რა უნდა ქნა მაშინ, როცა შვილი და რძალი მუდმივად ითხოვენ ფულს და კონფლიქტსაც არ ერიდებიან. paparazzi.ge-ს დღევანდელ რესპოდენტს ეს პრობლემა აქვს და არ იცის როგორ მოიქცეს. იქნებ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი…
თავხედი შვილი
მე და ჩემს მეუღლეს დიდხანს არ გვყავდა შვილი. 5 წელი ვმკურნალობდით და მოგვიანებით, მოულოდნელად დავფეხმძიმდი. შეგვეძინა ნანატრი ბიჭი, ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ოჯახის წევრი. ძალიან ვანებივრებდით და ვათამამებდით. ვასრულებდით მის ნებისმიერ კაპრიზს. ვცდილობდით არაფერი მიგვეკლო.
რომ წამოიზარდა, უარი თქვა უმაღლეს განათლებაზე და საკუთარი ბიზნესის წამოწყება დაიჟინა. რა თქმა უნდა, პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას და გვერდში ამოვუდექით. გვეგონა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. სტარტი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ისევ მივეცით ფული, რომ კიდევ ეცადა.
რამდენიმე წელიწადში უკვე ნათელი გახდა, რომ ბიზნესში მისი ადგილი არ მოიძებნებოდა. ამიტომ მივანიშნე, რომ სხვაგან ეცადა ბედი. ის კი თავის წარუმატებლობას მხოლოდ ჩვენ გვაბრალებდა – საჭირო რაოდენობის თანხა არ მომეცით ბიზნესისთვისო. საბოლოოდ, ბარმენად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ საეჭვო დაწესებულებაში. ფულს კი ისევ ხშირად ითხოვდა ჩვენგან.შარშან დაქორწინდა თავისნაირ უსაქმურ, თავხედ გოგოზე და ეხლა ორივე ერთად მოითხოვს, რომ ვარჩინოთ.
მალე გამოაცხადეს, რომ შვილის ყოლა უნდათ, ამიტომ უნდა გავყიდოთ მიწის ნაკვეთი აგარაკზე და მივცეთ თანხა მთლიანად. ამის გაგონებისას ცოტა ხანი ლაპარაკის უნარი დავკარგე. ეს ტონი და ეს მოთხოვნა ყველანაირ ზღვარს სცილდებოდა – ასეც ვუთხარი რძალს. ამის შემდეგ ჩემი იგნორირება დაიწყეს. მხოლოდ მამას ეკონტაქტებოდნენ, რადგან ფინანსურად ის ეხმარებოდა. მე კი, ზედ აღარ მიყურებდნენ, თითქოს არ ვარსებობდი.
აგარაკის გაყიდვა არ მინდა, მიყვარს და ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს მასთან. ქალაქის ხმაურისგან ახლაც ვისვენებ ხოლმე იქ და ძალებს ვიკრებ. მაგრამ შვილთან უთანხმოებაც მაფორიაქებს. ის ჩემი ერთადერთი იმედია. რა ვქნა არ ვიცი…
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი? ღირს კი დათმოს და უმადურ შვილს შესწიროს ყველაფერი?