როგორ მოვუაროთ ნაყიდ ორქიდეას, რომ უხვად იყვავილოს

0
170

ბევრი წერს, რომ ორქიდეა უპრეტენზიო მცენარეა, პრაქტიკაში კი ეს ლამაზმანი ძალიან აზიზი აღმოჩნდება ხოლმე. როგორც სხვა ნებისმიერ მცენარეს, მასაც აქვს თავისი ნიუანსები. ამ სტატიაში, Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოუაროთ ნაყიდ ორქიდეას, მან თვალები თავისი სილამაზით რომ გაგიხაროთ.

როგორ მოვუაროთ ნაყიდ ორქიდეას

ორქიდეა რომ არ დაგვიჭკნეს, ზოგიერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა დავიცვათ – ისინი მცენარის ოპტიმალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს.

  1. განათება – ორქიდეა ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს, თუმცა, არც ღრმა ჩრდილში უყვარს ცხოვრება. დადგით ყვავილი დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯარასთან.
  2. ტემპერატურა – რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – მთავარია, მცენარე ცხელ გამათბობელთან ახლოს ან ორპირ ქარში არ მოხვდეს.
  3. გადარგვა – ორქიდეა 1-2 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. ამის გაკეთებას გაზაფხულობით გირჩევთ.
  4. ქოთანი – აიღეთ მცენარისთვის გამჭვირვალე ქოთანი (ფესვების მდგომარეობას რომ დააკვირდეთ). ჭურჭელი არ უნდა იყოს დიდი, თორემ ნიადაგი არათანაბრად გადანაწილდება, რაც ფესვების ლპობას გამოიწვევს. მნიშვნელოვანია ქოთანში სადრენაჟო ხვრელების არსებობაც – არამხოლოდ ქვემოდან, არამედ გვერდიდანაც.
  5. ნიადაგი – აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბუნებაში ორქიდეა მიწაში არ ცხოვრობს. მისთვის ოპტიმალური ნიადაგი იქმნება მუხის, ფიჭვის ან ვერხვის ქერქის, ხის ნახშირისა და გვიმრის დაჭრილი ფესვების შერევით. ასეთი ნარევები ყვავილების მაღაზიებში იყიდება.
  6. მორწყვა – ორქიდეას წყლის ნაკლებობა ურჩევნია, ვიდრე ზედმეტი სითხის მიღება. რეკომენდებულია ასეთი ხერხი: ჩადგით მცენარე ქოთნიანად წყლით სავსე თასში 30 წუთით. რაღა თქმა უნდა, ქოთანში ხვრელები უნდა იყოს, როგორც ზემოთ ვთქვით. ფოთლების დასველება შეიძლება, ოღონდ ისე, რომ წყალი არ მოხვდეს ყვავილებზე, თორემ ფურცლებს ლაქები გაუჩნდება.

ეს ძირითადი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. ახლა კი გთავაზობთ პატარა ხრიკს, რომელიც ორქიდეას გაალამაზებს. ამისთვის დაგჭირდებათ იაფფასიანი საშუალება, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ – აქტივირებული ნახშირი. თუ მას აბების სახით იყიდით, დააფქვიეთ და დაუმატეთ ნიადაგს ან უბრალოდ ქოთანს ზემოდან მოაყარეთ.

შეგიძლიათ, მთლიანი აბები პირდაპირ ფესვებს შორის დაალაგოთ. აქტივირებული ნახშირი დაიცავს ფესვებს ლპობისგან – თავად შეიწოვს ზედმეტ სითხეს. ის, აგრეთვე, სოკოს გამრავლებასაც უშლის ხელს. შეგიძლიათ, 1 ქოთანს მთელი ლისტი ნახშირი დაუმატოთ – მცენარეს ამით ვერ ავნებთ.

თქვენ გაქვთ ორქიდეა? როგორ უვლით ამ პრეტენზიულ ყვავილს?