კერძი, რომელიც მზადდება მარტივად და სწრაფად ბევრ სიტუაციაში გამოგვადგება. მაგალითად, როდესაც დილით სამსახურში გვეჩქარება, ან ძალიან დაღლილები ვართ და ქურასთან დგომის ძალა აღარ გვაქვს. პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ 15 წუთში რულეტი ლავაშისგან კვერცხით და თინუსით.
ლავაშის რულეტი კვერცხით
ამ კერძის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ ტრაპეზის შემდეგ ჭურჭლის რეცხვა არ მოგიწევთ. ამასთან, მისი მომზადება არ მოითხოვს დიდ დროს. რეცეპტი მარტივი და ბავშვიც შეძლებს მის მომზადებას.
ინგრედიენტები
- 1 ქილა თინუსის კონსერვი. (შეიძლება სხვა თევზიც)
- ქათმის კვერცხი
- 20 გრ. ჩვეულებრივი ან მწვანე ხახვი
- 1 დიდი ლავაში, ან 2 პატარა
- 50 გრ. მაიონეზი
მომზადების წესი
- მაგრად მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად.
- დაჭერით მწვანე ხახვი საშუალო სისქეზე, ან მრგვალი ხახვი ძალიან წვრილად.
- გახსენით თევზის კონსერვი და გადაუწურეთ წვენი. თუ მთელი ნაჭრებია, ჩანგლით დაანაწევრეთ.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს თან უმატეთ მაიონეზი. ის ბევრი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლავაშს დაასველებს და დაშლის.
- გაშალეთ ლავაში, დაადეთ ზედ მომზადებული მასა და გადაახვიეთ შაურმასავით.
- გაყავით რულეტი ორ ნაწილად. შეგიძლიათ შეწვათ უცხიმო ტაფაზე, რათა ლავაში ხრაშუნა იყოს.
კვერცხთან, თევზთან და ხახვთან ერთად შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტები გამოიყენოთ. მაგალითად, გახეხილი ყველი, ავოკადო, კიტრის მარინადი, ზეთისხილი, სალათის ფურცლები და სხვა მწვანილი.რულეტი გამოდის მსუყე და გემრიელი. ერთი ნახევარი საკმარისია შიმშილის მოსაკლავად. გემრიელად მიირთვით!