როგორ მოვამზადოთ ჩურჩხელა ისე, რომ გამოვიდეს რბილი, არომატული, ამასთან ერთად იყოს ნატურალური და სასარგებლო? paparazzi.ge დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ განსხვავებულ ჩურჩხელის რეცეპტს. ჩურჩხელა ეს არის ქართული, ტრადიციული ნუგბარი, რომელიც კეთდება ნიგვზით ან თხილით და ამოვლებულია ბადაგის ფელამუშში. ამჯერად გავაკეთებთ ბროწეულის წვენით, რაც არანაკლებ საინტერესო არომატის გამოდის. შიგთავსი შეგიძლიათ გაუკეთოთ თხილის, კაკლის ან ნუშის.
როგორ მოვამზადოთ ჩურჩხელა
ჩურჩხელა ბევრი ადამიანის საყვარელი ნუგბარია. მისი მომზადება არ არის რთული და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, აუცილებლად გამოგივათ.
ინგრედიენტები:
- 1 ლ. ნატურალური წვენი
- 150 გრ. გქვილი
- 250 გრ. თხილი, ნუში ან ნიგოზი
- შაქარი და თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 300-400 მლ წვენი. (უმჯობესია ნატურალური და შაქრის გარეშე), ჩაყარეთ ფქვილი, აურიეთ კარგად, რომ ფქვილი გაიხსნას.როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი, დაუმატეთ დანარჩენი წვენი და შაქარი. კარგად აურიეთ.
- დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ. როდესაც ადუღდება, ხარშეთ კიდევ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ ოდნავ შეგრილებას. აუცილებლად დააფარეთ თავსახური, რათა არ გაიკეთოს თავზე ქერქი.
- ამ დროისთვის მომზადებული უნდა გქონდეთ ამოსავლები თხილეული: თავდაპირველად ოდნავ მოხალეთ და მოაცილეთ კანი. აიღეთ ნემსი და ბამბის თეთრი ძაფი. ორად გაკეცეთ, მოუკარით ბოლო და სათითაოდ ჩამოაცვით ნიგოზი ან თხილი ნემსით ძაფზე. ზედა ნაწილზე ძაფი გრძლად დაუტოვეთ, რომ ადვილად ამოავლოთ და მერე გასაშრობად დაკიდოთ.
- შეგრილებულ მასაში ჩაუმატეთ ცოტა თაფლი. ჩაუშვით აკინძული ნიგოზი და ამოავლეთ. ძალიან არ გაგიცივდეთ ფელამუში, რადგან გამყარდება და ვეღარ ამოავლებთ. ჩურჩხელა ორჯერ ჩაუშვით მასაში და დაკიდეთ გასაშრობად.ფელამუშის ფენა ჩურჩხელაზე უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი და სქელი, რადგან გაშრობის მერე ზომაში ძალიან იკლებს.
- ამის შემდეგ იწყება შრობის პროცესი. ამას შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე დღე – ჩურჩხელის სისქის და გარემო ტემპერატურის მიხედვით.
- მზა ჩურჩხელა შეინახეთ კონტეინერში ან ტილოში შეხვეული. ის მზად ითვლება მაშინ, როცა გამოუშვებს შაქარს და თეთრად დაიფიფქება. გემრიელად მიირთვით!
სულ ეს არის საჭირო ნამდვილი ჩურჩხელის მოსამზადებლად. ეს არის ყველასათვის საყვარელი და სასარგებლო დესერტი. ჩაანაცვლეთ სხვა მავნე ტკბილეული ჩურჩხელით და თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.
თქვენ გიყვართ ჩურჩხელა? მოგიმზადებიათ ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.