როგორ ამზადებენ კლასიკურ გასპაჩოს ესპანელი დიასახლისები და ამატებენ თუ არა მარწყვს.

0
158

ესპანელებმა იციან, თუ რა არის სიცხე. მათ სიესტა ტყუილად არ გამოიგონეს. რით წავიხემსოთ, როცა ჩრდილში 30 გრადუს ტემპერატურას გავურბივართ? ცხადია, რაღაც მსუბუქი უნდა მივირთვათ. პაპარაცის რედაქცია კლასიკური გასპაჩოს მირთმევას გირჩევთ.

რას იტყვით, კერძის გამრავალფეროვნებაზე? მარწყვი ზაფხულში სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. დავუმატოთ გასპაჩოს? დიახ, კითხვა არ სჭირდება! მით უფრო, ასე კერძის გემო გაუმჯობესდება. არც ისე რთული კერძია, რომელიც ჩვეული მაწვნის წვნიანის შესანიშნავი ალტერნატივაა.

კლასიკური გასპაჩო

ინგრედიენტები:

  • 100 გრ პომიდორი
  • 100 გრ მარწყვი
  • 0,5 მწვანე ცხარე წიწაკა
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • ახალი რეჰანი
  • 0,5 ხახვი
  • ქინძი
  • 1 ს/კ წითელი ძმარი
  • 1 ჩ/კ მარილი + 1 ჩ/კ შაქარი
  • 25 გრ ზეითუნის ზეთი
  • 50 გრ ბოსტნეულის ბულიონი
  • 4 მოხარშული კრევეტი
  • ბალზამირებული სოუსი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, პომიდორს მდუღარე წყალი გადაავლეთ, ქერქი და მწვანე ყუნწები მოაშორეთ. მარწყვიც გარეცხეთ და მწვანე ნაწილი მოაშორეთ. სურვილის შემთხვევაში, შუაზე გაჭერით.
  2.  ინგრედიენტები შეაერთეთ. პომიდორი, მარწყვი, ცხარე და ტკბილი წიწაკები, ნიორი, რეჰანი, ხახვი და მწვანილები დააბლენდერეთ. მარილი და შაქარი მოაყარეთ, ბულიონი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. კარგი ხარისხის ზეთი შეარჩიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, მაგრამ არ დააქუცმაცოთ. ეცადეთ, რომ ცალკეული ნაჭრები მაინც დარჩეს.
  3. 1 კბილი ნიორი კრევეტებთან ერთად შეწვით. დიდხანს არ შეწვათ, კრევეტები უკვე მოხარშულია. ჩვენ მსუბუქი ნივრის არომატი ზღვის პროდუქტებთან ერთად გვჭირდება.
  4. მზა ცივი წვნიანი ლამაზ ჭურჭელში გადაიტანეთ. ზემოდან კრევეტები დააწყვეთ და მწვანილით მორთეთ. ცოტა ბალზამირებული სოუსი დაუმატეთ. ის კერძს გააფორმებს და საინტერესო ნოტებს შემატებს. სუფრაზე ცივი სახით გაიტანეთ.

ზოგიერთს ასეთ წვნიანთან ერთად ნაფიცხარი პური უყვარს. ასე ბევრად გემრიელია, არ ვდაობთ. კერძი უფრო მსუბუქი და დიეტური რომ იყოს, საერთოდ დანამატების გარეშე მოამზადეთ, მხოლოდ ბრინჯის ხრაშუნა პურთან ერთად. ის ნეიტრალურია და კუჭში სიმძიმეს არ გამოიწვევს.

თუ მაწვნის წვნიანში კეფირი არ მოგწონთ, ხოლო პომიდვრის კერძებს პატივს სცემთ, გასპაჩო იდეალური ვარიანტია. ჩვენს შემთხვევაში გემოების მთელი სპექტრია: წიწაკის სიცხარე, მარწყვის სიტკბო, მარილი, ნიორი, პომიდვრის სიმჟავე. ეს ყველაფერი ტრადიციულ ესპანურ სამზარეულოში ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ახლა ყოველი ზაფხული ამ მშვენიერ წვნიანს გაგახსენებთ.