
მარწყვის ჩიზქეიქი ჟელეში ჩაძირული ხილით და ხაჭოს ჰაეროვანი კრემით – ეს ნამდვილი სამოთხეა. ჩემთვის კი მაცდური ტკბილეული, რომელსაც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ.
მარწყვის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 300 გ. ორცხობილა
 - 100 გ. ნაღების კარაქი
 - 21 სმ. დიამეტრის ფორმა
 
ინგრედიენტები ხაჭოს კრემისთვის:
- 18 გ. ჟელატინი
 - 700 გ. ხაჭო
 - 200 გ. 30%-იანი ნაღები
 - 150 გ. შაქრის პუდრა
 - 1 პაკეტი ვანილი
 - 10 ცალი მარწყვი
 
ინგრედიენტები მარწყვის ჟელესთვის:
- 15 გ. ჟელატინი
 - 3 ს/კ შაქარი
 - 300 გ. მარწყვი
 
მომზადების წესი:
- დააქუცმაცეთ ორცხობილა ბლენდერში, ჩოფერში ან დაფხვენით ცომის გასაბრტყელებლით. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა.
 - გაადნეთ ნაღების კარაქი.
 - შეურიეთ ორცხობილა და კარაქი ერთმანეთს კარგად.
 - ჩააფინეთ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი და მიღებული მასა ჩატკეპნეთ ჭიქის ძირით კარგად. შედგით მაცივარში გასაცივებლად.
 - ამოარჩიეთ 10 ყველაზე დიდი და ლამაზი ფორმის მარწყვი. გაჭერით შუაზე.
 - დაასხით ჟელატინს 90 მლ წყალი და დატოვეთ გასაფუებლად.
 - ათქვიფეთ ბლენდერში ხაჭო, დაამატეთ ნაღები და შაქრის პუდრა. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
 - გაფუებული ჟელატინი დად გით ცხელი წყლის აბაზანაზე და კარგად გაადნეთ.
 - შეურიეთ ერთმანეთს ჟელატინი და ხაჭოს კრემი.
 - დატკეპნილი ბისკვიტის კიდეებზე წრიულად მოაწყვეთ გაჭრილი მარწყვები და ჩაასხით შუაში ხაჭოს კრემი. შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
 - ამასობაში მოამზადეთ მარწყვის ჟელე. შეურიეთ 15 გ. ჟელატინი და 50 მლ წყალი. დადგით 10 წუთი.
 - განიერ ჭურჭელში ჩაასხით 100 მლ წყალი, შაქარი და მარწყვი. ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი და სისტემატიურად ურიეთ. ბოლოს გადმოდგით, შეაგრილეთ და დააბლენდერეთ. შეურიეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.
 - გააგრილეთ კარგად ოთახის ტემპერატურამდე, გაცხრილეთ წვრილ საწურზე. ამით მოაშორებთ მარწყვის წიპწებს და ჟელე უფრო ერთგვაროვანი ტექსტურის იქნება.
 - შეგრილებული მარწყვის ჟელე დაასხით თავზე არაჟნის კრემს და შედგით მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით. თავზე დესერტი შეგიძლიათ მორთოთ ნახევრად გაჭრილი მარწყვებით.კიდევ უფრო ლამაზი იქნება, თუ გაცივების მერე კიდევ ერთ თხელ ფენა გამჭვირვალე ჟელეს დაამატებთ.
 - მარწყვის ჩიზქეიქი მზად არის! მარწყვი შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ხილით ჩაანაცვლოთ.
 
გემრიელად მიირთვით და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ.
            

