ოთახის მცენარეები ნებისმიერ ინტერიერს ახალისებენ, ალამაზებენ სახლს და სიმყუდროვის შეგრძნებას აჩენენ. წელიწადის ცივ დროს, როცა ფანჯრებიდან უღიმღამო და მოღუშული გარემო ჩანს, ისინი გვინარჩუნებენ სიმწვანის შეგრძნებას და კარგ განწყობას გვიქმნიან. პაპარაცის ამ სტატიაში შევკრიბეთ საუკეთესო მცენარეები სახლისთვის, რომელის ყოლაც აუცილებლად მოგინდებათ.
საუკეთესო მცენარეები სახლისთვის
- ბანანი – ეს ეგზოტიკური ლამაზმანი, უზარმაზარი გაშლილი ფოთლებით, პალმას მოგვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ტროპიკების ბინადარია, სახლში მისი მოვლა სულ არ არის რთული. ამ მცენარეს უყვარს თბილი, ტენიანი ჰაერი. პირდაპირ მზის სხივებს კი მოარიდეთ. თავის ქვეყანაში ის ჩრდილში იზრდება.
- მედინილა – მცენარე, რომელიც ბევრისთვის არ არის ცნობილი. მას აქვს დიდი, პრიალა ფოთლები და ნაზი ვარდისფერი ყვავილები, რომლებიც ქვემოთ არიან ჩამოკიდებული. ის ნებისმიერ ინტერიერს ელეგანტურ იერს მისცემს. მართალია, მისი მოვლა არ არის მარტივი, მაგრამ ღირს. ტროპიკების ეს ბინადარი აუცილებლად გაგახარებთ ყვავილებით, თუ შეძლებთ მისთვის კარგი პირობების შექმნას: კარგი განათება, ტენიანი ჰაერი, ორპირი ქარის მორიდება.
- მონსტერა – ნამდვილი სელებრითია ოთახის მცენარეებს შორის. ის ძალიან გაგილამაზებთ სახლს. თუ მოახერხებთ მონსტერას სწორად მოვლას, ის სწრაფად გაიზრდება, ამიტომ თავიდანვე განსაზღვრეთ მისთვის დიდი ადგილი. მონსტერას უყვარს რეგულარულად მორწყვა და ჭირდება კარგი განათება. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
- აგლაონემა – კიდევ ერთი სტუმარი ტროპიკებიდან, რომელსაც სწორი მოვლა ჭირდება ზრდისთვის. იმისთვის, რომ შეუქმნათ საჭირო ტენიანობა ჰაერში, მის გვერდით დადგით გაშლილი წყლიანი ჭურჭელი. ასევე შეგიძლიათ გაანებივროთ შხაპით და აბანაოთ ხოლმე. მთავარია – არ დადგათ გამათბობელთან და მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.
- დიფენბახია – ეს ხასხასა მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც შეიძლება ორ მეტრიანი ხე გახდეს. აქვს დიდი ფოთლები, რომლებიც კონტრასტული ფერებით არის შეფერილი. ნამდვილად იდეალურად გაალამაზებს ინტერიერს. მცენარე კარგად ადაპტირდება ოთახის პირობებში. მთავარია მოარიდოთ ორპირ ქარს და ტემპერატურის ცვალებადობას.
- ფიკუსი ლიტარა – ეს მცენარე ხშირად გვხვდება ინტერიერის ფოტოებზე. ის საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ადვილი მოსავლელია და საერთოდ არ არის პრეტენზიული. ფიკუს ლიტარას ჭირდება რეგულარული მორწყვა, აგრეთვე დაზიანებული ფოთლების დროულად მოშორება. მცენარეს უყვარს სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. ზრდის პარალელურად მას გადარგვა ჭირდება.
თქვენ რომელი ეგზოტიკური მცენარე გყავთ სახლში? რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს