ყველა მებაღემ და მეაგარაკემ იცის, რომ იდეალური ნაკვეთის ლამაზი სურათის მიღმა დღეების და თვეების შრომატევადი შრომა იმალება. მხოლოდ სარეველა მცენარეებთან ბრძოლაში რამდენ დროს ვხარჯავთ! აღმოჩნდა, რომ მიწის თხრა და მათი ამოთხრა აუცილებელი არაა. პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, რომელი ყვავილები დაგეხმარებათ სარეველებთან ბრძოლაში. სარეველების გარდა შეიძლება „ნაგვის ყუთ“ მცენარეებს შეხვდეთ. ჩვეულებრივ, ისინი ცარიელ მიწაზე იზრდებიან. რატომ არის სახიფათო ასეთი მცენარეები? ისინი ნაკვეთზე მუშაობას ართულებენ, სასარგებლო მცენარეებს სასარგებლო მიკროელემენტებს ართმევენ, დაავადებები გადააქვთ. ესთეტიკურ მხარეზე არაფერს ვამბობთ. მოკლედ, სარეველებთან ბრძოლა იწყება!
რომელი ყვავილები დავრგოთ სარეველების წინააღმდეგ
ჰოსტა – უპრეტენზიო ჰოსტა თქვენი ბაღის ნებისმიერ კუთხეში სარეველებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. მისი დარგვა როგორც მზიან, ასევე ნახევრად დაჩრდილულ ან დაჩრდილულ ადგილას შეგიძლიათ. ყველაფერი მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჰოსტას დამსახურებით არა მხოლოდ მავნებლებთან ბრძოლას, არამედ ნაკვეთის დაყოფას შეძლებთ.
ასტილბა – თანამედროვე სელექციონერებს ასტილბას მეტი და მეტი სახეობა გამოყავთ. ის არა მხოლოდ ბაღს ამშვენებს, არამედ სარეველებს ებრძვის. ამ საქმეში ჩინური ასტილბა განსაკუთრებით კარგია. მას მკვრივი ფესვების სისტემა აქვს. სარეველებს შანსი არ რჩებათ!
დიცენტრა – სარეველებთან საბრძოლველად განსაკუთრებული დიცენტრა ან ლამაზი დიცენტრა აირჩიეთ. ის საკმაოდ დიდხანს ყვავილობს, სწრაფად იზრდება და კარგად ფესვიანდება. დიცენტრა შეგიძლიათ დაყოფით ან თესლით გაამრავლოთ.
ჩაგირი – ალთაიდან შემოსული ჩაგირი ბუნებრივ პირობებში მთელ მინდორს ქმნის. ამ მცენარის ფესვების სისტემა მკვრივ ქსელს ქმნის, რომელიც სარეველებს შანს არ უტოვებს. მისი ვარდისფერი და ღია იასამნისფერი ყვავილები ბაღს უფრო გაალამაზებს.
ჯუჯა მეკენძალა – ეს მცენარე ზომაში დიდი არ იზრდება. კარგი მოვლის პირობებში მხოლოდ 20-30 სმ სიმაღლეს აღწევს და ფესვებს კარგად იდგამს.
მცოცავი ბეგქონდარა – ლამაზი და სასარგებლო მცენარე ნაკვეთზე კარგად იზრდება. ფესვების სისტემა ქმნის ბალიშს, რომელშიც სარეველა ვერ შეაღწევს. უფრო მეტიც, თაფლოვანი მცენარეა, ამიტომ მასთან ფუტკრები ყოველთვის მოფრინდება.
ფლოქსი – სარეველებთან საბრძოლველად როგორც მრავალწლიანი, ასევე ერთწლიანი ფლოქსი გამოგადგებათ. ყვავილების საინტერესო ფორმა თქვენს ბაღს დაამშვენებს და მეზობლებს მისი სილამაზე აღაფრთოვანებთ!
ობრიეტა – წარმოუდგენლად ლამაზი მცენარე, რომელიც სარეველებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ყვავილობის შემდეგ, გაზაფხულის დასაწყისში აუცილებლად გადაჭერით. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე საკმაოდ დაუდევრად გამოიყურება.
კლდისდუმა – თუ ნაკვეთზე ამ მცენარის დარგვას გადაწყვეტთ, მისი ჯიში აუცილებლად შეისწავლეთ. ისინი განსხვავებული და ლამაზები არიან! მაგალითად, მშვენიერ კლდისდუმას მსხვილი, ვარდისფერი ყვავილი აქვს. ცრუ კლდისდუმა კი მას საერთოდ არ ჰგავს!
მცოცავი მაზუსი – ეს ახალი მცენარეა, რომელსაც ყურადღება ნამდვილად უნდა მიაქციოთ. ყვავილობისას უჩვეულო ფორმის საოცარი ყვავილებით ნამდვილ ხალიჩას ქმნის. ის ძალიან სწრაფად არ იზრდება, ამიტომ ზრდაში შეზღუდვა არ დაგჭირდებათ. მთავარია, მაზუსისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩიოთ.
რა თქმა უნდა, არსებობს ჰერბიციდები, რომლებიც შეგიძლიათ სარეველების წინააღმდეგ გამოიყენოთ. ასე არა მხოლოდ სარეველებს გაანადგურებთ, არამედ მიწას გააფუჭებთ. სჯობს სარეველებს ლამაზად, ყვავილებით ებრძოლოთ! გარდა ამისა, შეგიძლიათ გაზონი და სიდერატები დარგოთ.