ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა გვხვდება ხოლმე და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. არასწორი არჩევანი გავაკეთეთ, არასწორად ავირჩიეთ პროფესია, არასწორ ადამიანს დავუმეგობრდით. არადა უბრალოდ გვსურდა ვყოფილიყავით ბედნიერები. საინტერესოა, ღირს თუ არა შვილიან მამაკაცზე დაქორწინება? ხომ არ ჯობია უკეთეს ვარიანტს დაველოდოთ? პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი სწორედ ასეთი რთული არჩევანის წინაშე დადგა. ქორწინება ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში? საჭიროა კარგად აწონ-დაწონო ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტო.
შვილიან მამაკაცზე დაქორწინება
“ბავშვობაში სამაგალითო გოგო ვიყავი. ჩემი მშობლები ყველაფერს მიკონტროლებდნენ. სულ ვმეცადინეობდი, ვეხმარებოდი დედას სახლის საქმეებში. სახლში მოხუცი ბებია მყავდა, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და მოვლა დასჭირდა, გამოიცანით ვის დაევალა მისი მოვლა? რა თქმა უნდა მე, ნაცვლად იმისა, რომ დავმტკბარიყავი ახალგაზრდობის წლებით.მე თავადაც მინდოდა მეზრუნა ბებიაზე. ვუმზადებდი საჭმელს, ვულაგებდი ბინას, ვურეცხავდი სარეცხს. მას ძალიან აბედნიერებდა ჩემი ყურადღება და ეს გულს მითბობდა. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ჩემმა სურვილებმა უკანა პლანზე გადაიწია. აღარ მქონდა მეგობრებთან ურთიერთობის დრო, პაემნებზე საუბარიც აღარ იყო.
როდესაც ბებია გარდაიცვალა, ოცი წლის ვიყავი. მაშინ კი გავბედე ზოგ რამეზე მშობლებისთვის “არას” თქმა. თავიდან ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, სახლიდანაც წავედი რამდენიმე დღით.შემდეგ კი გავიცანი ერთი სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ჩემი პირველი სიყვარული გახდა. ვერ ვიტყვი, რომ სულიერად ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. მალე დავშორდით, ჩხუბისა და სკანდალების გარეშე. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, მეგობართან ერთად ვიქირავე ბინა და ცალკე გადავედი საცხოვრებლად.
ახალი ნაცნობობა – ორიოდე წლის შემდეგ იდეალური ადამიანი ვიპოვე. ჭკვიანი, განათლებული, კარგი სამსახურით. მასთან გადავედი საცხოვრებლად და ექვსი წელი ვიყავით ერთად, თუმცა ყოველდღიურმა რუტინამ თავისი ქნა, ჩვენი სურვილები და მიზნები ასცდა ერთმანეთისას და დავშორდით.შემდეგ გავიცანი კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა. ეს იყო მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება მავნე ჩვევების გარეშე. მუშაობდა სანტექნიკის ხელოსნად, მერე რა, ყველა ოფისში ვერ ვისხდებით, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის. პრობლემა ის იყო, რომ განქორწინებული იყო და ორ ბიჭუნას მარტო ზრდიდა. ძალიან საყვარლები არიან ერთად, უყვართ მამას და შვილებს ერთმანეთი, მაგრამ ორი შვილი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა…
ვაცნობიერებ, რომ ვერანაირად ვერ ვიქნები ამ მამაკაცისთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი, მაგრამ ძალიან მომწონს, თუმცა სერიოზულ ურთიერთობას ვერ ვბედავ.მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? აღარ ვარ პატარა გოგო და უკვე მყარი ოჯახი მინდა, ასევე მინდა მყავდეს ჩემი შვილები. რა ვქნა?”
რჩევა რედაქციისგან: ასეთ დროს მნიშვნელოვანია საკუთარ თავში განსაზღვროთ პრიორიტეტები. ხედავთ, რომ კარგი მამაკაცია, მარტო ზრდის შვილებს, მაგრამ შეეცადეთ მეტი გაიგოთ მისი წარსულის შესახებ. რატომ დაენგრა ოჯახი? გაარკვიეთ რა ინტერესები აქვს სამსახურის და ბავშვებზე ზრუნვის გარდა.შეიძლება ამ ეტაპზე არა, მაგრამ ეს მომავალში მნიშვნელოვანი იქნება ზრდასრული ადამიანების კომფორტული ცხოვრებისთვის. თქვენ რა ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.