარტივად შეძლებთ. თამბაქოს ხელით დაფქვა არ მოგიწევთ. მტვერი 2-3 ლ წყალს აურიეთ და 48 საათით გააჩერეთ. შემდეგ ნაყენს 1 ს/კ დაფქული წითელი წიწაკა და თხევადი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. დაახლოებით 7 ლ წყალი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევით ხახვი სარწყავით მორწყეთ.

მეაგარაკეები ამბობენ, რომ ხახვის ბუზი ხავერდას სუნს ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, ამ ერთწლიან მცენარეს არა მხოლოდ დეკორატიული მიზნით, არამედ მოსავლის დასაცავად ხშირად რგავენ. ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: ხავერდა თუ ვერ დაგეხმარებათ, ზიანს არ მოგაყენებთ, რასაც ქიმიკატებზე ვერ ვიტყვით.

ხახვის ბოლქვების დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი – სოკოთი დაინფიცირება. მაგალითად, თავიდან ფუზარიოზი მხოლოდ მცენარის მწვანილს აზიანებს, შემდეგ ბოლქვებზე გადადის. პირველივე ნიშნებზე სათანადო ზომები მიიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ მოსავალს დაკარგავთ. ფუზარიოზის ლპობა მაღალი ტემპერატურის, ჰაერის და მიწის მაღალი ტენიანობის გამო ვითარდება. პირველი სიმპტომები: მოყვითალო, მოხრილი ფოთლები.

ახლა უკვე იცით, როგორ გაზარდოთ ხახვი ღია ნაკვეთზე, აიცილოთ ლპობა და გაუმკლავდეთ მავნებლებს. დროული დარგვა, ხარისხიანი მასალა და სათანადო მოვლა ხახვის კარგ მოსავალს გპირდებათ.