ხანდახან ბევრი პროდუქტის ერთად ყიდვა გვიწევს ხოლმე და ჩნდება გაფუჭების საშიშროება. მითუმეტეს სიცხეში ყველაფერი მალე ფუჭდება, განსაკუთრებით რძე. მის შესანახად კარგი და საიმედო ვარიანტია საყინულე. გაყინული რძე არ კარგავს არც გემოვნურ და არც სასარგებლო თვისებებს. პაპარაცის რედაქცია რძის შენახვის კიდევ რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს შემოგთავაზებთ.
როგორ გამოვიყენოთ რძე
რძე სამზარეულოში – როდესაც რძე ძველდება, ის მჟავდება. შემჟავებული რძისგან გამოდის ფუმფულა და გემრიელი ოლადები. შეანჯღრიეთ აჭრილი რძე და გამოიყენეთ კეფირის მაგივრად. ხოლო, თუ აკეთებთ მდინარის თევზს, მომზადებამდე ჩადეთ რძეში, ამით გაანეიტრალებთ უსიამოვნო შლამის სუნს.მომზადებამდე თბილ რძეში დაალბეთ გამხმარი სოკო. ამ პროცედურის მერე ის ახალივით გახდება. ხოლო თვითონ დარჩენილი რძით მოამზადეთ მაწონი ან ხაჭო. ან დაამარინადეთ ხორცი.მაწვნით ან ნებისმიერი სხვა რძემჟავა პროდუქტით შეგიძლიათ გაწმინდოთ და გააპრიალოთ ვერცხლის ნივთები. უბრალოდ ჩააწყვეთ მასში ვერცხლეული ცოტა ხნით და შემდეგ გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით. ის ახალივით ილაპლაპებს.
სილამაზისთვის – რძე კარგად ატენიანებს კანს. გაიხსენეთ კლეოპატრა, რომელიც რძის აბაზანებს ღებულობდა ხოლმე. ჩვენს დროში რძე ძვირი სიამოვნებაა და ამით აბაზანის გავსება კარგი აზრი არ არის. თუ რძე აგიმჟავდებათ, მაშინ კიდევ შეიძლება არ დაინანოთ და შეურიოთ წყალს. ეფექტი არანაკლებ სასიამოვნო იქნება.თუ იყენებთ თმის ნიღბებს, მჟავე რძე ძალიან გამოგადგებათ. მაგალითად აურიეთ ერთმანეთში მდოგვის ფხვნილი, ცოტა შაქარი და შემჟავებული რძე. წაისვით თმის ძირებში და გაიჩერეთ 20 წუთიდან 1 საათამდე. თავის კანი ცოტა აგეწვებათ, მაგრამ პარალელურად მოხდება თმის ზრდის სტიმულაცია. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ.ცივი რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძვირადღირებული პაჩების მაგივრად. ჩაასხით რძე პატარა კონტეინერში, ან დაცლილ პაჩების ყუთში, ჩააწყვეთ შიგნით ბამბის დისკები და შედგით მაცივარში. დილაობით დაიდეთ თვალებზე 15 წუთით და საბოლოოდ გაიღვიძებთ და უფრო ჯანსაღად იქნებით.
სახლის დალაგების დროს – თუ ხელთ არ გაქვთ შუშების საწმენდი სითხე, შეგიძლიათ აბაზანის სარკე ამჟავებული რძით გააპრიალოთ. უბრალოდ დაასველეთ ტილო ამ სითხეში და გააპრიალეთ სარკე. რძე ძალიან კარგად უმკლავდება მელნის ლაქებს. ჩაალბეთ ლაქიანი ადგილი რძეში ან რომელიმე რძემჟავა პროდუქტში მინიმუმ ნახევარი საათით. შემდეგ გაავლეთ და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.რძით შეგიძლიათ გააპრიალოთ ლაკის ფეხსაცმელები. ამ შემთხვევაში კეფირი ან მაწონი არ გამოგადგებათ, რადგან ზოლებს დატოვებს.
კიდევ რა მეთოდები იცით რძის პროდუქტების არატრადიციული გზით გამოყენების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.