დღეს Paparazzi გთავაზობთ გემრიელ, წვნიან და არომატულ ღორის ხორცს ქართული რეცეპტით. ღუმელში მთელ ნაჭრებას გამოვაცხობთ და არ დავანაწევრებთ. ასე ხორცი არ გამოშრება, მისი დაჭრა პირდაპირ სუფრაზე შეგიძლიათ. ასე უფრო სადღესასწაულოდ გამოიყურება, ვიდრე ცალკეულ ულუფებად.კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ღუმელი და მომზადებული ხორცი. რეცეპტში რთული არაფერია. ხორცთან მისაყოლებელი გარნირი თავად შეარჩიეთ. ერთს გეტყვით: ქართულ სუფრაზე მთავარია კარგი კომპანია და თბილი, მეგობრული ურთიერთობა.
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ღორის ხორცი
- 100 გრ თეთრი ღვინო
- 1 ს/კ კურკუმა
- მარილი
- თავშავა
- 1,5 ჩ/კ ქინძი
- 4 კბილი ნიორი
- 4 დაფნის ფოთოლი
- ლიმონი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ღორის ხორცის ნაჭერი გარეცხეთ და შესაძლებლობის მიხედვით თხელი გარსი მოაშორეთ. სინამდვილეში ხელს არ შეგიშლით, მაგრამ კერძის გარეგნულ იერსახეს, განსაკუთრებით სადღესასწაულო მაგიდაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს. ხორცი დანით ღრმად ჩაჭერით. ასე ერთგვარ ჯიბეებს გააკეთებთ ნივრის ჩასადებად.
- ნივრის კბილები საშუალო სისქის ფირფიტებად დაჭერით. ახლა ქინძი დანაყეთ, მარილი, კურკუმა და თავშავა აურიეთ. დაჭრილ ნიორს ზეთი წაუსვით. ახლა ნივრის ფირფიტებს მარილის და სანელებლების ნარევი წაუსვით. ნივრები ხორცის ჯიბეებში ჩააწყვეთ.
- დარჩენილი ნარევის დიდი ნაწილი ღორის ზედაპირს ყველა მხრიდან წაუსვით. ახლა მოსახერხებელ ჭურჭელში თეთრი ღვინო ჩაასხით, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და ზემოდან ღორის ხორცის ნაჭერი დაადეთ. შესაფუთი პარკი დააფარეთ და ხორცი დასამარინადებლად მაცივარში შეინახეთ. იდეალურია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.
- დილით საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ზეთი წაუსვით. ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. ქაღალდზე ხორცი დადეთ და კიდევ ერთი ქაღალდის ფენა დაუმატეთ. ახლა 35 წუთით აცხვეთ, შემდეგ ქაღალდის ზედა ფენა მოაშორეთ და კიდევ 15 წუთით აცხვეთ. ასე კერძს დიდებული ხრაშუნა ქერქი ექნება, მთელი წვენი შიგნით დარჩება.
ახლა ღუმელიდან გამოიღეთ და 10 წუთით გააჩერეთ. მნიშვნელოვანია, რომ ხორცში არსებული ყველა სითხე თანაბრად გადანაწილდეს. სხვა სიტყვებით, ხორცს „დასვენება“ სჭირდება. გირჩევთ, რომ ხორცის ნაჭერი ჯერ ყოველგვარი დანამატის გარეშე დააგემოვნოთ. ორიგინალური გემო უნდა იგრძნოთ. ამის შემდეგ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საყვარელი ცხარე სოუსები დაუმატოთ.
გარეთ ზამთარი და სიცივეა, მაგრამ გირჩევთ ღორის ხორცთან ერთად ბევრი ბოსტნეული მიირთვათ. თუ ახალი ბოსტნეულის გემო და ტექსტურა არ გახარებთ, გრილზე ან ღუმელში მოამზადეთ. ბულგარული წიწაკა განსაკუთრებით უხდება. დანამატების გარეშეც დიდებული კერძია. გემრიელად მიირთვით!