ხაჭოს გალეტები სწრაფად და მარტივად, თუ არის 200 გრ. ხაჭო და ყოჩაღი დიასახლისი

0
95

საუკეთესო საუზმე ზაფხულში ეს არის ხაჭოს გალეტები ხილით. ცომში ფაქტიურად არ არის შაქარი. ხილი და კენკრა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, თქვენი სურვილით და გემოვნებით. რაც მთავარია, მზადდება ძალიან სწრაფად: ცომს და გალეტების ფორმირებას ჭირდება 10-15 წუთი. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ხაჭოს გალეტების მომზადების ინსტრუქციას საზაფხულო, არომატული შიგთავსით. ეს არის უნივერსალური ნამცხვარი, რომელიც გემრიელია ცხელიც და ცივიც, არომატს და სტრუქტურას ინარჩუნებს რამდენიმე დღე.

ხაჭოს გალეტი

ინგრედიენტები

  • 200-250 გრ. ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ. ფქვილი
  • 25 გრ. კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • 150 გრ. კენკრა ან ხილი
  • 2 ს/კ შაქარი

 მომზადების წესი:

  1. თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში აურიეთ ხაჭო, კვერცხი, კარაქი და ფქვილი. დაუმატეთ მწიკვი მარილი და ვანილი.
  2. კარგად მოზილეთ ცომი და დააგუნდავეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
  3. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით 6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და მიეცით კალათის ფორმა.
  4. მიღებულ ცომში ჩააწყვეთ ხილი და კენკრა. მე ჩავდე მოცხარი, მოცვი და ატმის ნაჭრები. თქვენ სხვადასხვა მიქსი შეგიძლიათ გააკეთოთ.
  5. ზემოდან მოაყარეთ ხილს შაქარი. აცხვეთ გალეტები 180 გრადუსზე 20-30 წუთი სრულ მზადყოფნამდე.
  6. სულ ეს არის, არომატული ხაჭოს გალეტები მზად არის. თუ სურვილი გექნებათ და მკაცრ დიეტაზე არ ხართ, თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან

ხაჭოს გალეტები უნივერსალური იმით არის, რომ მისი ცომი შეიძლება მომზადდეს ყველანაირი ხარისხის ფქვილით, შვრიის ფანტელით, ხოლო შიგთავსზე უკვე აღარაფერს ვამბობ, აქ არაფერში არ ხართ შეზღუდული, ჩართეთ ფანტაზია და არ დაიშუროთ ექსპერიმენტები.

ჩემი საყვარელი მიქსია მოცხარი და მოცვი, ან მარწყვი და ჟოლო. ეს ნამცხვარი ძალიან გემრიელია ვანილის ნაყინთან ერთად. ნამდვილად გასაოცარი ტკბილეული გამოდის. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.